ტელეფონით გაკეთებული საქმე - კვირის პალიტრა

ტელეფონით გაკეთებული საქმე

გიგა ლორთქიფანიძე ფილმის გადაღებებთან დაკავშირებული პრობლემის გადასაჭრელად, იმხანად "ქართული ფილმის" დირექტორთან, რეზო ჩხეიძესთან კინოსტუდიაში მივიდა. შევიდა კაბინეტში. ბატონი რეზო ტელეფონით  საუბრობს და ისე, რომ საუბარი არ შეუწყვეტია, გიგას +ანიშნა, დაჯექი და ახლავე მოგხედავო. გავიდა კარგა ხანი, როგორც იქნა, ჩხეიძე ლაპარაკს მორჩა და გიგა ლორთქიფანიძეს ეკითხება: აბა, რა ხდება, რა გაგჭირვებიაო. სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ ტელეფონის ზარი გაისმა, იღებს ყურმილს და აბამს საუბარს. როგორც იქნა, დაასრულა, მოუბრუნდა და... ისევ ტელეფონის ზარი, ისევ ხანგრძლივი საუბარი. ასე მეორდება დაუსრულებლად... უყურა ამ ყველაფერს, ბატონმა გიგამ, უყურა და მორიგი სატელეფონო ბაასისას შეუმჩნევლად კაბინეტიდან გავიდა. იქ მდივან გოგონას სთხოვა: რეზო ჩხეიძესთან დამაკავშირეო. მანაც, გაკვირვებულმა აკრიფა ნომერი და ყურმილი გადასცა. ბატონმა რეზომ უპასუხა. გიგა ლორთქიფანიძის ხმა რომ გაიგო, დიდად გაიხარა (ამდენი საუბრით გაბრუებულს აღარც ახსოვდა, ორი წუთის წინ იქვე რომ ეჯდა), მოიკითხეს ერთმანეთი, პრობლემებიც გადაწყვიტეს და კმაყოფილი დაემშვიდობნენ ერთმანეთს...

ლადო გოგუაძე