დუმბაძის იუმორი ყველა ენაზე "ითარგმნებოდა" - კვირის პალიტრა

დუმბაძის იუმორი ყველა ენაზე "ითარგმნებოდა"

ნოდარ დუმბაძეს უცხოელი კოლეგა ესტუმრა. სტუმარმა ჩათვალა, რომ ცნობილ და დაფასებულ მწერალს ინგლისური ენა აუცილებლად ეცოდინებოდა და  პირდაპირ ინგლისურად დაუწყო ლაპარაკი. დუმბაძემ იხტიბარი არ გაიტეხა და იქვე მდგომ მეგობარს, რომელმაც ინგლისური კარგად იცოდა, ასე მიმართა: "მაგას უთხარი, რომ სკოლაში გერმანულს მასწავლიდნენ." სტუმარს გადაუთარგმნეს დუმბაძის ნათქვამი. იმანაც, "ნოუ პრობლემო" - თქვა და ახლა გერმანულად გაუმეორა იგივე. ყველას გაეცინა, თან ნიშნის მოგებით გახედეს მწერალს, ფიქრობდნენ, ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდა კაცი, რომელმაც "მოსწრებული ენის" დიდოსტატი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენაო. "ზეიმი" ნაადრევი გამოდგა. ნოდარ დუმბაძე არც ამჯერად დაიბნა და მეგობარს მიუგო: "ახლა ისიც უთხარი მაგას, რომ სკოლაში კი მასწავლიდნენ გერმანულს, მაგრამ მე არ ვსწავლობდი". ამაზე უკვე სტუმარმაც ბევრი იცინა.