იდუმალებით მოცული გრანდიოზული "ნაქალაქოი"
იდუმალებით მოცული გრანდიოზული "ნაქალაქოი"
იქ სადაც იბერიელთა მეფე ფარნავაზმა მცხეთის დამპყრობელი აზონი დაამარცხა და საქართველოს გაერთიანებას დაუდო საფუძველი, არის ვარძიის შემდეგ სიდიდით მეორე კლდის ქალაქი, ქვაში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი. ნაქალაქოი - ასე უწოდებს ადგილობრივი მოსახლეობა ამ ადგილს, რომელიც ამჯერად თურქეთის ტერიტორიად წოდებულ ტაო-კლარჯეთში, საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

ექსპედიციის წევრებმა (ხელმძღვანელი პარმენ მარგველაშვილი, ნინო და გიორგი ბაგრატიონები, გია შერვაშიძე, მარიამ მარგველაშვილი, გიორგი ნოზაძე) ძეგლის აღმოჩენის შესახებ ახლახან აცნობეს გეოგრაფიულ საზოგადოებას. მათი ჩამოტანილი მრავალწერტილიანი
სფერულ-პანორამული ფოტოები და სქემატური გრაფიკული ანაზომები ცხადად და შთამბეჭდავად წარმოაჩენს უძველესი ძეგლის ისტორიულ ღირებულებას.
ექსპედიცია თურქეთის ტერიტორიაზე 13-17 მაისს მოეწყო. როგორც გიორგი ბაგრატიონმა განაცხადა, ჰქონდათ იმედი, რომ რაღაც ახალს, ისტორიკოსებისა და არქეოლოგებისთვის უმნიშვნელოვანეს მასალას იპოვიდნენ, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. 

პარმენ მარგველაშვილი: -. პროექტის  მიზანია საქართველოს
სამხრეთ საზღვრებს მიღმა არსებული 100-მდე ხუროთმოძღვრული ძეგლის სამგანზომილებიანი, მრავალწერტილიანი სფერულ-პანორამული ფოტოების გადაღება და მათ შესახებ საცნობარო-საილუსტრაციო მონაცემების ელექტრონულ ბაზაში განთავსება. ასევე უნდა შეიქმნას ისეთი ისტორიულ-გეოგრაფიული ინტერაქტიული რუკა, რომლის საშუალებითაც  წარმოჩნდება მონაცემთა ბაზაში შენახული ძველი და თანამედროვე ინფორმაცია. ასეთი ფორმატი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ სრული ინფორმაცია მიიღოს, არამედ ინტერაქტიულ რეჟიმში ათვალიეროს და იკვლიოს თითოეული ძეგლის მოცულობითი ვიზუალური სახეც და მაღალი ხარისხის ფოტოებით მდიდარი გალერეაც, სხვადასხვა მარშრუტით იმოგზაუროს ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტში და გაუჩნდეს კონკრეტულ ადგილას რეალურად ყოფნის განცდა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გასვლები თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, საინგილოსა და საქართველო-აზერბაიჯანის სადავო სასაზღვრო ტერიტორიაზე მდებარე სამონასტრო კომპლექს ბერთუბანშიც.

ნინო ბაგრატიონი: -  მე და ჩემი ძმა 1994-95 წლებშიც ექსპედიციაში გახლდით ტაო-კლარჯეთში, ერუშეთის ზეგანსა და ორთაკენტში (ადრე ამ ადგილს ნაქალაქოე ერქვა). გავიკითხეთ, ახლომახლო ხომ არ იყო ხუროთმოძღვრული ძეგლები. სამწუხაროდ, მაშინ დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ. შემდეგ იგივე ადგილები კიდევ მოინახულეს ისტორიკოსებმა, მათ შორის - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბუბა კუდავამაც. ადგილის ისტორიული სახელწოდების გამო ვეჭვობდით, რომ ახლომახლო რაღაც მნიშვნელოვანი იმალებოდა, თუმცა კლდეში ნაკვეთ ქალაქს, თანაც ასეთ მასშტაბურს, ნამდვილად არ ველოდით.  

ნაქალაქოიში გამგზავრებამდე "გუგლის" საძიებელ სისტემაში აღმოვაჩინეთ ჩვენთვის უცნობი კლდის სამონასტრო კომპლექსის რამდენიმე გამოქვაბულის ფოტო და თურქეთში წასვლამდე უკვე ვიცოდით, რა უნდა მოგვეძებნა.K კლდის ქალაქი ორთაკენტიდან საკმაოდ შორს არის და ძნელად მისასვლელია. სახნავ-სათეს მიწებზე გვიწევდა გავლა. როგორც იქნა, ერთი მწყემსი შემოგვხვდა. ფოტოები რომ ვაჩვენეთ, გვითხრა, მანდ ღამეს ვათევ ხოლმეო. როდესაც კომპლექსი ვნახეთ, გავოცდით. ასეთ მასშტაბს არ ველოდით. ეს არის შვიდსართულიანი, 150-200 მეტრზე გადაჭიმული კლდის ქალაქი თავისი ეკლესიებით, დარბაზებით, გვირაბებით, კედლებით, რომელთა წყობა კვლავაც შენარჩუნებულია. დღევანდელ საქართველოში არსებული კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსებიდან, ერთი შეხედვით, მასზე დიდი მხოლოდ ვარძიაა. სავარაუდოდ, ახალაღმოჩენილი ძეგლი ვარძიაზე ძველიც უნდა იყოს. პირველადი დათვალიერებით ძეგლი გარდამავალი ხანისას (VIII-X ს.ს.) ჰგავს.  

აქ ხშირად დადიან იქაური მწყემსები. რატომღაც ჰგონიათ, რომ ყველა ძეგლთან ოქრო უნდა იპოვონ, ამიტომ ორმოებს თხრიან. საერთაშორისო, სახელმწიფოთაშორის დონეზე  უნდა შედგეს შეთანხმება, რომ სპეციალისტებს იქ მუშაობის უფლება მიეცეთ.  ერთი ეკლესია და დარბაზი კი ავზომეთ სქემატურად, მაგრამ ნაუცბადევად, თანაც ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც გასაკეთებელია. საჭიროა სერიოზული კვლევა და დიდი ექსპედიცია.

P.S. ისტორიული წყაროების მიხედვით, აღმოჩენილი ძეგლის მახლობლად, დაახლოებით 10 კმ-ის მოშორებით სოფელ ორშეთში (ისტორიულ. ერუშეთში) ყოფილა პირველი ქართული ქრისტიანული ტაძარი. ბუბა კუდავას თქმით, ახლა იმ ტაძრიდან მხოლოდ საკურთხეველია შემორჩენილი, თითქმის ერთი საუკუნის წინ კი ექვთიმე თაყაიშვილს ტაძრის სქემაც კი ჩაუხაზავს.

ბუბა კუდავა: - ამ რეგიონში არქეოლოგიურად თითქმის არაფერია შესწავლილი (შავშეთის ციხეს თუ არ ჩავთვლით). ტაო-კლარჯეთი ამოუწურავი სამყაროა, ერთი უზარმაზარი წიგნია, კითხვას თუ შეჰყევი, ვერასოდეს დაასრულებ. ერთი უშველებელი ამბავია, მოყოლა თუ დაიწყე, ვერასოდეს  დაამთავრებ... თუმცა, დავიწყოთ მაინც... იქნებ დღემდე დამალული ნაქალაქოის კლდის ქალაქის გამოჩენა სწორედ დასაწყისის ნიშანი იყოს.
xatuna
24 იანვარი 2015 15:58
პარმენ მარგველაშვილს ვინც იცნობს,ყველას სწამს რომ ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა.
giga
01 მაისი 2013 16:23
ratqmaunda unda davitskot da visats ra shegvidzlia is unda gavaketod gmertma daglotsot
geronti
18 ივნისი 2012 11:51
კარგ საქმეს აკეთებთ, შეგეწიოთ უფალი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები