"ჰავ! ჰავ!" საპასუხოდ კიდევ უფრო ნაზი და კეკლუცი "მიაააუ" მიიღო. ეს კაკაფონია კარგა ხანს გაგრძელდა. მაყურებელი გადარეული ადევნებდა თვალს სცენაზე მომხდარ სასწაულს" - კვირის პალიტრა

"ჰავ! ჰავ!" საპასუხოდ კიდევ უფრო ნაზი და კეკლუცი "მიაააუ" მიიღო. ეს კაკაფონია კარგა ხანს გაგრძელდა. მაყურებელი გადარეული ადევნებდა თვალს სცენაზე მომხდარ სასწაულს"

თეატრალურ სცენაზე ტრიუმფისთვის დრამატურგისა და რეჟისორის გენიალურად მოფიქრებული ტექსტი და მიზანსცენა სულაც არ ყოფილა აუცილებელი. ყოველ შემთხვევაში, ეროსი მანჯგალაძე და მედეა ჩახავა ამას ყველას დახმარების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ნიჭის წყალობით ახერხებდნენ.

"პეპოში" ეროსი მანჯგალაძისა და მედეა ჩახავას წყვილი ბრწყინვალე იყო. სცენაზე იმპროვიზაციებს ბოლო არ უჩანდა, თუმცა, ერთი საღამო მაინც განსაკუთრებული იყო. მაყურებელმა თვალნათლივ დაინახა, როგორ შეიძლება სცენაზე ჩადენილი "ხულიგნობა" მსახიობთა უსაზღვრო ნიჭიერებამ ზეიმად აქციოს. ერთ-ერთ სცენაში ეროსის გმირი აღა არუთინა ცოლის - ფეფელას გულის მოგებას ცდილობს. არშიყობის სცენამ კულმინაციას მიაღწია, უცებ, ემოციებით აღსავსე მსახიობმა ძაღლივით ყეფა დაიწყო. თავისი დიდებული ბას-ბარიტონით (როგორც თავად ეძახდა) დააგუგუნა: "ჰავ! ჰავ!" მაყურბელმა, რომელმაც ზეპირად იცოდა პიესის ტექსტი, გაოცებისგან პირი დააღო. უკეთეს მდგომარეობაში არც მედეა ჩახავა ჩავარდნილა, თუმცა, მალევე აუღო ალღო პარტნიორის "ინიციატივას" და გაისმა გაბმული: "მიაააუ..." მისი გონებამახვილობით გულმოცემულმა ეროსიმ მომატებული რიხით შესძახა: "ჰავ! ჰავ!" საპასუხოდ კიდევ უფრო ნაზი და კეკლუცი "მიაააუ" მიიღო. ეს კაკაფონია კარგა ხანს გაგრძელდა. მაყურებელი გადარეული ადევნებდა თვალს სცენაზე მომხდარ სასწაულს.

"პეპოსთან" კიდევ ერთი დაუვიწყარი ამბავია დაკავშირებული. ეროსიმ რაღაც "შტუკა გაუკეთა" თეატრის ორკესტრის დირიჟორს, რომელთანაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა. ისიც დაემუქრა: კაცი არ ვიყო, სამაგიერო თუ არ გადაგიხადოო. ეს დღეც დადგა. "პეპოში" არის სცენა, რომელშიც აღა არუთინა ცეკვავს. გაისმა მუსიკა და ეროსიც აცეკვდა. უცნაური მხოლოდ ის იყო, რომ ორკესტრი საცეკვაო მელოდიას ჩვეულზე სამჯერ უფრო სწრაფად ასრულებდა. ეროსი, რომელიც იმ დროისთვის 60-ს იყო მიტანებული, არაფერს იმჩნევდა. ცეკვავს, ხვითქი გადასდის, მუსიკა კი უფრო "ხურდება". მსახიობი ყველაფერს მიხვდა, მაგრამ მეტი აღარ შეეძლო და ქანცგაწყვეტილმა ჩასძახა თავის გამამწარებელს: "გეყოფა, შე ოხერო, მეტი აღარ შემიძლია!" ვიღას ახსოვდა სპექტაკლი - მაყურებელი, ორკესტრანტები და სცენაზე მდგომი მსახიობები ერთად ხარხარებდნენ.

ლადო გოგუაძე