კომუნისტები სძულდა, "წითელ არმიას" ეხმარებოდა - კვირის პალიტრა

კომუნისტები სძულდა, "წითელ არმიას" ეხმარებოდა

დიდი რუსი კომპოზიტორი სერგეი რახმანინოვი რევოლუციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად არასოდეს უჭირდა, მაინც ძალიან სადად იცვამდა. როდესაც ამერიკაში პირველად ჩავიდა, ერთმა მუსიკის კრიტიკოსმა ჰკითხა კიდეც: "რატომ გაცვიათ ასე უბრალოდ?" რაზეც კომპოზიტორმა უპასუხა: "რა მნიშვნელობა აქვს, როგორ მეცმევა, აქ ხომ მაინც არავინ მიცნობს". გავიდა რამდენიმე წელი. რახმანინოვმა ამერიკაში უამრავი კონცერტი გამართა და თაყვანისმცემელიც მრავლად გაიჩინა. იმ კრიტიკოსმა ისევ მიაკითხა და იმავე კითხვით მიმართა: "ახლა ამერიკაში ყველა გიცნობთ, თქვენი მატერიალური მდგომარეობაც გაუმჯობესდა, ისევ ძველი სმოკინგით რატომ დადიხართ?" რახმანინოვმა ამჯერადაც "ლოგიკური" პასუხი გასცა აბეზარს: "რა მნიშვნელობა აქვს, როგორ მეცმევა, აქ ხომ მაინც უკვე ყველა მიცნობს".

სერგეი რახმანინოვს კომუნისტები მთელი სიცოცხლე სძულდა. ერთხელ "კარნეგი ჰოლში" კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიტყო, რომ დარბაზში საბჭოთა კავშირის ელჩი იჯდა. რახმანინოვმა პროტესტის ნიშნად სცენაზე გასვლაზე უარი განაცხადა. მუსიკოსი რომ ვერაფრით დაითანხმეს, კონცერტის ორგანიზატორები იძულებული გახდნენ, ელჩისთვის ეთქვათ, რაც ხდებოდა... შეურაცხყოფილმა დიპლომატმა დარბაზი დატოვა. მხოლოდ ამის შემდეგ მივიდა რახმანინოვი როიალთან.

კომუნისტებისადმი ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, სამშობლოს სიყვარული არასოდეს განელებია. მეორე მსოფლიო ომის დროს, ფაშისტებთან მებრძოლი წითელი არმიის დასახმარებლად ამერიკაში საქველმოქმედო კონცერტებს მართავდა...

ლადო გოგუაძე