არაგვდალეულები - კვირის პალიტრა

არაგვდალეულები

- თითქოს მაშინ სხვანაირი მეგობრობა იყო, - თქვა ოჩო (ნოდარ) ცერცვაძემ და მაგიდაზე გაშლილ ფოტოებს დახედა.

კარგა ხანია, სამსახური აღარ აქვს, ამდენად წარსულზე ფიქრის დრო ნამდვილად მიეცა. ორი წიგნი მოგონებებისა უკვე დაბეჭდა, ახლა მესამეს ამზადებს გურამ ასათიანზე. მოგონებების შეკრება და დაბეჭდვა კი საშური საქმეა, რამდენი რამ არის, დასაკარგად რომ არ გემეტება... ფოტოები ინახავენ სახეებს, დღეებს, მაგრამ ყველაფერს - ვერა...

მიმოფანტულ სურათებს მეც დავაკვირდი. ერთი განსაკუთრებით მომხვდა თვალში: წინ თემიკო ჩირგაძეა წამოწოლილი, სხედან ჯუნა მიქატაძე, ნანი ბრეგვაძე და გოგი ოჩიაური, უკან კი დგანან ნოდარ დუმბაძე თავისი მეუღლით, გაიოზ შარაშიძე, ნანა და ოჩო ცერცვაძეები შვილიშვილით...

"1978 წლის 12 აგვისტოა, - მიამბობს მასპინძელი, - შუაფხოში მივდივართ. გოგი ოჩიაური ჩვენი მასპინძელია. ყველას გვიყვარს მასთან ერთად მთაში ასვლა, დეიდა ნათელასთან დარჩენა, მისი მონაყოლის მოსმენა... იმ წელს ისე წავედით შუაფხოსკენ, რომ ვიდრე ჩარგალში არ ავედით და ხალხი არ დავინახეთ ვაჟას კარმიდამოსთან, არ გაგვახსენდა, რომ ვაჟაობა იყო. გადავედით მანქანიდან და ვხედავთ - ყველა აქ არის: ნოდარ დუმბაძე მეუღლით, გაიოზ შარაშიძე, თემიკო ჩირგაძე, ჯუნა მიქატაძე... და რაც მთავარია, - გურამ ასათიანი, რომელიც ფოტოზე არ არის... 12 აგვისტო ხომ მისი დაბადების დღეა! რაკი მეგობრები ერთად მოვხვდით ჩარგალში, თანაც უახლოესი მეგობრის დაბადების დღეზე, ცხადია, პურმარილის გარეშე არ დავიშლებოდით. გურამ ასათიანმა - ღვინო უნდა გავაჩინოო... მთაში ღვინო არავის აქვს, საიდან უნდა მოეტანა? იქვე სატვირთო მანქანები იყო ჩამომდგარი და პროდუქტებს ყიდდნენ, ძირითადად ძეხვეულს, სახელდახელოდ ბუტერბროდების გასაკეთებლად... ამ ძეხვებსაც ვიყიდი და სუფრა გაიშლებაო, - იუბილარმა. ვიდრე ის ღვინის საშოვნელად დარბოდა, უცებ ჩარგალში "ნივა" ამოვიდა. მაშინ ჩვენ ყველამ პირველად ვნახეთ "ნივა". საჭესთან ჩვენი მეგობრის, ციალა ჩინჩალაძის ძმა - ნუგზარი ზის. უკან ერთი თანამშრომელი და ერთი ჩეხი სტუმარი მოკალათებულან  და ხევსურეთში მიდიან ექსკურსიაზე. რომ გაიგო, გურამის დაბადების დღის აღნიშვნას ვაპირებდით, მანქანის საბარგული გააღო და - სულო და გულო რა არ ჰქონდა! წიწილები და შაშხი, ძეხვეული და ღვინო... თურმე ყველაფერი მომარაგებული აქვს, სტუმარს რომ გაუმასპინძლდეს. გაიშალა სუფრა. იმ დღეს კარგად მივილხინეთ. შებინდდა კიდეც. გოგი ოჩიაურმა უთხრა სტუმრებს: ეს ღამე ჩემს სახლში უნდა გაატაროთო და ყველა თავისთან წაიყვანა.

ვიდრე მის სახლთან მივიდოდით, არაგვზე უნდა გადავსულიყავით, ხიდი კი წაღებული იყო. მანქანები გავაჩერეთ, რაც რამ გვქონდა, ავიკიდეთ და ასე გადავდივართ არაგვზე... უცებ ნუგზარმა, რომელიც გვარიანი ნასვამი იყო - არაგვს როგორ ვერ გადავალო და "ნივა" წყალში შეაგდო. ატყდა ყვირილი: არ ქნა, ჩქარი მდინარეა, წაგიღებსო! ვის მოუსმინა... ვხედავდით, როგორ ეჯახებოდა ტალღა მის მანქანას, როგორ ირწეოდა აქეთ-იქით, შეძრწუნებულები თვალებს ვხუჭავდით, გვეგონა, ესაა და გადაბრუნდებოდა მანქანა. სასწაულით გავიდა მეორე ნაპირზე... გოგი ოჩიაურმა - ჩავალ თუ არა თბილისში, ჩემს მანქანას გავყიდი და "ნივას" ვიყიდი, ეს ყოფილა მანქანა თუ ყოფილაო... დილით რომ გავიღვიძეთ და ნუგზარმაც გარეთ გამოიხედა: ამ არაგვში რამ გამიყვანა მანქანითო, გული გაუსკდა... უკან ვეღარ გადიოდა. ისევ შევედით არაგვში და "ნივა" ვაი-ვაგლახით გავაყვანინეთ უკან..."

მართალია, ფოტო არაგვში "ნივის" გაყვანამდეა გადაღებული, მაგრამ სამართლიანად ამ ამბის "გმირი" "ნივაც" არის კადრში მოყოლილი. მეგობრებს ისეთი მოღიმარი სახეები აქვთ, თითქოს ამ ამბავზე ეცინებათ. მეგობრობაც სხვანაირი აქვთ - თერგდალეულობისა არ იყოს - არაგვდალეული. სწორედ ეს ერთობა მთასა და ბარში, ჭალა-ჭალა გატარებული საოცარი დღეები ადუღაბებდათ და აერთიანებდათ... ეს მეგობრობა დღემდე გრძელდება... მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი ცოცხალი აღარ არის...