ჩვენი სათაყვანებელი ვარძია სომხებმა "ვარძუნიკად" გამოაცხადეს - კვირის პალიტრა

ჩვენი სათაყვანებელი ვარძია სომხებმა "ვარძუნიკად" გამოაცხადეს

საქართველოს ისტორიაზე, ქართულ დამწერლობასა და ისტორიულ ძეგლებზე რომ დიდი ხანია თვალი რჩება სომეხ ვაიმეცნიერთა ნაწილს, ძველი ამბავია, მაგრამ ანტიქართული განწყობით გამორჩეული "მეცნიერთა" ერთი ჯგუფი იმდენად გავიდა თავს, რომ ჩვენი სიამაყე ვარძია სომხურ არქიტექტურულ ძეგლად გამოაცხადა და "ვარძუნიკად" მონათლა. უფრო მეტიც, სომხეთში დაბეჭდილი 14-ტომიანი "სომხური არქიტექტურული ძეგლების" რამდენიმე ტომში თბილისში, კახეთში, ჰერეთში, აჭარასა და ჯავახეთში არსებული უძველესი ქართული ძეგლები სომხურ ტაძრებად არის გამოცხადებული. რით პასუხობს სომეხ მეცნიერთა შემოტევას ქართული მხარე? - ამ საკითხზე ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ვესაუბრეთ:

- სომხეთში გამოცემული ეს მრავალტომეული უცხოეთში არსებულ სომხურ ძეგლებს ეძღვნება და საკმაოდ მაღალი პოლიგრაფიული დონის გამოცემაა. გამოცემის ავტორი სამველ კარაპეტიანი ანტიქართული განწყობითა და არაპროფესიონალიზმით არის ცნობილი. ხელთ ჩამივარდა ამ გამოცემის  IX ტომი, რომლის სახელწოდებაცაა "ჯავახქი" და არა ჯავახეთი. წიგნის სახელწოდებაშივე ნათქვამია, რომ ჯავახეთი სომხეთის ტერიტორია იყო. ეს წიგნი ვარშავის უნივერსიტეტის ქართველმა სტუდენტმა გადმომცა და მითხრა, სომხური დიასპორა ამ წიგნებს ვარშავის უნივერსიტეტში არიგებსო. სომხური თემი ცდილობს ინგლისურენოვანი გამოცემები ევროპაში გაიტანოს. სამწუხაროდ, ასეთი მოცულობითი და მაღალი პოლიგრაფიული დონის ნაშრომი ჯავახეთზე ჩვენ ქართულ ენაზეც არ გამოგვიცია.

უპირველესად ხელისუფლების ბრალია, რომ ვერ მოხერხდა საერთაშორისო დონეზე ჩვენი ძეგლების გატანა. ეს ეხება ტაო-კლარჯეთსა და სომხეთში არსებულ ქართული ძეგლებსაც. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ტომეული "საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა", რომლის მხოლოდ ორი ტომი (სადაც შევიდა შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი და კახეთის ძეგლები) გამოიცა, შემდეგ კი დაუფინანსებლობის გამო შეწყდა.

- წიგნის წინასიტყვაობაში სომეხ ავტორებს მოხმობილი აქვთ ძვ. წ.-ით დათარიღებული წყაროები. ძირითადად, ისტორიულ წყაროებში შემონახული სომეხ მმართველთა განცხადებები, რაც ვითომ ადასტურებს, რომ ჯავახეთი სომხეთის ტერიტორია იყო და საქართველომ მისი ანექსია მოახდინა.

- იმას, რაც ამ წიგნში წერია, ისტორიასთან კავშირი არა აქვს. ეს სომხური პოლიტიკაა. ჯავახეთი არასოდეს ყოფილა სომხეთის განუყოფელი ნაწილი. ურარტუს მეფე არგიშტ  I-ის მიერ ჩრდილოეთის დაპყრობისას, 785 წელს გაკეთებულ წარწერაში იხსენიება "ზაბახა", რომელიც, ქართველი მეცნიერების აზრით, უნდა იყოს "ჯავახეთის" შეცვლილი ფორმა. ქართული წყაროების მიხედვით, ეს სივრცე ყოველთვის იყო ქართული და იქ ქართველები სახლობდნენ. როდესაც ძვ. წ. IV საუკუნის მიწურულს ფარნავაზმა საქართველო საერისთავოებად დაყო, შექმნა წუნდის საერისთავო, რომელიც ჯავახეთს მოიცავდა, მაგრამ ამ სომხურ გამოცემაში შეტანილი წუნდის ეკლესია გამოცხადებულია სომხურ არქიტექტურულ ძეგლად, რომელიც ქართველებმა მიიტაცეს. ძვ. წ. I  საუკუნეში სომხეთი გაძლიერდა და შეიქმნა დიდი სომხეთის სამეფო, რასაც მოჰყვა ანექსია სამხრეთ საქართველოში. ჯავახეთისა და ქართლის ნაწილი სომხეთის შემადგენლობაში შევიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ტერიტორია სომხეთად გამოაცხადო. საქართველომ ახ. წ. I საუკუნეში ეს ტერიტორია დაიბრუნა და საქართველოს მეფე ფარსმან I-მა თავის წარმომადგენელი დასვა სომხეთში. ამ დროს ისევ არსებობდა სომხეთის სამეფო, მაგრამ მას ქართველი უფლისწული მართავდა. ახ. წ. II საუკუნეში სამხრეთ საქართველოზე კლარჯეთის ჩათვლით კონტროლი დაამყარა ფარსმან ქველმა, რომელმაც ზღვაზე გასასვლელი მოუპოვა ქართლის სამეფოს. ამიტომ ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, ამ დროს ჯავახეთი იყო თუ არა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში.

XII-XIII საუკუნის პირველ ნახევარში სომხეთის 60%-ზე მეტი საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ ვინმეს მოუვა ფიქრად, ამდროინდელი სომხური ძეგლები ქართულად გამოაცხადოს? დავითისა და თამარის პერიოდში ჯავახეთი იყო სამეფო დომენი. ჯავახეთში უამრავ ქვაზეა ამოტვიფრული ხელი (ხელი იყო სიმბოლო მამულებრივი ფლობისა), რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ადგილები სამეფო მამულები იყო. მათზე ქართული წარწერებია.

ქართულ წარწერებზე  წიგნის სომეხ ავტორებს ორგვარი ახსნა აქვთ: ეს ტერიტორია დაიპყრეს ქართველებმა და კიდევ, აქ ცხოვრობდნენ ქალკედონიტი (მართლმადიდებელი) სომხები, რომლებიც ქართულ ენაზე წერდნენო. სამველ კარაპეტიანს ქართველები აგრესორებად გამოჰყავს. ამ წიგნებში შესული "სომხური" არქიტექტურული ძეგლების 90% სინამდვილეში ქართული ძეგლებია, ქართული წარწერებითურთ, მაგრამ სომხებს ამაზეც აქვთ პასუხი. ერთ-ერთი ქართული წარწერის შესახებ ვკითხულობთ, ამ კედელზე არის წარწერა მესროპ მაშტოცის მიერ შექმნილ ანბანზეო. გამოდის, ქართველებს არც ანბანი შეგვიქმნია და არც ძეგლები აგვიშენებია.

ამ წიგნის მიხედვით, სომხურად არის გამოცხადებული თმოგვის ეკლესიაც (და სომეხად - სარგის თმოგველი) და კუმურდოს ტაძარიც, რომელზეც არაერთი ქართული წარწერაა, მეტიც, გამოსახულია გურანდუხტ დედოფალი, ბაგრატ III-ის დედა; სომხურად არის გამოცხადებული განძაკი და ამის დამადასტურებლად მოჰყავთ არგუმენტი, ტაძრის ირგვლივ სომხები ცხოვრობენო. თუმცა, გვერდს ვერ უვლიან იმ წარწერას, რომელიც ქართულ ენაზეა: "ქრისტე ღმერთო, ადიდე ორთავე შინა ცხოვრებასა მეჭურჭლეთუხუცესი შალვა, ძითა, ძმითა მათითა. ცოცხალთა ვაშენეთ წმინდა ესე საყდარი".

ბარალეთის ტაძარი შესანიშნავი ხუროთმოძღვრული ძეგლია შესანიშნავი ქართული წარწერებით. ტაძარი ლაშა გიორგის გამეფებასთან დაკავშირებით აიგო, მაგრამ XIX საუკუნეში აქ სომხები დასახლდნენ და ამიტომაც გაჩნდა სომხური საფლავის ქვები. ამის საფუძველზე დაობენ დღეს სომეხი ისტორიკოსები და გაიძახიან, დღესაც აქ ძირითადი მოსახლეობა სომეხიაო.

არსებობს ისტორიული ცნობები და მიმოწერაც მეფისნაცვალ პასკევიჩსა და პეტერბურგს შორის, რომ სომხები მეფის რუსეთის დროს ჩამოასახლეს ჯავახეთში. პასკევიჩი წერდა: "ჩამოსახლებულთა რაოდენობა ისე დიდი ჩანს, რომ იძულებული ვარ, დასასახლებლად გამოვყო ის ადგილები, რომლებიც განკუთვნილი იყო მალოროსიის სამხედრო კაზაკებისათვის, შემოსული სომხები და ბერძნები საქართველოსა და მის გარშემო პროვინციებშიც კი აღარ ეტევიან". მართლაც, საქართველოში ჩამოსახლებულ სომეხთა რაოდენობამ XIX საუკუნის 30-იან წლებში 14044 ოჯახი შეადგინა. ესენი იყვნენ არზრუმიდან გამოსული სომეხი ლტოლვილები, რომლებმაც აქ გადმოსახლების მოტივად არზრუმისა და ჯავახეთის ჰავის მსგავსება დაასახელეს. არზრუმელ სომეხთა 2000 ოჯახი ახალციხეში ან მის შემოგარენში დაეფუძნა. სხვები, ძირითადად, ჯავახეთში დამკვიდრდნენ. ასე რომ, 1830 წლისთვის ახალშექმნილ ახალციხის ოლქში მცხოვრები 38730 სულისგან სომხები უკვე 25545 იყვნენ. ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ. 1828 წლამდე ჯავახეთში ქართველი მოსახლეობა თუ 90%-ს აღემატებოდა, 1830 წელს რუს მოხელეთა წყალობით უმრავლესობად სომხები იქცნენ.

- ჯავახეთში სომხების ჩასახლებამდე იქ ქართველი მოსახლეობა შემცირდა.

- XVI საუკუნის მიწურულს, როდესაც ახალციხის საფაშო დაარსდა, ჯავახეთიდან ქართველების მიგრაცია დაიწყო. ქართველები ვეღარ ურიგდებოდნენ ოსმალთა ბატონობას, საცხოვრებლიდან იყრებოდნენ. მაშინ ამA ტერიტორიაზე უამრავი ნასოფლარი გაჩნდა. ამიტომაც გადაწყდა იქ XIX საუკუნის დასაწყისში სომხების ჩასახლება. ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ XVI საუკუნეში ჯავახეთში ქართველი მოსახლეობა და ქართული სოფლები იყო. ასეთი ისტორიული წყაროა "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი" (XVI ს.), რომლის მიხედვით ჯავახეთში 450 ქართული სოფელია.

ევროპელ მეცნიერებს ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით უნდა გავაგებინოთ, რომ ეს ტერიტორია მუდამ ქართული იყო, ამ ტერიტორიაზე მცხოვრებნი აზროვნებდნენ, წერდნენ და ლოცულობდნენ ქართულად, ქმნიდნენ ქართულ კულტურას და როგორ შეიძლება მათზე თქმა, რომ ქართველები არ არიან.

- სომეხი მეცნიერების ამ ჯგუფის პროპაგანდის მიზანი რა არის?

- უნდათ, ჯავახეთში მცხოვრებ სომხებს გაუჩინონ პრეტენზია, რომ ამ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ცხოვრობენ, რომ ეს მათი მიწაა.

ამ წიგნს ქართულმა სახელმწიფომ უნდა გასცეს პასუხი ჯავახეთზე ასეთივე მაღალი პოლიგრაფიული დონის, მეცნიერული არგუმენტებით გაჯერებული წიგნის გამოცემით, სადაც ნაჩვენები იქნება, სად იყო ქართული სოფლები და რა ქართული ტოპონიმები იყო.

ვახანის (ანუ ვანის ქვაბების) მონასტერი სომხურ გამოცემაში მოხსენიებულია ვახანავანკად. ეს უნიკალური ძეგლი ვარძიასავით კლდეშია ნაკვეთი და თავზე ქათქათა თეთრი ტაძარი ადგას. ეს არის ადგილი, სადაც შემორჩენილია XIV საუკუნის წარწერა, რომელშიც "ვეფხისტყაოსნის" რითმებია. ტაძრის კედელზეK ამოკაწრულია წარწერა: "ციხესა ვზი ეზომ მაღალსა", რაც ძალიან ჰგავს ნესტან-დარეჯანის წერილს; ასევე არის წარწერა: "ლომი განაღამც მიყვარხარ, შენებრ ვერავინ სადარად, წყალად ევფრატად გიტყვიან, გულად როსტომის სადარად". ეს არის ქალის სამიჯნურო წერილი. როგორც ჩანს, ერთ-ერთი შემოსევის დროს ამ ტაძარში მოსახლეობამ, ძირითადად, ქალებმა შეაფარეს თავი და "ვეფხისტყაოსნის" სტროფების მოხმობით წერდნენ თავიანთ მეუღლეებზე, რომლებიც საბრძოლველად იყვნენ.

აღმაშფოთებელია, რომ, ამ გამოცემის თანახმად, ვარძიაც სომხურ ძეგლად არის გამოცხადებული. თურმე ვარძია ვარძუნიკი ყოფილა და მართლმადიდებელ სომხებს აუშენებიათ.

არის ასეთი წიგნი "რუსეთის ისტორია - სომხური კვალი", რომელიც ბრიტანეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ვნახე. ამ წიგნში ყველა ქართველი ბაგრატიონი მეფე, მათ შორის - დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე, გამოყვანილი არიან სომხებად. ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწიც, რომელიც ბულგარეთში, პეტრიწონის მონასტერში მოღვაწეობდა, სომეხი ყოფილა. სომხად არის გამოცხადებული პეტრიწონის მონასტრის ამშენებელი გრიგოლ ბაკურიანის ძე, რადგანაც ის ტაოდან იყო. სომხებს კი ტაო სომხეთის ტერიტორიად მიაჩნიათ, მაგრამ ამ "მეცნიერებმა" ვერ გაითვალისწინეს, რომ იოანე პეტრიწის ნაშრომები ქართულადაა შემორჩენილი და ჩიხიდან გამოსვლა უცნაური არგუმენტით სცადეს, - სომხური ნაწერები დაიკარგა და სომხურიდან რაც ქართველებმა თარგმნეს, ის შემორჩაო.

აუცილებლად უნდა გამოიცეს ქართველი მეცნიერების ნაშრომები ინგლისურ ენაზე და დარიგდეს ყველა ქვეყნის ბიბლიოთეკაში. მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ჯავახეთი, რომელიც სომხეთის ტერიტორიად არის გამოცხადებული, არის საქართველოს მიწა. ის ოდითგანვე საქართველოს შემადგენელი ნაწილი იყო.

"ეგრე მტრისა არ მეშინის, რადგან ცხადად მაწყინარობს;

მოყვარესა-მტერსა ვუფრთხი, მემოყვრება მოცინარობს..."

რუსთაველი

სომეხ მეცნიერთა ერთმა ნაწილმა ვარძია "ვარძუნიკად" მონათლა