გარინჩა და "ჟუანები" - კვირის პალიტრა

გარინჩა და "ჟუანები"

მისი ნამდვილი სახელია მანუელ ფრანცისკო დოს სანტოსი, თუმცა, მთელი მსოფლიო ბრაზილიური ფეხბურთის გენიოსს გარინჩას სახელით იცნობს. მეტსახელი მშობლიურ პიუ-გრანდეში შეარქვეს - არაჩვეულებრივად ბაძავდა იმ მხარეში გავრცელებული პატარა ჩიტის, გარინჩას, ჭიკჭიკს. ბავშვობაში გადატანილი ავადმყოფობის გამო ფეხები გაღუნული და არათანაბარი სიგრძისა ჰქონდა, მაგრამ ფიზიკურ ნაკლს თავის სასარგებლოდ იყენებდა და საოცარი ფინტებით თავბრუს ახვევდა მცველებს. როდესაც "ბოტოფაგოში" მიიყვანეს, მისი გამოცდა ბრაზილიის ნაკრების მცველს, სახელოვან Hნილტონ სანტოსს მიანდვეს. გარინჩამ მას ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი. სანტოსმა წონასწორობა დაკარგა და დაეცა. გარინჩამ არც იცოდა, ვინ გააპამპულა.

როდესაც უთხრეს, რომ ამისათვის შეიძლებოდა გუნდიდან დაეთხოვათ, დანანებით ჩაილაპარაკა: რა ვიცი, პიუ-გრანდეში ერთი ბიჭი იყო, ჟუანს ვეძახდით, იმას სულ ვატყუებდი და არასოდეს გაბრაზებულაო. გარინჩას ბედად, ნილტონს "თავხედის" გუნდიდან მოშორება არ მოუთხოვია, პირიქით, დაუყოვნებლივ ჩაარიცხვინა, გარინჩას მოტყუებულ მცველებს კი იმ დღიდან "ჟუანებად" მოიხსენიებდნენ. გარინჩას ფინტები მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა, მცველებსაც წინასწარ ჰქონდათ ისინი შესწავლილი, მაგრამ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგებოდა, მაინც სახელგანთქმული ნილტონის ბედს იზიარებდნენ. ერთხელ "ფლამინგოსთან" შეხვედრისას გარინჩამ მოწინააღმდეგის მთელი დაცვა მოატყუა, კართან მისული კი შემობრუნდა და მეორე წრეზე წავიდა. ასე გამეორდა 4-ჯერ(!). ბოლოს მეკარეს ბურთი ფეხებს შორის გაუტარა. აღმოჩნდა, რომ ელოდა, სანამ მეკარე "გაიხსნებოდა." ფეხბურთში გარინჩას დამკვიდრებულია ერთი კეთილშობილური, დაუწერელი წესიც - "ფლუმინენსესთან" მატჩში მისმა მოტყუებულმა მცველმა პინეირომ ძარღვი ძალზე მტკივნეულად გაიჭიმა. საჯარიმოში შესულმა გარინჩამ ეს შენიშნა, შეტევა შეაჩერა და ბურთი გვერდითა ხაზისკენ გაგზავნა, რათა ექიმებისთვის მინდორზე შესვლის საშუალება მიეცა.

ლადო გოგუაძე