მათ სხვადასხვა "ცეცხლი" სწვავდა - კვირის პალიტრა

მათ სხვადასხვა "ცეცხლი" სწვავდა

ჰამლეტ გონაშვილი თითქმის ყველა კონცერტზე აგვიანებდა, რამდენიმე წუთით მაინც. ამის მიზეზი შემოქმედის ბუნება გახლდათ. სცენაზე გამოსვლას უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, სიმღერისათვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. ამბობდნენ, ჰამლეტი ხმის ამოღებამდე ბევრად ადრე იწყებს სიმღერასო. ამას თან ერთვოდა კახელი კაცისთვის დამახასიათებელი სიდინჯე. ეს ყველაფერი კარგად ესმოდა "რუსთავის" ხელმძღვანელ ანზორ ერქომაიშვილს და სხვების მიმართ მკაცრი და მომთხოვნი, ჰამლეტს საყვედურსაც არ აკადრებდა. ეს იყო მხოლოდ - კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ოჯახში, მომღერლის მეუღლესთან რეკვას იწყებდა: "რას შვრება? ჩაიცვა? გამოვიდა?.."

სხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდა ანზორ ერქომაიშვილს ბონდო გუგავასადმი, რომელიც ასევე არღვევდა "განაწესს," მხოლოდ მიზეზი ცოტა განსხვავებული იყო. ბატონი ბონდოს კონცერტისწინა "შემოქმედებითი წვა," არა საკუთარ თავში ჩაღრმავებით, არამედ ტრადიციული ქართული ქეიფით გამოიხატებოდა, რაც ანსამბლის სხვა წევრებზეც "დამღუპველად" მოქმედებდა. არადა, ქართველ კაცს, თანაც მომღერალს, ქეიფს როგორ აუკრძალავ. ამიტომ ხელმძღვანელი მოთმინებით ელოდა დღეს, როდესაც წინა დღის ნაქეიფარი ბონდო გუგავა კონცერტზე "ყიყლიყოს" დაიძახებდა, მაგრამ ამაოდ - რამდენიც უნდა დაელია, ვირტუოზი მომღერალი მეორე დღეს, კონცერტზე, მაინც უნაკლოდ ასრულებდა თავის პარტიას. ბოლოს მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

- ბონდო, იცოდე, თუ კიდევ დალევ კონცერტის წინ, ანსამბლს დატოვებ.

- ანზორ, რას მერჩი, თუ კონცერტზე რამე შემეშლება, მაშინ მისაყვედურე.

- ბიჭო, შენ სალიარკა რომ დალიო, სიმღერა მაინც არ შეგეშლება და რა ვქნა, გამილოთდა, ამასობაში, ანსამბლი.

ლადო გოგუაძე