რა აღმოჩნდა XIX საუკუნის ხელნაწერის ყდაში - კვირის პალიტრა

რა აღმოჩნდა XIX საუკუნის ხელნაწერის ყდაში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ინფორმაციით, XIX საუკუნეში გადაწერილ წიგნის „ქორწინებისათვის და დადგინებითი გრამოტა“ რესტავრაცისას, მის ყდაში XV-XVI საუკუნების ხელნაწერების ფრაგმენტები აღმოჩნდა. ათი ფრაგმენტიდან ცხრა ნუსხურით არის შესრულებული, ხოლო ერთი რუსულად.

სპეციალისტების შეფასებით, აღმოჩენილი ფრაგმენტები ორ სხვადასხვა ხელნაწერ წიგნს ეკუთვნის. ხელნაწერი პალეოგრაფიული ანალიზით დათარიღდა - შავი მელნით ნაწერი ტექსტები, რომლებიც წითელი მელნითა და საგანგებოდ შესრულებული საზედაო ასოებითაა შემკული, XV-XVI საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ქართული ხელნაწერების სურათს უჩვენებს.

თვით ხელნაწერი წიგნი, რომლის ყდაშიც იყო ჩაკერებული ძველი ხელნაწერის ფრაგმენტები, მოიცავს 1723-1785 წლებში გამოცემულ ბრძანებებსა და წესებს ქორწინებისთვის. ხელნაწერი ეკუთვნოდა თელავის საკრებულო ტაძრის წინამძღვარ დეკანოზ მიხეილ ხელაშვილს, ხოლო არქივში მიხეილის ვაჟმა ვლადიმერ ხელაშვილმა შემოიტანა.

ხელნაწერი შეიცავს სამ სხვადასხვა შინაარსის მქონე ნაწარმოებს - "ქორწინებათათვის მართლმადიდებელთა პირთასა სხუა სარწმუნოებისათა თანა", რომელშიც გამოყენებულია პეტრე I-ის მიერ 1720 წელს გამოცემული ბრძანება; "ფორმა (დადგენილი ნიმუში, სტანდარტი დოკუმენტისა) მღუდელთ-მთავრისაგან მისაცემელის ღრამმატისა ახლად ხელ-დასხმულისა მღუდლისადმი", რომელიც შეეხება სასულიერო პირების დანიშვნის წესებს; "ქორწინებისა თავისთვის", გადათარგმნილია ბერძნულიდან ქართულად 1775 წელს. ეს ნაწარმოები იწყება მიძღვნით: "უნეტარესსა და უწმინდესსა პატრიარხსა ყოვლისასა ქართუელოისასა მეფის ძეს ანტონის, ჩვენსა უწმიდესის სინოდისასა უუმონებრესი მოხსენებაი".