აბრაამ ლინკოლნის გამოცანები - კვირის პალიტრა

აბრაამ ლინკოლნის გამოცანები

აშშ-ის პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის სახელს ამერიკელები ეთაყვანებიან. არადა, არც ერთი პრეზიდენტი მათ ისე არ "უწვალებიათ," როგორც ლინკოლნი. დავიწყოთ იმით, რომ სანამ 52 წლისა პრეზიდენტი გახდებოდა, 22 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა სახის არჩევნებში 18-ჯერ დამარცხდა. შემდეგ, დიდების ზენიტში მყოფი, წუთისოფელს გამოასალმეს. სიმშვიდე ვერც სიკვდილის შემდეგ პოვა. მისი ნეშტი, უსაფრთხოების დაცვის თუ აკლდამის რეკონსტრუქციის მიზეზით, 17-ჯერ სხვადასხვა ადგილას გადაიტანეს.

დიდ პოლიტიკოსს, იუმორის გრძნობაც გააჩნდა და რთული ვითარებიდან გონებამახვილურ გამოსავალს იოლად პოულობდა.

შეერთებულ შტატებში მონობის გაუქმების შემდეგ, აღშფოთებულ არისტოკრატთა ერთმა ჯგუფმა ლინკოლნს კითხვით მიმართა: "ეკადრება ნამდვილ ჯენტლმენს თავისი ფეხსაცმლის გაწმენდა?!" "როგორ, ფიქრობთ, სხვისი ფეხსაცმელი უნდა გაწმინდოს ნამდვილმა ჯენტლმენმა?!" - უპასუხა პრეზიდენტმა.

ამერიკის სენატს კი სიმართლისადმი ერთგულების პრინციპი ასეთი "გამოცანით" დაუმტკიცა: "თუ ძაღლის კუდს დავარქმევთ თათს, მაშინ რამდენი თათი ექნება ძაღლს?" სენატორები არც დაფიქრებულან, ისე უპასუხეს: "ხუთი". "არა, ბატონებო, რაც უნდა დავარქვათ კუდს, სინამდვილეში ის მაინც კუდად დარჩება და ძაღლსაც, მხოლოდ ოთხი თათი ექნება", - მიუგო პრეზიდენტმა.

ლადო გოგუაძე