ადამიანი, რომელმაც აღკვეთა ატომური ომი - კვირის პალიტრა

ადამიანი, რომელმაც აღკვეთა ატომური ომი

80-იან წლებში ზესახელმწიფოთა მიერ შექმნილი მასობრივი განადგურების იარაღი და თავდასხმის ადრეული შეტყობინების სისტემები კოსმოსში გაგზავნილ თანამგზავრებზე განლაგდა. მათ დედამიწიდან უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სადგურებიდან მართავდნენ. ერთ-ერთ ასეთ სადგურზე 1983 წლის 26 სექტემბერს საბჭოთა არმიის პოდპოლკოვნიკი სტანისლავ პეტროვი მორიგეობდა. შუაღამისას თანამგზავრზე დამონტაჟებულმა აღმოჩენის სისტემამ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ოთხი ბალისტიკური რაკეტის სტარტი დააფიქსირა, რომლებიც საბჭოთა კავშირის მიმართულებით მოფრინავდნენ. საბჭოთა ოფიცერმა ჩათვალა, რომ თანამგზავრს ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და შეტყობინება რეაგირების გარეშე დატოვა. პეტროვს გუმანმა არ უმტყუნა. დადგინდა, რომ თანამგზავრის მიმღებს ღრუბლებიდან არეკლილი მზის სხივი მოხვდა, რაც სისტემამ რაკეტებიდან გამომავალ ცეცხლის ჭავლად აღიქვა.

2006 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ პეტროვს, როგორც "ადამიანს, რომელმაც აღკვეთა ატომური ომი," გადასცა  ბროლის სტატუეტი - ეს არის ადამიანის ხელი, რომელსაც დედამიწა უჭირავს. წელს კი სტანისლავ პეტროვს გადაეცა გერმანიის მედიასაშუალებების მიერ დაწესებული პრემია, რომელსაც იმ ადამიანებს ანიჭებენ, რომელთა გმირობა თავის დროზე გაუხმაურებელი დარჩა.

ლადო გოგუაძე