ჩვენ გვეკითხები, ძამა?! - კვირის პალიტრა

ჩვენ გვეკითხები, ძამა?!

ცნობილი ქართველი კალათბურთელი, საქართველოს ნაკრებისა და ამერიკული "ატლანტა ჰოუქსის" მოთამაშე ზაზა ფაჩულია ერთ-ერთი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებთან ერთად ოზურგეთში იყო ჩასული.  გურიაში გამგზავრებამდე, ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა სპორტსმენი გააფრთხილა:  ენაკვიმატი გურულების ყბაში ჩვენი მტერი ჩავარდა; იქ რომ ჩავალთ, ცოტა ილაპარაკე, რომ ისეთი რამე არ წამოგცდეს, არ დაგვცინონო. აქციამ ისე ჩაიარა, ზაზას ხმა არ ამოუღია,  შორიდან ადევნებდა თვალს ყველაფერს,  სცენაზე ასვლა არც სჭირდებოდა, ისედაც ყველა ხედავდა დანარჩენებზე რამდენიმე თავით მაღალ (211 სმ) კალათბურთელს.

მიტინგი დასრულდა.  მასპინძლებმა მანქანებამდე მიაცილეს სტუმრები. ავტომობილში ჩაჯდომამდე ზაზა ფაჩულიამ პირველად ამოიღო ხმა - მოქუფრულ ცას ახედა და  ჩაილაპარაკა:

- ნეტავ ხომ არ გაწვიმდება?

- შენ გაქვს, ძამა, ღრუბლებში თავი გაყოფილი და ჩვენ გვეკითხები? - არ დაუგვიანეს პასუხი გურულებმა.

ლადო გოგუაძე