აქაურ მწვანილს, როგორც ჩვილ ბავშვს, ისე ეფერებოდა - კვირის პალიტრა

აქაურ მწვანილს, როგორც ჩვილ ბავშვს, ისე ეფერებოდა

ვიქტორ ხომერიკი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის  მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრის, ნოე ხომერიკის, შვილი იყო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ნოე ხომერიკი, ჟორდანიას მთავრობასთან ერთად, საფრანგეთში გადაიხვეწა. 1922 წელს, აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოში კი დააპატიმრეს და დახვრიტეს.

ვიქტორ ხომერიკი საფრანგეთში გაიზარდა და მთელი ცხოვრება იქ გაატარა. მიუხედავად ამისა, საქართველოს გულმხურვალე პატრიოტი იყო და  და ანდერძის თანახმად, დიდუბის პანთეონშიI განისვენებს.

საფრანგეთში ქართული ემიგრაციის სული და გული, საფრანგეთში ჩასული ქართველების უპირველესი მასპინძელიც გახლდათ. ქართველ ხელოვნების მოღვაწეებთანაც მეგობრობდა.

ვიქტორ ხომერიკმა გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში ჩამოსვლა მოახერხა. ანზორ ერქომაიშვილის ოჯახში გაშლილ სუფრაზე ქართული მიწის სურნელს მონატრებული, მაგიდაზე დადებულ ოხრახუშს აიღებდა, დაყნოსავდა და ჩვილს რომ მოეფერება კაცი, ისეთი სიყვარულით უსვამდა ხელს.

საფრანგეთში გაზრდილი სტუმრის პატივსაცემად მასპინძლებმა სუფრაზე შამპანურიც დადგეს. ვიქტორ ხომერიკის წინ მჯდომმა ერთმა ახალგაზრდამ დაისხა სასმელი და როგორც ჩვენში სჩვევიათ, გაზის გამოსადევნად შამპანურით სავსე ჭიქაში ოხრახუშის ღერო დაატრიალა. ამ "ბარბაროსობას" თვალი მოჰკრა ვიქტორ ხომერიკმა, სახეზე ალმურმა გადაუარა, ვერ მოითმინა და ახალგაზრდას გურულ-ფრანგული აქცენტით მიმართა: "რას აკეთებ, შვილო, "შამპანის" მთელი ეშხი მაგ გაზის ბურთულებშია, ქართულ მწვანილს, კიდო, ქართული მიწის მადლი მოყობა... ახლა, მაგ შენი საქციელით, ქართული და ფრანგული მიწის მადლს, ორივეს ერთად, ხაზი გადაუსვი".

ლადო გოგუაძე