ჰემინგუეის არაფერი ელანდებოდა - კვირის პალიტრა

ჰემინგუეის არაფერი ელანდებოდა

1961 წლის 2 ივლისს დიდმა ამერიკელმა მწერალმა ერნესტ ჰემინგუეიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ჰემინგუეი ბევრს სვამდა, ხშირად ერთვებოდა კონფლიქტებში, სძულდა კრიტიკოსები, თავის ერთგულ მკითხველებსა და თაყვანისმცემლებსაც კი ეჭვითა და უნდობლობით უყურებდა, შეპყრობილი იყო პეირაფობიით (საჯარო გამოსვლების შიში), 200-მდე საბრძოლო იარა ჰქონდა და სიცოცხლის ბოლო წლებში მძიმე დეპრესიით იტანჯებოდა. ნერვების დასამშვიდებლად ფსიქიატრიულ კლინიკაშიც ხშირად ხვდებოდა და თავისი საყვარელი ექვსთითა კატა სნოუბოლიღა თუ ახერხებდა მის დამშვიდებას.

მას შემდეგ, რაც დიდმა მწერალმა ორლულიანი თოფით მოიკლა თავი, ეს იარაღი მოიხსენიება, როგორც "ჰემინგუეი".

მწერალი ირწმუნებოდა, რომ გამუდმებით უთვალთვალებდნენ, მის ტელეფონს უსმენდნენ, ფოსტას ხსნიდნენ... ამბობდა, რომ ფსიქიატრიულ კლინიკაშიც კი მასზე საიდუმლო ზედამხედველობა იყო დაწესებული.

მწერლის ახლობლები ყველაფერს ჰემინგუეის ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფად თვლიდნენ. მისი საბედისწერო ნაბიჯიც პარანოიის გამოვლინებად ჩათვალეს.

ჰემინგუეის გვარში მართლაც მრავლად იყო თვითმკვლელობის შემთხვევა. მწერლის მამაც ამგვარად დაიღუპა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჰემინგუეის "აკვიატებებიდან" ბევრი რამ მართალი ყოფილა.

მწერლის გარდაცვალებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ საზოგადოებას საშუალება მიეცა, გამოძიების ფედერალურ ბიუროში დაცულ დოსიეს გასცნობოდა. აღმოჩნდა, რომ ჰემინგუეის არაფერი ელანდებოდა. სოციალისტური კუბის ლიდერთან, ფიდელ კასტროსთან მეგობრობის გამო, ამერიკული სპეცსამსახურები ჰემინგუეის იდეური თვალსაზრისით არასაიმედო პიროვნებად თვლიდნენ და გამუდმებით უთვალთვალებდნენ. გადამცემი მოწყობილობები დამონტაჟებული იყო ყველგან - მისი სახლის ოთახებში, მანქანაში, თვით ფსიქიატრიული კლინიკის იმ პალატაშიც კი, სადაც  მწერალს მკურნალობის კურსს უტარებდნენ.

ლადო გოგუაძე