წერეთლების საგვარეულო - საქართველოს სიამაყე - კვირის პალიტრა

წერეთლების საგვარეულო - საქართველოს სიამაყე

დამანა მდივნიშვილის წიგნები - "მშვენიერთა სავანე", "საქართველო სამოთხის ნაწილი", "პორტრეტის უკვდავება" კარგად არის საზოგადოებისთვის ცნობილი. ავტორმა ბევრი უცნობი ქალის ვინაობა დაადგინა და დავიწყებას გადაარჩინა მათი სახეები... ახლახან გამოვიდა დამანა მდივნიშვილის კიდევ ერთი წიგნი "მშვენიერება ზეცით მოსული", გამზადებული აქვს გამოსაცემად წიგნი "საწერეთლო", რომელიც უსახსრობის გამო ჯერჯერობით ვერ იბეჭდება... ვიდრე წიგნი მზის სინათლეს იხილავს, ავტორმა წერეთლებზე საინტერესო ამონარიდები გაგვაცნო...

დამანა მდივნიშვილი: - წერეთლებზე არქივში უამრავი ინფორმაცია მოვიპოვე, ერთ სტატიაში ამის ჩატევა, ბუნებრივია, ვერ მოხერხდება... ქართველებს შორის პირველი მხედრიონი წერეთლებს ჰყავდათ, რომელიც იმერეთის სამეფოს გაუქმებამდე შეინარჩუნეს. მხედრიონი აზნაურებისგან შედგებოდა. ისინი მუდმივად სამხედრო ვალდებული იყვნენ და უნდა ემსახურათ მანამ, სანამ ცხენზე ჯდომა შეეძლებოდათ... იმერეთში წერეთელი წარჩინებული თავადური საგვარეულოა. ისტორიაში ეს გვარი XIII საუკუნიდან არის ცნობილი. წერეთლების წინაპრები თავდაპირველად ერისთავები ყოფილან, წერეთელი კი დამატებით მეორე გვარად არის მიჩნეული. IX ს-ში ლეონ II-ის ვაჟიშვილი გიორგი I (861-868) აფხაზეთის მეფე, რომელსაც ქუთაისში ჰქონდა რეზიდენცია, ფლობდა საუფლისწულო ციხესიმაგრე "წერეთს" და მის მიდამოებს, რის გამოც ის და მისი შთამომავლები წერეთლის გვარს ატარებდნენ... წერეთლებმა პირველებმა შემოიღეს სამხედრო საქმეში წერილობითი შეტყობინება, რაც მათ ციხესიმაგრეში ხორციელდებოდა. "წერეთი" უკავშირდება სიტყვა "წერას" და ძველ ქართულში კვალის გაყვანას ნიშნავს. თიხის თხელ ფირფიტაზე წვეტიანი იარაღით გამოჰყავდათ ასო-ნიშნები, შემდეგ ფირფიტას აშრობდნენ, ფუთავდნენ და შიკრიკს ატანდნენ დანიშნულების ადგილას... წერეთლები სათავეში ედგნენ საწერეთლოში შემავალ სხვადასხვა აზნაურთაგან შემდგარ სამხედრო ნაწილებს. მათ მშვიდობიან პერიოდშიც კი არ ჰქონდათ უიარაღოდ და უცხენოდ ყოფნის უფლება. ისინი შესანიშნავი საბრძოლო უნარებით, ორგანიზებულობითა და სიქველით გამოირჩეოდნენ. მოწინააღმდეგეთა ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს არ ერჩოდნენ, არ უნგრევდნენ სალოცავებს.

- საჩხერე წერეთლებს როდის ებოძათ?

- საქართველოს ისტორიაში იყო ისეთი შემთხვევები, როცა გაბატონებული დამპყრობლებისგან გაწამებული ქართველები იხიზნებოდნენ და სხვადასხვა ადგილს აფარებდნენ თავს. შემდგომ, დროთა განმავლობაში, იქ რჩებოდნენ უკეთესი მომავლის მოლოდინში. ასეთი ადგილები იყო ზემო ქართლი და საინგილო (საინგილო ძველად საქართველოს ნაწილი იყო). თემურ-ლენგის ლაშქრობებით შევიწროებული წერეთლების წინაპრები საბოლოოდ იმერეთში დასახლდნენ. 1395 წელს იმერეთში დამკვიდრებულ წერეთლებს მეფე კონსტანტინესაგან ებოძათ თავადის წოდება და საჩხერე.

- რამდენადაც ცნობილია, წერეთლის ქალები გამორჩეული ყოფილან...

- როგორც საერთოდ დიდგვაროვანთა ოჯახებში, წერეთელთა ქორწინება პოლიტიკური ნაბიჯი იყო. დანათესავებული იყვნენ მეფეთა ქალიშვილებთან, შვილიშვილებთან, დისშვილ-ძმისშვილებთან... წერეთლის ქალები დედოფლობის სასურველი კანდიდატურები იყვნენ. ვერცხლის თასზე აღმოჩენილი წარწერით, შოშიტა I რაჭის ერისთავის მეუღლედ იხსენიება მარიამ წერეთელი. სახლთუხუცეს ზურაბ წერეთლის პირველი ქალიშვილი, მართა სამეგრელოს დედოფალი იყო, ლევან დადიანის მეუღლე (დავით დადიანის დედა და ეკატერინე ჭავჭავაძის დედამთილი), რომელმაც დიპლომატიური ზავი ჩამოაგდო მეგრელებსა და გურულებს შორის. მარინე (მაკრინე) წერეთელი, სამი ძმის - სახლთუხუცეს ზურაბის, სარდალ პაპუნასა და მეფის მოურავ ბერი წერეთლების და - სიმონ გურიელის მეუღლე და გურიის დედოფალი იყო, პოეტ მამია გურიელის ბებია. მან გახსნა გურიაში პირველი სკოლა, რისთვისაც გურულებმა 1-ელი სექტემბრიდან თვის ბოლომდე, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, შემოიღეს ზეიმი "მარინეობა". მანვე ააშენა გურიაში წმინდა მარინეს ეკლესია...

წერეთლის ქალები დედოფლები იყვნენ ირანში, აფრიკის ერთ-ერთ მუსლიმანურ სახელმწიფოში, სომხეთში და სხვაგან. ისინი გამოირჩეოდნენ მწიგნობრობით, ქმრის ერთგულებით, შვილების აღზრდით და სხვა მრავალი სასიკეთო თვისებით. სხვადასხვა დიდებული გვარის წარმომადგენლებთან დამოყვრება ხელს უწყობდა საქართველოს გაერთიანება-გაძლიერებას... ქალი საქართველოში ყოველთვის მშვიდობისა და მაღალი ზნეობის სიმბოლოდ იყო წარმოდგენილი. ამ მხრივ ერთ-ერთი გავლენიანი ქალბატონი გახლდათ ელისაბედ წერეთელი - ალექსანდრე წერეთლის მეუღლე, თავად წულუკიძის ქალი. იგი ადრე დაქვრივდა. ჭკვიანმა, შორსმჭვრეტელმა, ორგანიზატორული ნიჭის მქონემ მალე დაიკავა საწერეთლოში საპატიო ადგილი. ელისაბედის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით გაიყვანეს რკინიგზა ჭიათურიდან საჩხერემდე, გახსნეს შორაპნის მაზრის საავადმყოფო, საჩხერეში დაარსეს რვაწლიანი სკოლა, ააგეს ხიდი მდინარე ყვირილაზე. ელისაბედმა 1909 წელს საკუთარ სახლში გახსნა დაწყებითი სკოლა და პედაგოგებს გასამრჯელოს თავად უხდიდა. მან საჩხერელი გლეხებისთვის საკუთარი ფულით ააშენა თბილისში ქარვასლა, სადაც მათ უფასოდ შეეძლოთ ღამის გათევა. საწერეთლოს დაუწერელ კანონებს თავად ელისაბედ წერეთელი ქმნიდა... სერგო წერეთელი, ვისი მეუღლეც გახლდათ ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლისა (1874-1948), ჭიათურის მარგანეცის ერთ-ერთი მესაკუთრე იყო. სტუმართმოყვარე ოჯახში თავს იყრიდა საჩხერისა და ჭიათურის მოწინავე ინტელიგენცია. დიდი აკაკი წერეთელი თურმე პატარა ვარინკას კალთაში ჩაისვამდა და საათობით ეთამაშებოდა. ჭკვიან და გონებაგახსნილ გოგონას მასწავლებლები შინ ასწავლიდნენ მუსიკას, რუსულს, ფრანგულს... ვარინკა წერეთელი გახლავთ ქართულ ლექსებზე დაწერილი რამდენიმე ათეული სიმღერის ავტორი. მის შექმნილ და მის მიერვე ნამღერ "სულიკოს" ყველაზე დიდი აღიარება ხვდა წილად საქართველოში და საზღვარგარეთ.

- საწერეთლოზე საუბრისას იმერეთის ბუნებას გვერდს ვერ ავუვლით...

- ზემო იმერეთი თავის კოპწია სოფლებით, აზვირთებული ყვირილათი, მდიდარი ბუნებითა და არქიტექტურით იყო ცნობილი. მოდინახეს ციხის გაგრძელებაზე სასახლეები ჰქონდათ გიორგიტა, ფრიდონ, ამირიდონ, ელისაბედ, სიმონ, ირაკლი და ბეჟან წერეთლებს. პეტრე აბაშიძე-ფინეიშვილს, აკაკი წერეთელს. გიორგი ვარდენის ძე წერეთლის სასახლე მდებარეობდა საჩხერეში მთის კალთაზე, რომლის თხემზე მოდინახეა აშენებული. სასახლე გამოირჩეოდა დიდი დარბაზებით, უზარმაზარი კარ-ფანჯრებითა და ბუხრებით, ქვის აბანოთი, სქელი, ძველებური დუღაბით ნაშენი კედლებითა და სარდაფებით. გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ სარდაფში უნდა ყოფილიყო ის გვირაბი, რომელიც სასახლეს მოდინახესთან აკავშირებდა. ეზოს ზემოთ სასახლის ეკლესია იდგა, მუხებსა და კაკლებში ჩაფლული. ქვედა ეზოში იყო აუზი ფერად-ფერადი თევზებით, მის ირგვლივ კი თეთრი ქვის მაგიდები და ჩამოსაჯდომები იყო განთავსებული.

- აკაკი წერეთელზეც გვითხარით ცოტა რამ.

- საჩხერეს განსაკუთრებულ პატივს და სახელს ჰმატებდა სახალხო მგოსანი აკაკი წერეთელი. მას დიდი გავლენა ჰქონდა იქაურ მცხოვრებლებზე. აკაკის დამსახურებაა ჭიათურის მარგანეცის ქიმიური ანალიზის დადგენა, შესწავლა და ადრეულ პერიოდში "შავ ქვად" წოდებული საბადოს აღიარება. ეს ბუნებრივი სიმდიდრე ჭიათურისა და საჩხერის მოსახლეობისთვის უდიდესი სარგებლის მომტანი იყო. ამის თვალსაჩინო მაგალითია სამთო ინჟინრის, პროფესორ კონსტანტინე ივანეს ძე წერეთლის (მამა ცნობილი მხატვარ-მონუმენტალისტის, ზურაბ წერეთლისა) მოგონებები, სადაც გვიამბობს: "დავიბადე 1903 წელს ჭიათურაში, სოფელ პერევისაში. ეს ლამაზი სოფელი მდინარე ყვირილას მარცხენა მხარეს მდებარეობს. ქვედა პერევისა ოციოდე მოსახლისგან შედგებოდა და ოცდახუთი მაღაროს თავზე მდებარეობდა. აქ ძირითადად წერეთლები ცხოვრობენ. მამა - ივანე იასონის ძე, კარგი მეურნე იყო, საკუთარი ვენახიდან იმდენი ღვინო მოსდიოდა, რომ მთელი წლის განმავლობაში მეზობლებისთვისაც ჰყოფნიდა და მრავალრიცხოვანი სტუმრისთვისაც. მის გაწყობილ კარ-მიდამოში მოსვლა ყველას სიამოვნებდა. გამრჯე კაცს არასოდეს უფიქრია საკუთარი სოფლიდან წასულიყო საცხოვრებლად ჭიათურაში ან თბილისში. სოფლის სიყვარულმა საკუთარ კუთხეს მიაჯაჭვა. ჩვენი სახლის ქვედა სართული თლილი ქვით იყო ნაშენი. იქ დიდი ბუხარი გვქონდა. ზემოთ კი ხის დიდი ორი სართული იყო დიდი აივნებით, გვქონდა დიდი ეზო, ბაღ-ვენახი და ტყე. ერთ მშვენიერ დღეს მამამ და მისმა ძმამ აკაკიმ გერმანელებს მიჰყიდეს ერთი ქცევა მიწის ნაკვეთი მარგანეცის მოსაპოვებლად (1915-16) წლები. უცხოელი ინვესტორებისგან მიიღეს თითო ტომარა ფული - ოქროს თუმნიანები და ხუთმანეთიანები. მამამ გათხოვილი ქალიშვილის, ლიდას ოჯახს ამ ფულიდან ნახევარი ტომარა ფული უწილადა. ამ ფულით მათ ორსართულიანი, ათოთახიანი სახლი აიშენეს ჭიათურაში"...

მის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. დრო შეიცვალა. კომუნისტურმა რეჟიმმა დიდი უსიამოვნება მიაყენა ზემო იმერეთის მკვიდრთ. დაანგრიეს თავადების სასახლეები და ადამიანები გაჟლიტეს. ქართველი ერის ისტორიაში დღემდე ცრემლიანი მოსაგონარი და მოუნელებელი ტკივილია 1924 წლის აგვისტოში, ზემო იმერეთში დატრიალებული სისხლიანი ტრაგედია. იმ დღეს საჩხერის რაიონის თავადაზნაურობა და ინტელიგენცია უსამართლოდ დახვრიტეს. ცოცხლად გადარჩენილთა სულიერი ტკივილი კი დღემდე არ დამცხრალა. 1924 წელს აგვისტოში ცხოვრება საჩხერეში მკვეთრად აირია, გზები გადაიკეტა და ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო გამოსვლები, გავრცელდა ხმა, მენშევიკებმა საჩხერე და ჭიათურა დაიკავესო. მთელი დღეების განმავლობაში გაისმოდა სროლა, სოფლის მოსახლეობიდან მამაკაცთა დიდი ნაწილი ტყეში გაიხიზნა, რათა თავი აერიდებინათ ძმათა შორის უსიამოვნო შეტაკებისგან.

- წერეთლებს ბევრი გამორჩეული მოღვაწე ჰყავდათ. რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, მიხაკო წერეთელზე ბევრს არ სმენია...

- მიხაკო გიორგის ძე წერეთელი ჭიათურის რაიონის სოფელ ცხრუკვეთში დაიბადა. მისი ფსევდონიმებია "ბატონი", "ცანგალა". იგი გახლდათ მეცნიერ-ფილოლოგი, პუბლიცისტი, თბილისისა და ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორი. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა კიევის უნივერსიტეტში, მაგრამ არ დაუმთავრებია, რადგან გარიცხეს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო. შემდგომ მიემგზავრება პარიზს... მერე თბილისში, შემდეგ - ისევ საზღვარგარეთ... ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში მიიღო ასირიოლოგის სპეციალობა, მუშაობდა ბრიუსელისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. დაიბეჭდა მისი გამოკვლევები "შუმერული და ქართული კრებული", "გვირგვინი", "გილგამეშიანი", ქართული თარგმანები განმარტებებითურთ, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები, "სიბრძნე-სიცრუისას" გერმანული თარგმანი. ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ ენებზე აქვეყნებდა გამოკვლევებსა და წერილებს ქართველი ერისა და ქართული ენის წარმოშობის საკითხებზე, ურარტუს ისტორიასა და ენაზე. პარიზში გამოქვეყნდა "ვეფხისტყაოსნის" მის მიერ დადგენილი ტექსტი...

ჩვენი ერის ინტელექტუალურ ცხოვრებაში, მწერლობაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში, ძალუმად არის წარმოჩენილი წერეთელთა გვარი, რომელთაგანაც კიდევ არაერთი დიდი მოღვაწის დასახელება შეიძლებოდა...

მანანა გაბრიჭიძე

(სპეციალურად საიტისთვის)