ბიძამ დისწული დუელში გამოიწვია - კვირის პალიტრა

ბიძამ დისწული დუელში გამოიწვია

ილიკო ორბელიანი ნიკოლოზ ბარათაშვილის  ბიძა იყო, მაგრამ ბავშვობიდან თან შეზრდილსა და თანატოლ  დედის ძმას მისი მეგობარი უფრო ეთქმოდა. გიმნაზიაშიც ერთ კლასში სწავლობდნენ და ერთ მერხზე ისხდნენ.

გენიალური პოეტი თანამედროვეთა შორის, უპირველეს ყოვლისა, კვიმატი ენით, "ლეკურის" ოსტატური თამაშითა და სატრფიალო თავგადასავლებით იყო ცნობილი. ბარათაშვილის მწარე ენის ადრესატი და მისი ოინების "მთავარი გმირი" ილიკო ორბელიანიც არაერთხელ გამხდარა. ერთხელ თბილისელი ლამაზმანების გარემოცვაში მყოფი ილიკო ისე გააპამპულა, რომ გამწარებულმა ბიძამ საყვარელი დისწული დუელში გამოიწვია, რითაც ბარათაშვილს კიდევ ერთი ოინის მოწყობის საშუალება მისცა, რომელშიც პოეტმა მთელი მათი სამეგობრო ჩართო. გადაწყვიტეს, დამბაჩები ფუჭი ტყვიებით დაეტენათ, დანარჩენი კი პოეტის ფანტაზიას მიანდეს.

დაინიშნა დუელის დღე. "სეკუნდანტებმა" თავიანთი ადგილი დაიკავეს, ხოლო დუელანტი ნათესავები ბარიერთან დადგნენ. გაისმა სროლის ხმა და ბარათაშვილი მოცელილივით დაეცა. ილიკო ორბელიანი ახლაღა მოეგო გონს, თავში ხელი იტაცა და მიწაზე უძრავად მწოლარე დისწულს მივარდა. ცრემლმომდგარი გულში იკრავს "უსულო ცხედარს" და რადგან გარეგნულად სისხლის კვალს ვერსად ამჩნევს, ხელით უსინჯავს მთელ სხეულს. უცებ ხელი ბარათაშვილის ქურთუკის ჯიბეზე მოუხვდა და ყურში ჩაესმა: "ჯიბიდან ხელი აიღე, შიგ ქიშმიში მიყრია და არ ამომაცალო!.." ჯერ გაოგნდა, შემდეგ, თვალგახელილი და მოცინარი ბარათაშვილი რომ დაინახა, სიხარულისგან ატირდა, ხოლო როდესაც მის სმენას ირგვლივ მყოფთა ხარხარი მისწვდა, მიხვდა, რომ მორიგი ოინის მსხვერპლი გახდა. ხელი ხმალზე იტაცა და ალბათ, მართლა მოკლავდა, რომ არ გაეკავებინათ.

ლადო გოგუაძე