მჟავანაძის "როლი" კურდღლების გამრავლების საქმეში - კვირის პალიტრა

მჟავანაძის "როლი" კურდღლების გამრავლების საქმეში

როგორ აჯობა სენაკელმა "როზამ" სახელოვან ლუქსემბურგს

"მეცნიერულ დაკვირვებას ვაწარმოებ, ვარდენ ჩემო. ქვეყანა გამეცნიერდა და მე რატომ უნდა ჩამოვრჩე? გადატრიალება უნდა მოვახდინო მეცხოველეობაში - მუსიკის როლი, პირუტყვის ზრდის დაჩქარებაში!"

"ღერღილი კარგად რომ წამოდუღდება, ჭარხალს დაუმატებთ. აწონით, ოღონდ, მეტი არ მოგივიდეთ! ამაში ვაზის წიპწები დაუმატეთ. ოღონდ, დუღილი არ დააკლოთ... ჩამჩა!.. მარილი აკლია!"

ამ ფოტოების ნახვისას რამდენიმე ეპიზოდი გამახსენდა კინოფილმიდან "უდიპლომო სასიძო" - მომეცნიერო ვეტერინარი ნიკოლოზი და ღორების სალაფავის მომზადების მისეული რეცეპტი. თუმცა ფოტოზე აღბეჭდილი მოვლენები არც დღევანდელი რეალობისგან დგას შორს და რაღაცით ჩვენი პოლიტიკოსების წინასაარჩევნო კამპანიას მაგონებს - გლეხი კაცის გასაჭირი ახლა რომ გაახსენდათ და ტელეკამერების წინ მკლავებდაკაპიწებული ზოგი ბაღ-ვენახს რომ შესევია და გლეხკაცის მოყვანილ ჭირნახულს კრეფს და ზოგიც ბოსტანს მარგლავს. არადა, კადრზე აღბეჭდილ მოვლენებთან ნახევარი საუკუნე გვაშორებს...

ფოტოზე წამი 1959 წლის 11 ივნისს შეჩერდა. საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე სოფელ ძველი სენაკის მეღორეობის საბჭოთა მეურნეობას სტუმრობს. ხუმრობა ხომ არ არის ვასილ პავლოვიჩის სტუმრობა, ამიტომ შეხვედრას სენაკის ყველა თავკაცი ესწრება: ძველი სენაკის უხუცესი ბაძუ ქავთარაძე (ნოე ჟორდანიას ალალი დეიდაშვილი), მეურნეობის დირექტორი ნიკო ბარამია, რაიკომის მდივანი იროდიონ ურუშაძე (დოინჯი რომ შემოურტყამს ამაყად წელზე და რატომღაც ცეკას პირველ მდივანს ფეხებში მისჩერებია) და, რა თქმა უნდა, მეურნეობის ზოოტექნიკოსი, ვასილ ალავიძე.

სხვათა შორის, ძველ სენაკში მეღორეობის საბჭოთა მეურნეობა, სადაც საჯიშე ღორებს ზრდიდნენ, ერთ დროს მდიდარი ვაჭრის, დიდი მამულისა და სიმდიდრის პატრონ ერასტო ქავთარაძის მამულში გაუმართავთ. თავის დროზე ერასტოს, როგორც მდიდარ ვაჭარს, საქმიანი კავშირი ჰქონია რუსეთთან, თურქეთთან, საფრანგეთთან, საბერძნეთთან, საიდანაც ჩამოჰქონდა მინერალური სასუქი, ტექნიკა, ქსოვილები, შაქარი. აქედან კი გაჰქონდა თხილი, კაკალი, მარცვლეული. ერასტო ქველმოქმედი ყოფილა, ეხმარებოდა ღარიბებსა და მოხუცებს, რის გამოც ხალხს ძალიან უყვარდა. შვილებისთვის უმაღლესი განათლება პარიზში მიუცია. რევოლუციის პერიოდში ერასტო განაკულაკეს...

სოფელ ძველ სენაკში სტუმრობისას ვასილ მჟავანაძეს იქვე, ღორების ფერმაში მოწყობილი საკურდღლეც დაათვალიერებინეს, სადაც ანგორის ჯიშის კურდღლები ჰყავდათ მოშენებული. ვასილ პავლოვიჩს ფოტო სახელოვან დედაკურდღელ როზას "სამფლობელოსთან" გადაუღეს, რომლის გალიაზე გამოკრული აბრა იუწყებოდა, რომ "ანგორის ბეწვიანი კურდღელი როზა, აქ ექვსი შვილით ცხოვრობს". რატომ "შვილით" და არა "ბაჭიით" ან "ნაშიერით", ამაზე ალბათ ზოოტექნიკოსი ვასილი გვიპასუხებდა, მაგრამ...

თურმე ყველაზე ჯიშიანი და "მრავალშვილიანი" დედა კურდღლისთვის სახელი როზა ლუქსემბურგის პატივსაცემად დაურქმევიათ. მაგრამ რატომღაც მხედველობიდან გამორჩათ, რომ სენაკელი "როზასგან" განსხვავებით, რევოლუციონერ როზა ლუქსემბურგს ნაშიერი არ ჰყოლია...