ლიკურგეს სამართალი უცოლოებისათვის - კვირის პალიტრა

ლიკურგეს სამართალი უცოლოებისათვის

სპარტის სამეფოს გაძლიერებას ანტიკური ხანის ისტორიკოსები დიდი ბერძენი კანონმდებლის - ლიკურგეს სახელს უკავშირებენ. სწორედ მისი შექმნილია ის უცნაური კანონები, რომლებიც მახვილგონიერებით დღესაც აღტაცებასა და ღიმილს იწვევს.

ლიკურგე ზრუნავდა, რომ სპარტელი ახალგაზრდები სიმწიფის ასაკის მიღწევისთანავე დაქორწინებულიყვნენ და შთამომავლობა ჰყოლოდათ. მან უცოლო მამაკაცებისთვის უამრავი სასჯელი მოიგონა. მაგალითად, მათ არ ჰქონდათ ღვთაებებისადმი მიძღვნილ დღესასწაულებზე დასწრების უფლება, რაც სპარტის მოქალაქისთვის დიდი დამცირება იყო. გარდა ამისა, უცოლო მამაკაცებს აიძულებდნენ, ზამთარში სპარტის ცენტრალური მოედნის გარშემო დედიშობილებს ერბინათ და თან მათთვის მიძღვნილი დამცინავი სიმღერები ემღერათ.

უცოლოებზე არ ვრცელდებოდა საბერძნეთში საყოველთაოდ დადგენილი ეთიკის ნორმები. ერთხელ იპოდრომზე მისულ სახელოვან სტრატეგოსს დერკილადას, რომელიც უცოლშვილო გახლდათ, მასზე ბევრად უმცროსმა ახალგაზრდამ ადგილი არ დაუთმო, რაც დიდი შეურაცხყოფა იყო. გამწარებულმა დერკილადამ ყმაწვილს შენიშვნა მისცა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო; "რატომ უნდა დაგითმო ადგილი? შენ ხომ ჯერ არ გაგიჩენია ის, ვინც შემდეგ მე დამითმობს ადგილს."

ლადო გოგუაძე