რევაზ ლაღიძის "კასტანიეტები" - კვირის პალიტრა

რევაზ ლაღიძის "კასტანიეტები"

რევაზ ლაღიძე თავის შედევრებს ძველ, მასთან "თანშეზრდილ" პიანინოზე ქმნიდა. შინ დიდებული როიალიც ჰქონდა, მაგრამ მაინც ყოველთვის თავის ძველ მეგობარს აკითხავდა - როიალზე კომპოზიტორის პატარა ქალიშვილი მეცადინეობდა და არ უნდოდა, მისთვის ხელი შეეშალა.

ერთი უცნაური ჩვეულებაც ჰქონდა: სანამ ინსტრუმენტზე ჯადოსნურ ჰანგებს ააჟღერებდა, ოთახის დარაბებს საგულდაგულოდ ხურავდა. ერთხელ ამის მიზეზიც გაამხილა - კომპოზიტორთა სახლში ვცხოვრობ და წერის დროს თუ ფანჯრები არ დავკეტე, დიდი შანსია, რომელიმე კოლეგამ "თავისი დაწერილი" ჩემივე მელოდია მომასმენინოსო.

თევზაობა და ნადიმი მისი სტიქია იყო. განსაკუთრებით უყვარდა ბადით თევზაობა. ამაყობდა კიდეც, საქართველოს ყველა მდინარეში მისროლიაო ბადე. ამბობდა: ჩემი ქვეყნის ტყე-ღრეში თუ არ ვიხეტიალე, მშობლიურ მიწაზე ამოსული ეკალი თუ არ შემესო ფეხში, ისე ქართულ მუსიკას ვერ დავწერო.

ტრადიციული მოლხენა უყვარდა. 7-8 ლიტრ ღვინოს ისე დალევდა, არაფერი შეეტყობოდა - ჰანგების მსახური რომ იყო, ქეიფის დროსაც ეტყობოდა. შუა ლხინისას, "განსხვავებულის" შესმის დრო რომ მოაწევდა, იმის ნაცვლად, რომ სუფრაზე ყანწების შემოტანა ებრძანებინა, დაიძახებდა: "კასტანიეტები!" (ესპანეთში, იტალიასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში გავრცელებული სარტყმელი მუსიკალური საკრავი). რაც იმას ნიშნავდა, რომ რვა ცალი მინის ჭიქა უნდა მიერთმიათ. ჭიქებში თითებს ჩაყოფდა, ასწევდა და კასტანიეტებივით აატკაცუნებდა. შემდეგ შეავსებდა, სათითაოდ დაცლიდა და თანამეინახეებს გადააწოდებდა. მათაც სხვა რა გზა ჰქონდათ - ვინც "კასტანიეტების" მოტანამდე ვერ მოახერხებდა სუფრიდან გაპარვას, სვამდა რვაჭიქიან "განსხვავებულს" და იქვე თავს ჩაჰკიდებდა.

მოძალებულ ავადმყოფობასაც თავისებურად ებრძოდა - როგორც კი იგრძნობდა, რომ ცუდად ხდებოდა, გარეთ გადიოდა. მისთვის მეგობრებთან ყოფნა ყველანაირი სენის წამალი იყო.

ლადო გოგუაძე