ერთი ძეგლის ისტორია - კვირის პალიტრა

ერთი ძეგლის ისტორია

ეპიტაფია, რომელშიც მთელი ერის ოცნებაა ჩატეული

ეს ძეგლი ხაშურის რაიონის სოფელ აძვისში ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე სასაფლაოზე, უბრალო გლეხკაცის საფლავზე დგას. თუმცა რატომ "უბრალო" ან ვინ ვართ უფლისთვის "ბრალიანნი"?!

ფაქტი ერთია - ეს ძეგლი პატრიოტის, მამულიშვილისა და საქართველოსთვის გულანთებული კაცის საფლავზე დგას, კაცის, რომელსაც, როგორც ჩანს, მთელი სიცოცხლე იმ ოცნებასა და ნატვრაში გაუტარებია, რომ სამშობლო თავისუფალი ენახა.

ძეგლზე მართლაც ისტორიული ეპიტაფიაა: "მონობაში გატანჯულო დაუვიწყარო მამავ! შენი ოცნება ასრულდა - საქართველო თავისუფალია".

მხოლოდ ერთი დღე დააკლდა დავით კაპანაძეს, რომ თავისი ოცნების ხორცშესხმა ენახა - 1918 წლის 25 მაისს გარდაიცვალა...

ალბათ უფლის განგებაა, რომ ეს საოცარი ძეგლი კომუნისტების მსახვრალ ხელს გადაურჩა და დღემდე მოაღწია. და დგას საქართველოს ერთ ლამაზ სოფელში ძეგლი, რომელშიც მთელი ერის ოცნებაა ჩატეული.

ლადო გოგოლაძე