გასმების ოსტატს გონებაც "უჭრიდა" - კვირის პალიტრა

გასმების ოსტატს გონებაც "უჭრიდა"

ქართული ნაციონალური ბალეტის, სახელმწიფო ანსამბლის, ან უბრალოდ, როგორც ხალხი უწოდებს, "სუხიშვილების" დამაარსებელი ილიკო სუხიშვილი არა მხოლოდ თავისი საქმის უზადო პროფესიონალი, არამედ მახვილგონიერი და უბადლო იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანი იყო.

მოსკოვში ჩასული ილიკო სუხიშვილის გასაოცარმა გასმებმა მსოფლიო პროლეტარიატის ბელადი იოსებ სტალინიც აღაფრთოვანა და მან ქართველი მოცეკვავე თავის აგარაკზე მიიპატიჟა. მრავალი თბილი სიტყვის შემდეგ სტალინმა ილიკოს უთხრა, რაიმე ხომ არ გიჭირს, თუ ასეა, მითხარი და დაგეხმარებიო. არაფერი მიჭირს, ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს: თუ შეიძლება, თქვენი ფოტოსურათი მაჩუქეთ ავტოგრაფითო, –- მიუგო ილიკომ და სტალინის ფოტო, მისივე გულთბილი წარწერით, თბილისში ჩამოიტანა.

გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს არ დარჩენილა მეტ-ნაკლებად ცნობილი ოჯახი, რომ რეპრესიები არ შეხებოდა. რამდენჯერმე ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ოჯახსაც მიაკითხეს (სოციალ-დემოკრატიული მთავრობის ერთ-ერთი ლიდერის, ნოე რამიშვილის გამო - რამიშვილების გვარი ხომ შერისხული იყო). ყოველი ასეთი სტუმრობისას ილიკოს გამოჰქონდა სტალინის ავტოგრაფიანი სურათი და მოსულებს "სახეზე აფარებდა." ასე გადაარჩინა ოჯახი დაღუპვას.

მოსწრებული სიტყვა ყველასთან ურთიერთობისას შველოდა. ცნობილია, რომ ბატონ ილიკოს ანსამბლის რეპეტიციებსა და კონცერტებზე ბოლომდე დარჩენა ეზარებოდა, რაიმეს მოიმიზეზებდა და წავიდოდა ხოლმე, საქმეს კი ქალბატონი ნინო უძღვებოდა. ერთხელ, კონცერტზე, თავისი საქმე რომ მოილია, დასრულებას აღარ დაელოდა და სადღაც გავიდა; უკან მხოლოდ კონცერტის დასრულების შემდეგ დაბრუნდა. შევიდა კულისებში და პირდაპირ ნინო რამიშვილისკენ გაემართა შეძახილით: "მშვენიერი იყო, ნინა, მშვენივრად იცეკვე!" არადა, მისი გამოსვლა არც  უნახავს, ქალბატონი ნინო კი იმ დღეს სცენაზე წაიქცა, ამიტომ გამწარებულმა მიაძახა ქმარს: "რა იყო მშვენიერი, შე... (აქ მან თავისი "საყვარელი" სალანძღავი სიტყვა იხმარა), წავიქეცი!" "სამაგიეროდ, როგორ წამოდექი!" - ოდნავაც არ დაბნეულა, წარბშეუხრელად მიუგო ილიკო სუხიშვილმა.