ჯორჯ ბაირონი და ვენეციელი გონდოლიერები - კვირის პალიტრა

ჯორჯ ბაირონი და ვენეციელი გონდოლიერები

მოშურნეთა მიერ სამშობლოდან დევნილმა ჯორჯ ბაირონმა რამდენიმე წელი იტალიაში გაატარა. იმ დროს იტალია ავსტრიელთა უღელქვეშ იყო მოქცეული. დამპყრობელს ყველაფერი ჩაეკლა და დაევიწყებინა ხალხისთვის, რაც იტალიის თავისუფლებას უკავშირდებოდა. დავიწყებას მისცემოდა ვენეციელ გონდოლიერთა ლაღი სიმღერებიც, რომლებშიც ყველაზე მეტად იგრძნობოდა თავისუფალი იტალიის სული.

პოეტსაც ბევრი სმენოდა მათზე. ვენეციაში ჩასულმა ბაირონმა მოსვენება დაკარგა, ისე ძლიერ უნდოდა მოესმინა თავისუფლების ეს მივიწყებული საგალობლები. დიდი ძიების შემდეგ, როგორც იქნა, მოუყვანეს ერთი გონდოლიერი, რომელსაც ჯერაც არ დავიწყებოდა ეს სიმღერები.

რაღაც განსაკუთრებულის მოსმენის მოლოდინით აღსავსე ბაირონი მაშინვე ჩაუჯდა გონდოლაში, გაცურეს ვენეციის ულამაზეს ქუჩებში და სიმღერაც გაისმა.

"ის, რაც გავიგონე, უძლური ადამიანის ხავილს უფრო ჰგავდა, ვიდრე სიმღერას. დიდებული სასახლეებისა და დარბაზების ნანგრევების მეტი რა მინახავს. მძიმეა მათი ხილვა, მაგრამ დამონებული ადამიანის მიერ შესრულებული თავისუფლებისადმი მიძღვნილი სიმღერის "ნანგრევების" მოსმენაზე უფრო მძიმე, ამქვეყნად არაფერი ყოფილა", - წერდა თავის დღიურში დიდი პოეტი.

ლადო გოგუაძე