"მოუსყიდავი მოლარე რიტი" - კვირის პალიტრა

"მოუსყიდავი მოლარე რიტი"

სალარო-აპარატის გარეშე ნებისმიერი სავაჭრო საქმიანობა წარმოუდგენელია. ზოგიერთ მოვაჭრეს მაინცდამაინც არ სიამოვნებს მისი წამდაუწუმ გამოყენება, თუმცა, ეს ხელსაწყო სწორედ ამ ფენის წარმომადგენლის გამოგონილია.

პირველი ასეთი აპარატის შექმნა აშშ-ის მოქალაქის - ჯეიმს რიტის სახელს უკავშირდება. მას ქალაქ დეიმონში პატარა ბარი ჰქონდა. კლიენტურის სიმცირეს არ უჩიოდა, მხოლოდ ბარმენების მიერ ფულის "მოტეხვას" ვერაფერი მოუხერხა. მათი ხშირი ცვლაც უშედეგო აღმოჩნდა - მოგებული თანხა სრულად მაინც ვერ აღწევდა კანონიერ მფლობელამდე.

იმედგაცრუებულმა დაკეტა ბარი და გულის გადასაყოლებლად ევროპაში გაემგზავრა.

გემზე ყოფნისას ცნობისმოყვარე ამერიკელმა თბომავლის ძრავის დათვალიერება განიზრახა და სამანქანო განყოფილებაში ჩავიდა, იქ კი, უამრავ ხელსაწყოს შორის, თვალი მოჰკრა გემის ძრავის გიგანტური მუხლა ლილვის ბრუნვების აღმნუსხველ ხელსაწყოს. მას მაშინვე გაუჩნდა იდეა: ხომ არ შეიძლებოდა იმავე პრინციპით მომუშავე, გაცილებით მცირე ზომის  ხელსაწყოს ფულის ბრუნვის პროცესიც აღენუსხა? ევროპის მონახულებას თავისი იდეის ხორცშესხმა ამჯობინა, კრუიზი შეწყვიტა და მშობლიურ დეიმონში დაბრუნდა.

სულ მალე მზად იყო პირველი აპარატიც, რომელიც სამაგიდო საათს უფრო ჰგავდა, ვიდრე საბუღალტრო ხელსაწყოს. ჯეიმს რიტის აპარატს ქვემოთ ორ რიგად განლაგებული კლავიატურა ჰქონდა. ყოველი კლავიში გარკვეულ თანხას აღნიშნავდა, ზემოთ კი საათის ციფერბლატი იყო დამაგრებული: დიდი ისარი ცენტებს აღნიშნავდა, პატარა - დოლარებს. შესაბამისად, როდესაც დიდი ისარი ას ნაკვეთურად დაყოფილ ერთ სრულ წრეს შეასრულებდა, პატარა ისარი ერთი დანაყოფით გადაადგილდებოდა. პირველ მოდელს მალე მეორე და მესამეც მოჰყვა. აპარატი მყიდველის გადახდილ თანხასაც აჯამებდა და ჩეკსაც იძლეოდა - ქაღალდის ლენტზე გაკეთებული პატარა ნახვრეტების სახით. თავის ქმნილებას, რომელზე პატენტიც რიტმა 1879 წლის 4 ნოემბერს აიღო, "მოუსყიდავი მოლარე რიტი" დაარქვა.

ლადო გოგუაძე