ვასილ მჟავანაძე: ”გამაცანით... აკაკი წერეთელი!” - კვირის პალიტრა

ვასილ მჟავანაძე: ”გამაცანით... აკაკი წერეთელი!”

1956 წელს ქართველმა რეჟისორმა ლეო ესაკიამ "ბაში-აჩუკი" გადაიღო. მაშინდელი დაუწერელი კანონის თანახმად, ფილმის ეკრანებზე გამოსვლამდე მოეწყო დახურული ჩვენება, ე.წ. "პრასმოტრი," რომელსაც კინომოღვაწეებთან ერთად პარტიული ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. სწორედ მათ ვერდიქტზე იყო დამოკიდებული ფილმის მომავალი. "ბაში-აჩუკის" ჩვენებაზე მიბრძანება ინება თვით ვასილ მჟავანაძემ, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა, რომელიც რუსეთში 35 წელი მსახურობდა და საქართველოშIი 1953 წელსღა ჩამობრძანდა.

კინოსტუდიის დირექტორმა პირველ მდივანს მოახსენა, ფილმი აკაკი წერეთლის მოთხრობის მიხედვით გადავიღეთო. სხვა რამის თქმა ზედმეტად ჩათვალა და ჩვენებაც დაიწყო.

ვასილ მჟავანაძეს ძალიან მოეწონა ფილმი, როგორც ამბობენ, თვალებიც კი აუწყლიანდა (თანამედროვეთა გადმოცემით, საკმაოდ გულჩვილი კაცი ყოფილა).

დასრულდა ჩვენება და სტუმარმა გაბადრული სახით მის ირგვლივ მსხდომთ დაუწყო თვალიერება, აშკარად ეტყობოდა, რომ ვიღაცას ეძებდა. ბოლოს კინოსტუდიის დირექტორს მიმართა, აკაკი წერეთელი გამაცანითო. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. გაოცებას ვინ ჩიოდა, ყველა საგონებელში ჩავარდა - მოდი და კაცს, რომელსაც დარბაზში მყოფი ნებისმიერი ადამიანის ბედის ერთპიროვნულად გადაწყვეტა შეეძლო, აკადრე: დიდი პოეტი, კარგა ხანია, მთაწმინდაზე განისვენებსო. არადა, რამე უნდა ეღონათ. ისევ დირექტორმა იპოვა გამოსავალი: მოჰკიდა ხელი ლეო ესაკიას და მჟავანაძეს მიჰგვარა: აი, ეს გახლავთ "ბაში-აჩუკის" ავტორიო, ოღონდ, არც მისი სახელი და გვარი უხსენებია და არც ის დაუზუსტებია, მოთხრობის ავტორი იყო თუ - ფილმის. როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ მის წინაშე აკაკი წერეთელი იდგა, გულში ჩაიკრა დამორცხვებული რეჟისორი, შემდეგ კი გასასვლელისკენ გაემართა.