პოლიტიკოსთა უნივერსალური დახასიათება ჩერჩილისაგან - კვირის პალიტრა

პოლიტიკოსთა უნივერსალური დახასიათება ჩერჩილისაგან

ბრიტანეთში ჩატარებული ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, უინსტონ ჩერჩილი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეა. პოლიტიკური ბატალიების დიდოსტატი ხელოვნების ნიჭითაც იყო დაჯილდოებული. არაჩვეულებრივად ხატავდა და მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობაც დატოვა. ორი მსოფლიო ომის მონაწილეს და ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს 1956 წელს ნობელის პრემია სწორედ ლიტერატურის დარგში მიანიჭეს.

უინსტონ ჩერჩილი არა მარტო პოლიტიკური და ლიტერატურული მოღვაწეობით, არამედ მახვილგონივრული გამონათქვამებითაც არის ცნობილი.

ბრიტანეთის პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ყველა საკითხზე საკუთარი ნააზრევის დამადასტურებლად ექვსნიშნა რიცხვების კორიანტელი დააყენა. სხდომის დასრულების შემდეგ ერთმა კოლეგამ გაკვირვებით შენიშნა, ამდენი ინფორმაციის შესაგროვებლად წლებს დახარჯავდითო, რაზეც ჩერჩილმა მიუგო: ინფორმაციის მოპოვების რა მოგახსენოთ, ჩემს მოწინააღმდეგეებს კი ნამდვილად წლები დასჭირდებათ იმისათვის, რომ დათვალონ, ზუსტი იყო ჩემი მოყვანილი რიცხვები თუ არაო.

მასვე ეკუთვნის პოლიტიკოსთა, სავარაუდოდ, ყველაზე უნივერსალური დახასიათება: "არჩევნებამდე პოლიტიკოსები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რაც შეიძლება მიმზიდველი დაპირებები მისცენ ხალხს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მათი ერთადერთი საფიქრალია, ოსტატურად გაიმართლონ თავი ამ დაპირებების შეუსრულებლობის გამო."

სიტყვიერ პაექრობაში თვით Bბერნარდ შოუსთანაც კი არ მარცხდებოდა. ერთხელ, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, როდესაც ჩერჩილს ბევრი მოკავშირე შემოეცალა, შოუმ ასეთი მოსაწვევი გაუგზავნა: "გთხოვთ, მობრძანდეთ ჩემი პიესის პრემიერაზე, გიგზავნით ორ ბილეთს თქვენთვის და თქვენი რომელიმე მეგობრისათვის, თუ მეგობარი საერთოდ შეგრჩათ." ჩერჩილმა ასეთი პასუხი აახლა გაკადნიერებულ მწერალს: "ბოდიშს გიხდით, პრემიერას ვერ დავესწრები, მაგრამ მეორე ჩვენებაზე აუცილებლად მოვალ, თუ ის საერთოდ გაიმართება."

ლადო გოგუაძე