"დაბრო პაჟალოვატ, დრუზია!" - კვირის პალიტრა

"დაბრო პაჟალოვატ, დრუზია!"

მიხეილ ხერგიანს სიცოცხლეშივე შეარქვეს "კლდის ვეფხვი." "ფანტასტიკურია! მისი კლდეზე ცოცვის ტექნიკა უზადოა, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მისი ხელებისა და ფეხების ქვეშ კლდეები ცოცხლდება," - აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ქართველი მთამსვლელის ოსტატობის შემხედვარე უცხოელები, თუმცა, მხოლოდ ოსტატობაში არ იყო საქმე.

კლდეზე ცოცვისას მისი შემხედვარე იფიქრებდი, რომ ეს ვაჟკაცი რაღაც მძიმე და რთულ საქმეს კი არ იყო შეჭიდებული, არამედ ერთობოდა. ამიტომაც  ამბობდნენ: კლდეზე კი არ დადის, ცეკვავსო.

პირველი ოქროს მედალი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონის წოდება 1955 წელს, 23 წლისამ მოიპოვა. ქართველ მთამსვლელებთან ერთად კომუნიზმის (მაშინ - სტალინის) პიკი (7495მ) დალაშქრა ურთულესი - სამხრეთის მარშრუტით. ამ მარშრუტს დღესაც "ქართველების გზას" უწოდებენ.

ლეგენდად შემორჩა მეგობარი მთამსვლელებისთვის მოწყობილი ოინი.

საბჭოთა მთამსვლელების ჯგუფი საკმაოდ რთული კედლის დასალაშქრად ემზადებოდა. ყველა საბაზო ბანაკში იყო შეკრებილი, რომ მეორე დღეს კლდეს შესჭიდებოდნენ. ბანაკში იყო მიხეილ ხერგიანიც, რომელიც იმ დღეს ასვლაში არ მონაწილეობდა და მეგობრებს გულშემატკივრობდა.

კარგად გათენდა და დაიწყო ასვლა. სტუმრებმა წარმატებით გაართვეს თავი ყველა სირთულეს და რამდენიმე საათში კლდეს თავზე მოექცნენ, მწვერვალზე ასულებს კი წარწერა დახვდათ; "დაბრო პაჟალოვატ, დრუზია!" თურმე, დილაუთენია მიხეილ ხერგიანმა მარტომ დალაშქრა კლდე, რათა მეგობრებისთვის სიურპრიზი მოეწყო, შემდეგ დაეშვა და ისევე უჩუმრად დაბრუნდა ბანაკში, როგორც ერთი საათის წინ გავიდა იქიდან.

მიხეილ ხერგიანი  იტალიაში, მწვერვალ სუ-ალტოზე ასვლისას დაიღუპა. 600 მეტრ სიმაღლეზე ქვათა ცვენაში მოჰყვა. ნაჯახივით მჭრელმა სიპმა თოკი გადაუჭრა და კლდიდან მოწყვიტა, მეორე დამცავი თოკი კი, რომელსაც ასეთი შემთხვევისას მთამსვლელის სიცოცხლე უნდა ეხსნა, მიხეილ ხერგიანს ჩაბმული არ ჰქონდა - როგორც უმეტეს შემთხვევაში, "კლდის ვეფხვი" მაშინაც ერთი თოკით ადიოდა მწვერვალზე. მისი მეწყვილე სუ-ალტოზე, ვიაჩესლავ ონიშჩენკო, იგონებდა, რომ კლდიდან მოწყვეტილ ხერგიანს ხმა არ ამოუღია, ერთიანად შეკრული, თურმე, წინ გაწვდილი ხელებით მიფრინავდა ქვემოთ...

ლადო გოგუაძე