ხელისუფალნი და მდაბიონი - კვირის პალიტრა

ხელისუფალნი და მდაბიონი

ხელისუფალთა და რიგითი ადამიანების ურთიერთობის თემა ყოველთვის აქტუალური იყო. ვინ მოთვლის, რამდენს დაუხრია თავი "ძლიერთა ამა ქვეყნისათა" ძალმომრეობის წინაშე. თუმცა, ისტორიამ ისეთი ფაქტებიც შემოინახა, როდესაც გაბედული ადამიანები გაზულუქებულ მმართველებს საკადრის პასუხს სცემდნენ.

დიდი იულიუს კეისრის შვილობილი, რომის პირველი იმპერატორი გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი თავის სამფლობელოში მოგზაურობისას მდაბიოს გადაეყარა, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა იმპერატორს. ოქტავიანე გაოცდა, კაცი მოაყვანინა და მოწყალებასავით გადაუგდო ორაზროვანი კითხვა:

- ოდესმე დედაშენი რომში ხომ არ ყოფილა?

- არა, იმპერატორო, დედაჩემი არასოდეს ყოფილა რომში, აი, მამაჩემი კი ხშირად დადიოდა იქ, - ასევე ორაზროვანი პასუხი გასცა იმპერატორს პროვინციელმა.

არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ჩვენი გმირი მეფე ერეკლე, რომელიც არაფრით ჰგავდა ზოგიერთ გაზულუქებულ რომაელ იმპერატორს, თუმცა ერთხელ მასაც "ასწავლა ჭკუა" ერთმა ქიზიყელმა გლეხმა.

ის გლეხი ცხენით რაღაც საქმეზე გამგზავრებულა. შუა გზაზე, დაღლილს, ცხენი მინდორში საძოვარზე მიუშვია, თავად კი თვალის მოსატყუებლად, იქვე ახლოს წამოწოლილა. გამოღვიძებულს, თურმე, ცხენი აღარ დახვდა.

გამწარებულმა იმდენი ქნა, რომ საჩივრით ერეკლემდე მიაღწია. როდესაც მეფემ გაიგო, რომ გლეხს ჩაძინებულს მოჰპარეს ცხენი, უსაყვედურა: დაგიძინია და მოგპარავდნენ, მაშ, რას იზამდნენო, რაზეც ქიზიყელმა გლეხმა მიუგო: ეეჰ, მეფევ, მე იმიტომ დავიძინე, რომ მეგონა, შენა ფხიზლობდიო.

ლადო გოგუაძე