არ ვიცი, რისი სადიდებელი ითქვა ამ ჭიქით, მაგრამ სიმბოლურია - სადიდებელი ორივეს ერთი ჰქონდა - კვირის პალიტრა

არ ვიცი, რისი სადიდებელი ითქვა ამ ჭიქით, მაგრამ სიმბოლურია - სადიდებელი ორივეს ერთი ჰქონდა

"რომელი ღმერთი აძლევს კაცს, გინდაც "ბელადს", უფლებას დაყოს ადამიანები "ხალხის მტრებად" და მოყვრებად?"

"ყველა სიმღერა რასმე გაგონებს, ყველა სიმღერას თავის წლები აქვს, ყველა სიმღერა რასმე გაგონებს,რაც ფიქრს ოდესღაც დავიწყებია", - წერდა ირაკლი აბაშიძე და ალბათ ყველაზე სევდიანი ჰამლეტ გონაშვილის სიმღერის მოსმენისას იყო.

"ყველა სიმღერა რასმე გაგონებს", სამშობლოს აგონებდა, მზით გამთბარ ზვრებში მოსიარულე ხელებდაკოჟრილ გლეხს, შევიწროებულ და წელში გაწყვეტილ ქართველ მწიგნობრებს, ნახევრად ჩამოშლილ მონასტრებს, უცხოეთში კი რუსთაველის ფრესკას, ჯერ აღმოუჩენელს, მერე კი აღმოჩენილსა და მომავალში დაკაწრულ-დაზიანებულს... არა, იქამდე ათეული წლები იყო, ჯერ არავინ ფიქრობდა, რომ ნასათუთარი აღმოჩენა ვანდალების ხელით შეიბღალებოდა... მაგრამ ჰამლეტ გონაშვილის მიერ შესრულებულ სულისშემძვრელ, ულამაზეს სიმღერებში გარეშე მტრის დაუნდობლობით განცდილი ტრაგიზმიც იგრძნობოდა და შინაურთა ვერაგობით გამოწვეული სასოწარკვეთაც...

და მაინც, ორივეს უნდა ეცოცხლა - ჰამლეტ გონაშვილსაც და ირაკლი აბაშიძესაც. ერთს უნდა ემღერა და ის ფიქრები გამოეწვია, რაც მაშინდელ სახელმწიფოს შეგნებულად ჰქონდა გადადებული დასავიწყებლად... მეორეს უნდა ეწერა - "ვინ რას დამძრახავს, დღეც არ გასულა, მე არ მესუნთქოს მიწის სურნელით, მე ვიყავ ქვეყნით სავსე კაცურად, ხან უამურით, ხან სასურველით"...

დროის ქარტეხილში წონასწორობა რომ შეენარჩუნებინა და ძლიერ ქარს არ გადაჰყოლოდა მოუსავლეთში, განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებოდა. ირაკლი აბაშიძე რაღაც დათმობაზე უნდა წასულიყო - საკავშირო მწერალთა ყრილობებზე პრეზიდიუმში უნდა მჯდარიყო, რომ მერე საშუალება მისცემოდა, რუსთაველის ნაკვალევზე ეძებნა ქართული ისტორიის კვალი, ქართული ენციკლოპედია გამოეცა... ალბათ არავის ჰყოლია იმდენი აუგის მთქმელი და იმდენი მოკეთე, რამდენიც ირაკლი აბაშიძეს... ამისთვისაც უნდა გაეძლო. თავისი გასაკეთებელი გაეკეთებინა, ჩასაწერი - ჩაეწერა. და თუმცა მეორე ათასწლეულის დადგომამდე ბევრ მოგონებასა და ნაფიქრალს არ ეწერა მზის სინათლის ხილვა, მერე ხომ მაინც დაიბეჭდებოდა:

"ჩემს გულში მიფიქრია - რომელი ღმერთი აძლევს კაცს, გინდაც "ბელადს", უფლებას დაყოს ადამიანები "ხალხის მტრებად" და მოყვრებად? არა, ამ უფლებას ღმერთი სრულებითაც არ იძლევა. ამ უფლებას იძლევა ბრბო არევ-დარევის, განუკითხაობის, რევოლუციების დროს".

და ერთი კაცის ბრალიც არასოდეს არაფერი იყო - მთავარი დამნაშავე ყოველთვის ბრბო გახლდათ - XX საუკუნის გარიჟრაჟზეც, 30-იან წლებშიც, საუკუნის დასასრულსაც და ახლაც, როცა ამ სიტყვების მთქმელს 100 წელი შეუსრულდა. ამ თარიღმა უხმაუროდ ჩაიარა და ფოტოგამოფენით შემოიფარგლა, რომლის თაოსანიც ისევ ქართული ენციკლოპედიის კოლექტივი იყო...

წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება თითქოს ეპოქის ნიშანი იყო. ბევრის პიროვნება დაინგრა იდეოლოგიის "მახვილით". და მაშინ, როცა სიტყვა იდევნებოდა და იკეტებოდა, სიმღერა არსებობდა ეროვნულობის ძეგლად - ქართულ ხალხურ სიმღერას მოჰქონდა ფიქრი - ჩაწიხლული სულის გადასარჩენად. მაძღარ და რეპრესიებისაგან თავისუფალ 70-იან წლებში კიდევ უფრო საჭირო იყო სულის "გაფხავება", რომ საღათას ძილით არ ჩაგვძინებოდა ქართველებს. ჰამლეტ გონაშვილის ნამღერი კი მარტო ხმა არ იყო - გული იყო ამოღებული.

ფოტოზე ორი სრულიად სხვადასხვა ხასიათისა და ცხოვრების ადამიანი ვახტანგურად სვამს სადღეგრძელოს. არ ვიცი, რისი სადიდებელი ითქვა ამ ჭიქით, მაგრამ სიმბოლურია - სადიდებელი ორივეს ერთი ჰქონდა.

ორივე ერთი ქვეყნის - დღემდე გაწამებულის და ნაგვემის - შვილი იყო...