9, 8 თუ 7 მაისი?! - კვირის პალიტრა

9, 8 თუ 7 მაისი?!

მეორე მსოფლიო ომის დასრულებას საბჭოთა კავშირი და დანარჩენი მსოფლიო ათწლეულების მანძილზე სხვადასხვა დღეს ზეიმობდნენ. საბჭოთა კავშირი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ 9 მაისს მიიჩნევდა, აშშ და ევროპის სახელმწიფოები კი - 8 მაისს.

ბერლინში კაპიტულაციის აქტს საბჭოთა კავშირის მხრიდან მარშალმა ჟუკოვმა მოაწერა ხელი, მოკავშირეთა მხრიდან - მარშალმა ტედერმა, ხოლო დამარცხებული გერმანიის მხრიდან - ფელდმარშალმა კეიტელმა. ეს მოხდა 8 მაისს, 22 საათსა და 49 წუთზე. ამ დროს მოსკოვში უკვე 9 მაისი იყო, უფრო ზუსტად - 00 საათი და 49 წუთი. გამარჯვების დღეც საბჭოეთში 9 მაისს აღინიშნებოდა.

მაგრამ ისტორიის ანალებს თუ ჩავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მეორე მსოფლიო ომი არა 8  ან 9 მაისს, არამედ 7 მაისს დამთავრდა.

სააგენტო "ასოშეიტედ პრესის" პრეზიდენტმა ტომ კერლომ 2012 წელს, 67 წლის დაგვიანებით, ბოდიში მოუხადა 1945 წელს გერმანიაში მივლინებულ გაზეთის კორესპონდენტ ედვარდ კენედის, რომელიც მაშინ სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზი იყო 7 მაისს საფრანგეთის ქალაქ რეიმსში, ღამის 2 საათსა და 41 წუთზე ხელმოწერილი კაპიტულაციის აქტი, რომელსაც გერმანიის მხრიდან ვერმახტის გენერალი იოდლი აწერდა ხელს, საბჭოთა მხრიდან - გენერალი სუსლოპაროვი, ხოლო ამერიკა-ინგლისის მხრიდან - გენერალი სმიტი. ეს აშშ-ის სამხედრო ძალების გენერლის - დუაიტ ეიზენჰაუერის შტაბში მოხდა. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ სტალინმა კატეგორიულად მოითხოვა, კაპიტულაციის აქტი ხელმეორედ გაფორმებულიყო, თანაც - ბერლინში. ამის გამო რეიმსში ხელმოწერაზე მიწვეულ 16 ჟურნალისტს მიეცა დირექტივა, დაეცვათ საინფორმაციო ემბარგო და ინფორმაცია მხოლოდ 36 საათის გასვლის შემდეგ გაევრცელებინათ, რათა რუსული მხარისთვის ხელმოწერის ორგანიზებისთვის დრო მიეცათ.

ამ ჟურნალისტებიდან 15 დაემორჩილა მითითებას და კაპიტულაციის შესახებ ოფიციალურად 8 მაისს 15 საათზე გამოცხადდა (რასაც ზეიმობს კიდეც აშშ და ევროპა), ედვარდ კენედიმ კი ჩათვალა, რომ ხალხს უნდა სცოდნოდა სიმართლე; ალბათ, სენსაციაზე დაგეშილი ჟურნალისტის ყნოსვამაც იმოქმედა და მისი ტელეგრამა "ასოშეიტედ პრესის" ნიუ-იორკის სათავო ოფისში, ადგილობრივი დროით 9 საათსა და 35 წუთზე მიიღეს. ეს არაოფიციალური, მაგრამ სასიხარულო ცნობა ელვის სისწრაფით მოედო მსოფლიოს. არ დააყოვნა კენედის კოლეგებისა და სხვა სააგენტოების რისხვამაც, რომლებიც ჟურნალისტსა და მის სააგენტოს პროფესიული ეთიკის დარღვევაში ადანაშაულებდნენ. "ასოშეიტედ პრესი" იძულებული გახდა, სამსახურიდან დაეთხოვა კენედი, ხოლო კოლეგებისთვის ბოდიში მოეხადა. თუმცა სააგენტოს შეფმა მოგვიანებით, თავად კენედის გარდაცვალების შემდეგ მოუხადა ბოდიში (ჟურნალისტი 1963 წელს ავტოავარიაში გარდაიცვალა), მისმა კოლეგებმა კი ედვარდ კენედის კანდიდატურა პულიტცერის სახელობის პრემიაზე წარადგინეს. დაჯილდოების ცერემონია უახლოეს დღეებში გაიმართება.

ლადო გოგუაძე