მილიონი არ მიიღო, მათემატიკას თავი დაანება... - კვირის პალიტრა

მილიონი არ მიიღო, მათემატიკას თავი დაანება...

2000 წელს ამერიკის მათემატიკის ინსტიტუტმა სამეცნიერო სფეროში დაგროვილი დაუმტკიცებელი თეორემებიდან გამოყო შვიდი უმნიშვნელოვანესი, მათ "ათასწლეულის გამოცანები" უწოდა და  თითოეული მათგანის დამტკიცებისთვის  ფულადი პრემიაც დააწესა - მილიონი დოლარი. შვიდეულში მოხვდა "პუანკარეს ჰიპოთეზის" სახელით ცნობილი თეორემაც, რომელიც 1904 წელს ფრანგმა მათემატიკოსმა ანრი პუანკარემ წამოაყენა და რომლის ამოხსნას, 100 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ პლანეტის უჭკვიანესი ადამიანები.

ამჟამად თეორემა დამტკიცებულია, თუმცა, მილიონ დოლარს "პატრონი" არ გამოუჩნდა. თეორემა სანქტ-პეტერბურგში მცხოვრებმა მათემატიკოსმა, 46 წლის გრიგორი პელერმანმა დაამტკიცა და ჯერ კიდევ 2002 წელს ინტერნეტით გაავრცელა. მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება თავიდან უნდობლად მოეკიდა ყველასთვის უცნობი მეცნიერის ნაშრომს, მაგრამ მალე იძულებული გახდა, განეცხადებინა, რომ ათასწლეულის ერთ-ერთი გამოცანა ამოხსნილი იყო. აღიარებამ არ დააყოვნა.

2006 წელს პელერმანს ფილდსის სახელობის მედალი და ფულადი ჯილდო მიანიჭეს, ხოლო 2010 წელს ამერიკის მათემატიკის ინსტიტუტმა დაწესებული მილიონიც გამოყო, მაგრამ სანქტ-პეტერბურგელი მეცნიერი კასრში მცხოვრები ძველი ბერძენი ფილოსოფოსის - დიოგენეს ჭეშმარიტი სულიერი შთამომავალი აღმოჩნდა, რომელმაც კასრთან მისულ მაკედონელს ყოველგვარ წყალობაზე უარი უთხრა და გვერდით გაწევა მოსთხოვა - მზეს ნუ მიჩრდილავო. პელერმანმაც, რომელიც 2005 წლიდან კარჩაკეტილად ცხოვრობს ქალაქის გარეუბანში ათსართულიანი სახლის ერთოთახიან ბინაში, მასთან პრემიების გადასაცემად მისულ ოფიციალურ პირებს კარიც არ გაუღო და შიგნიდან გამოსძახა: "თავი დამანებეთ, ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება."

მრავალი მცდელობის მიუხედავად, პელერმანი არავის იკარებს. მეზობლის მონათხრობის მიხედვით კი, რომელმაც ერთხელ გამოღებული კარიდან შეავლო თვალი მეცნიერის სამყოფელს, მის ბინაში დგას  მაგიდა, მასზე დახვავებული ფურცლებით, ერთი სკამი და საწოლი დაძენძილი ლეიბით. დროდადრო დედა აკითხავს.

მრავალდღიანი "ჩასაფრების" შემდეგ მხოლოდ ერთმა ამერიკელმა ჟურნალისტმა შეძლო პროდუქტის საყიდლად გამოსულ პელერმანთან გამოლაპარაკება. მეცნიერმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ მათემატიკას თავი დაანება, ხოლო კითხვაზე, შემდეგ რა იქნება, მხრები აიჩეჩა - არ ვიციო.

ლადო გოგუაძე