დილით ბავშვებს ასწავლიდა ჭკუას, საღამოს - უფროსებს - კვირის პალიტრა

დილით ბავშვებს ასწავლიდა ჭკუას, საღამოს - უფროსებს

სიმონ სხირტლაძე, არაჩვეულებრივი ქართველი პედაგოგი - სწორედ მასზეა ზედგამოჭრილი რუსთველისეული: "გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი"; მასავით არვის შეეძლო სიყვარულის ალში (მისივე სიტყვებია) გაეხვია ადამიანები და საჩხუბრად აქოჩრილები ერთმანეთისთვის ჩაეხუტებინა... როგორც იხსენებენ, სიმონ სხირტლაძე ერთადერთი იყო, ვისაც უკვე შეზარხოშებული და საჩხუბრად აღერღილი პოეტის - კოლაუ ნადირაძის დაშოშმინება შეეძლო. ვისაც კოლაუს ახირებულ ხასიათზე ცოტა რამ მაინც სმენია, დაგვეთანხმება, რომ ეს არ იყო ადვილი, მაგრამ ბატონი სიმონი ამას ახერხებდა. შეიძლება ითქვას, რომ პედაგოგი სიმონ სხირტლაძე დილით ბავშვებს არიგებდა ჭკუას, ხოლო ცნობილი თამადა სიმონიკა სხირტლაძე საღამოდან მეორე დილამდე  უფროსებს ატკბობდა თავისი სიტყვის მადლით.

გოგებაშვილის ქუჩაზე, ოჯახთან ერთად, ერთ პატარა, დაბალჭერიან ბინაში ცხოვრობდა. ეს ბინა იმითაც იყო გამორჩეული, რომ იქ ხშირად სტუმრობდა დიდი გალაკტიონი. შეაღებდა პოეტი სხირტლაძეების სახლის კარს და შესძახებდა: "გაუმარჯოს დაბალ ჭერს და მაღალ სულს!" ისიც ცნობილია, რომ როდესაც ბინაში რემონტი გააკეთეს, სიმონ სხირტლაძის მოთხოვნით, უკვე საკმაოდ მოძველებული და მონჯღრეული კარის სახელურები არც შეუცვლიათ და არც გადაუღებავთ - გალაკტიონის ხელშენავლებიაო, ამბობდა და როგორც რელიკვიას, ისე უფრთხილდებოდა.

სუფრასთან მასთან მოხვედრის მსურველი ბევრი იყო, სიმონი კი ერთი გახლდათ და არცთუ იშვიათად სწორუპოვარ თამადას... იტაცებდნენ!.. ხანდახან კი, ქეიფით გადაღლილი, იმალებოდა თურმე...

ერთხელ, განთიადისას, თავისი განუყრელი ხელჯოხით რუსთაველის პროსპექტზე მიაბიჯებდა. ქეიფი დაესრულებინა, ხალხი "დაეფერთხა", თავად კი, თითქოს არაფერი დაელიოსო, ისე მისეირნობდა. გზად ყოფილი მოწაფე შემოხვდა. მიესალმა. ახალგაზრდამ, ალბათ, იფიქრა, ვასიამოვნებო და მზრუნველად მიუთითა: ბატონო სიმონ, შარვლის ტოტი დაგსვრიათო. სიმონმა წარბი შეიკრა, ცერად დაიხედა ქვემოთ, შემდეგ თავი ასწია და ნირწამხდარ ახალგაზრდას ჭკუა დაარიგა: ყმაწვილო, ვაჟკაცს შუბლში უნდა უცქირო და არა - ფეხებშიო.

არავინ იფიქროს, ღვინით თრობას ვქადაგებდე, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი საჭიროა, ყველაფერში ვაჟკაცები უნდა ვიყოთო, - ამბობდა. შესანიშნავი პუბლიცისტი და პედაგოგი არაჩვეულებრივი ოჯახის პატრონიც გახლდათ. ცნობილია მისი პატარა, საოცრად თბილი ლექსიც, რომელიც ბაბუა სიმონმა შვილიშვილს დაუწერა:

"ვენაცვალე დუდის,

თაფლის სუნი უდის.

ნაპერწკალი მოხვედროდეს,

რუსთაველის ქუდის..."

ლადო გოგუაძე