ვისთვის ტრაგედია, ვისთვის - რეკლამა - კვირის პალიტრა

ვისთვის ტრაგედია, ვისთვის - რეკლამა

1934 წლის 23 მაისს აშშ-ის ყველა წამყვანი გაზეთის პირველ გვერდზე დაბეჭდილი იყო ცნობილი განგსტერული წყვილის - ბონი პარკერისა და კლაიდ ბაროუს სურათი, იქვე - უამრავი (167!) ტყვიით დახვრეტილი ავტომობილის ფოტო, დევნილების უკანასკნელი თავშესაფარი.

ბონი და კლაიდი 2 წლის განმავლობაში აყაჩაღებდნენ მაღაზიებს, ბენზინგასამართ სადგურებს, ბანკებს. მათ თავიანთი "ხელწერა" ჰქონდათ - მცირეოდენი წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, დაუნდობლად ხოცავდნენ ადამიანებს და დანაშაულის ადგილიდან, როგორც წესი, "ფორდის" ფირმის გატაცებული ავტომანქანით ქრებოდნენ. ავტომობილი კი მათი უსაფრთხოებისთვის მთავარი გახლდათ - თუ პოლიცია დაედევნებოდა, საკმარისი იყო, შტატის საზღვარი გადაელახათ, რომ სამშვიდობოს იყვნენ გასულნი, ვინაიდან, მაშინდელი კანონებით, ერთი შტატის იურისდიქცია მეორეში არ ვრცელდებოდა და პოლიციელებიც, იძულებული ხდებოდნენ, დევნა შეეწყვიტათ. ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ ცნობილი საავტომობილო ფირმის დამაარსებელმა, ჰენრი ფორდმა, 1934 წლის აპრილში მიიღო წერილი, სადაც ავტორი აღტაცებული იყო მის მიერ გამოშვებული ახალ მოდელ FORD V8-ით, რომლის კარებიც განსაკუთრებით სქელი რკინისგან იყო დამზადებული და საავტომობილო მაგნატს ჰპირდებოდა, ამიერიდან მხოლოდ ამ მანქანებს გავიტაცებთო. წერილს ბონი და კლაიდი აწერდნენ ხელს, რომლებიც იმხანად პოპულარობით ამერიკის პრეზიდენტს უტოლდებოდნენ.

ფორდმა წერილი გაზეთში გამოაქვეყნებინა. სულ მალე კი იმავე გაზეთებში ტყვიებით საცერივით დახვრეტილი "FORD V8"-ის ფოტო დაიბეჭდა. ლუიზიანის საზღვარზე გადასვლისას ბონი და კლაიდი მანქანის "ტყვიაგაუმტარმა" კარმაც ვეღარ დაიფარა და მძარცველები ჩასაფრებული პოლიციელების მსხვერპლი შეიქნენ. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. ჰენრი ფორდი აღიარებდა, რომ ფირმის არსებობის მანძილზე ყველაზე ეფექტიანი რეკლამა მის პროდუქციას ბონიმ და კლაიდმა გაუკეთეს...

ლადო გოგუაძე