ასეც ხდებოდა თბილისში, ანუ შინიდან გაუსვლელად - კვირის პალიტრა

ასეც ხდებოდა თბილისში, ანუ შინიდან გაუსვლელად

ნიაზ დიასამიძის ნათქვამი, ყოველი ფრაზა თუ "დადგმული" სკეტჩი, თავისი მახვილგონივრულობით, ხელოვნების დონისა იყო.

მრავალმხრივ ნიჭიერს, ყველაფერთან ერთად, დალევაც უყვარდა, რაც მისი ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი მამის, ბატონი სულეიმანის უკმაყოფილებას იწვევდა.

შეგონებებითა და საყვედურებით რომ ვერაფერს გახდა, შვილის ჯანმრთელობაზე მზრუნველმა მამამ უკიდურეს ხერხს მიმართა - ადგა და, ერთ მშვენიერ დღეს, უფრო ზუსტად, დილას, შვილი შინ ჩაკეტა - ახლა რაღას მოიმიზეზებს, ან სად იშოვის სასმელსო!

რაღას იზამდა ნიაზი, იტრიალა ცოტა ხანს სახლში, ბოლოს, თავის ოთახში შევიდა და მიყუჩდა. გავიდა რამდენიმე საათი. ოთახიდან ჩამიჩუმი არ ისმის, - არც ხვეწნა, არც უკმაყოფილების გამომხატველი სიტყვა. ამ უჩვეულო სიჩუმით დაეჭვებულმა მამამ ბოლოს შეაღო "პატიმრის" ოთახის კარი და რას ხედავს - გვარიანად შექეიფიანებული ნიაზი ტახტზე წამოწოლილა და ორაზროვნად იღიმება. გაგიჟდა კაცი, ნამდვილად იცის, რომ შინ წვეთი სასმელი არ დაუტოვებია, არც კარი გაღებულა, არც ფანჯარა. არადა, მის წინ მთვრალი ნიაზია. დაბნეულმა, სხვა ვეღარაფერი მოიფიქრა, სამზარეულოში ონკანს ეცა - აქ ხომ არ გამოუშვესო სასმელი...

სინამდვილეში კი აი რა მოხდა: როდესაც ყველანაირი გზა გადაუჭრეს, ნიაზმა ისევ თავისი საყვარელი თბილისელების, ამ შემთხვევაში კი, ვერელების გამგებიან გულს მიმართა - დაწერა ბარათი ასეთი ტექსტით: "გამვლელო, ნუ დაინანებ ერთ ბოთლ ღვინოს გაჭირვებაში ჩავარდნილი ნიაზისთვის." წერილი თოკზე გამოაბა და საპირფარეშოს სარკმლიდან ქუჩაში ჩაუშვა. ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებია. "გამგებიანმა" გამვლელმა მალევე გამოიარა და თოკის ბოლოც "სასიამოვნოდ" დამძიმდა. ნიაზს ისღა დარჩენოდა, გამოცდილ მეთევზესავით ფრთხილად ამოეწია ძვირფასი ნადავლი...

ლადო გოგუაძე