როგორ უნდა დაიმორჩილო ადამიანი? - კვირის პალიტრა

როგორ უნდა დაიმორჩილო ადამიანი?

1963 წელს იელის უნივერსიტეტის პროფესორის, სტენლი მილგრემის, ექსპერიმენტმა სოციალურ ფსიქოლოგიაში მსოფლიო აალაპარაკა. მილგრემი ცდილობდა, გამოერკვია, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს, მეორე, მისთვის სრულიად უცნობ პირს, ტკივილი მიაყენოს. ამისათვის იგი გერმანიაში წასვლას გეგმავდა, რათა შეესწავლა, როგორ ჩადგა მილიონობით გერმანელი ერთი მუჭა ნაცისტების სამსახურში, თუმცა, ამერიკაში ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ იქ წასვლა აღარ დასჭირვებია.

ექსპერიმენტისთვის 40 მოქალაქე, მცირე გასამრჯელოს ფასად, გაზეთში გამოქვეყნებული განცხადების საშუალებით შეკრიბეს. ექსპერიმენტის არსი ასეთი იყო: შეკრებილებს გააცნეს კითხვარი, შემდეგ კი  ისინი მასწავლებლებად და მოსწავლეებად დაჰყვეს. მასწავლებელი სპეციალურ სავარძელზე დაბმულ მოსწავლეს კითხვას უსვამდა.

თუ სწორ პასუხს ვერ მიიღებდა, პულტის საშუალებით მოსწავლის მიმართულებით ელექტრონულ მუხტს უშვებდა, უფრო სწორად, დარწმუნებული იყო, რომ უშვებდა. რაც უფრო მეტ შეცდომას დაუშვებდა მოსწავლე, ძაბვა მით უფრო იზრდებოდა -  15 ვოლტიდან 450 ვოლტამდე. პროცესს აკონტროლებდა თეთრხალათიანი ხელმძღვანელი, რომელიც ყოყმანის შემთხვევაში მასწავლებელს მიმართავდა: "გთხოვთ, გააგრძელოთ," "აუცილებელია, რომ გააგრძელოთ," "სხვა არჩევანი არ გაქვთ, უნდა გააგრძელოთ." მოსწავლე კი ყვიროდა, ტიროდა, ცუდად ხდებოდა, გონებას კარგავდა...

ირგვლივ ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, რომ "მასწავლებლებს" შეჰქმნოდათ ილუზია, თითქოს რაღაც განსაკუთრებულ პროექტში მონაწილეობდნენ.

შედეგი გამაოგნებელი აღმოჩნდა: 40-დან 26-მა მასწავლებელმა, არასწორი პასუხების შემდეგ, მიუხედავად მოსწავლის განწირული ყვირილისა, ხელმძღვანელის მითითებით ძაბვა 450 ვოლტამდე გაზარდა, თითო-თითომ - 345, 360 და 375 ვოლტამდე, ორმა - 330-მდე, ოთხმა - 315-მდე, ხუთი მათგანი კი 300 ვოლტზე შეჩერდა. ექსპერიმენტი მრავალგზის გაიმეორეს სხვადასხვა სქესის, წარსულის, განათლების, ფსიქიკის ადამიანების მონაწილეობით. შედეგი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ამის შედეგად სტენლი მილგრემმა დაასკვნა, რომ ადამიანების ქცევაზე გადამწყვეტ ზეგავლენას ხელმძღვანელის ავტორიტეტი და პროექტის "დიდი მნიშვნელობა" ახდენდა. ისინი მზად იყვნენ, საფრთხეში ჩაეგდოთ  უცნობი ადამიანის სიცოცხლე, რადგან "ასე იყო საჭირო". თუმცა, საკმარისი იყო, ხელმძღვანელი ოთახიდან გასულიყო და იქ ასისტენტი დაეტოვებინა, რომ "მასწავლებლები" მაშინვე დაუმორჩილებლობას ავლენდნენ.

ლადო გოგუაძე