გრიგოლ ორბელიანის მუხამბაზების გმირი - კვირის პალიტრა

გრიგოლ ორბელიანის მუხამბაზების გმირი

1832 წელს რუსეთის გამგებლობის წინააღმდეგ ქართველი თავადაზნაურობის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის გრიგოლ ორბელიანი სხვა შეთქმულებთან ერთად ავლაბრის ყაზარმაში გამოამწყვდიეს. შესანიშნავი პოეტი და ცნობილი გენერალი სულის სიმხნევეს პატიმრობაშიც არ კარგავდა და თავისი ცნობილი მუხამბაზებით ეხმიანებოდა გარეთ დარჩენილ მეგობრებსა და ნათესავებს.

გრიგოლ ორბელიანის ახლობლებში ძალიან პოპულარული იყო ვინმე "ბეჟანა მკერვალის" თემა. ბეჟანა თბილისელი მკერავი გახლდათ, ენაწყლიანი  და ქალების მოყვარული. მას მთელი ქალაქი იცნობდა და მრავალი ხუმრობის ობიექტიც გამხდარა. ერთ-ერთი ასეთი სახუმარო თემა იყო ბეჟანა მკერვალისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზესი მეუღლის - სალომეს "სიყვარულის" ამბავი. ამაზე გრიგოლ ორბელიანი ხშირად ეხუმრებოდა  თავის მეგობარსა და ნათესავს, სალომე ორბელიანს. შესანიშნავ მუხამბაზებსაც კი უწერდა, ვითომ ბეჟანას თქმულს. ერთი ასეთი ლექსი სწორედ ავლაბრის ყაზარმიდან გაუგზავნა:

"არავისთვის მე დღეს არა მცალიან,/სალომესთან სადილად მეძახიან!../..."ჩემო ბეჟან"! - მისგან სინაზით თქმული,/როს მაგონდეს, როგორ არ მოკვდეს გული."

მოგვიანებით პოეტი შორეულ ილნოში გაამწესეს სამხედრო სამსახურში, თუმცა, უბრალო მკერავისა და დიდგვაროვანი ქალბატონის "სასიყვარულო ისტორიას" მაინც არ ეშვებოდა და როდესაც შეიტყო, რომ სალომეს მესამე ქალიშვილი - სოფიო შეეძინა, "ბედნიერი მამის", ბეჟანას "დაწერილი" ახალი ლექსი გამოგზავნა სამშობლოში:

"ჩემო მაკრატლის გვირგვინო,/ მზევ, შინ შემოდიო!/ ეჭვი ვის აქვს, მამა ვინც არს?/ჩემს ნაკერსა ვსცნობ /ფრიად შორს!/ მზევ, შინ შემოდიო."

ამ უსტარის მიღებამ დიდი მხიარულება გამოიწვია ჭავჭავაძეების სახლში, საიდანაც გრიგოლს სამწუხარო ამბავი შეატყობინეს: ბიჭო, ბეჟანა მკერვალი უკვე რამდენი ხანია, ამქვეყნად აღარ არის და საფლავში მაინც მოასვენეო, - სწერდა გრიგოლს სალომე ორბელიანი.

გრიგოლ ორბელიანმა მთელი ცხოვრება ომებში გაატარა, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს სამხედრო წოდებასა და მაღალ თანამდებობებს მიაღწია, მატერიალურად არასოდეს ყოფილა დალხენილი, ამიტომ ფულის გაცემა არ უყვარდა. ერთხელ, ლხინის დროს, მსახურმა მოახსენა - ღვინო გაგვითავდაო. გრიგოლმა ღვინის მოსატანად ფული გაუწოდა და თანაც მიალანძღა. რას მემართლები, ბატონო, ჩემთვის ხომ არ მითხოვია ფულიო, - შეჰბედა მოსამსახურემ. ვაა, ფული მოგცე და აღარც შეგაგინო?! შენც წადი და იმას შეაგინე, ვისაც მაგ ფულს მისცემო! - ღიმილით მიუგო უკვე ხანში შესულმა გენერალმა.

ლადო გოგუაძე