რა გატირებს, ბიჭო! - კვირის პალიტრა

რა გატირებს, ბიჭო!

1841 წელს გურიაში აჯანყებამ იფეთქა - გლეხები ჯერ უსამართლო გადასახადებით იყვნენ უკმაყოფილო, მერე კი მათმა მოძრაობამ მასობრივი ხასიათი მიიღო და დამპყრობლების წინააღმდეგ მიმართულ ამბოხში გადაიზარდა. აჯანყებაში მონაწილეობდნენ ექვთიმე თაყაიშვილის მამა-ბიძებიც, რის შესახებაც საინტერესო და ჩვენი ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ცნობები შემოგვრჩა.

ექვთიმეს მამა, სიმონი, მდინარე ჩოლოქზე რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის გამავალი სასაზღვრო ზოლის ე.წ. "კორდონის ნაჩალნიკი" იყო. რუსეთის ჯარში მსახურობდა თაყაიშვილების სახლიკაცი ქაიხოსრო თაყაიშვილიც. ისინი რუსეთის იმპერიასთან შეიარაღებულ დაპირისპირებას მიიჩნევდნენ უგუნურ საქციელად, რაც ქვეყანას კიდევ უფრო დააზარალებდა. როდესაც აჯანყებულებმა აჭარისწყლის სათავეში გამავალი გზა მორებით ჩახერგეს, უთქვამთ: რუსებმა კავკასიონი გადმოლახეს და მაგ მორებს ვეღარ გადმოაბიჯებენო. სამაგიეროდ, აჯანყებაში აქტიურად მონაწილეობდა ექვთიმეს 16 წლის ბიძა ედიშელი. როდესაც მათ მშობლიურ სოფელ ლიხაურში აჯანყების ერთ-ერთი მეთაური დავით გუგუნავა მისულა მებრძოლების შესაკრებად, ედიშელი დედას სახლში ჩაუკეტავს, იმას კი  ყვირილი აუტეხია. გუგუნავას მისი ხმა გაუგონია, "გაუთავისუფლებია" ედიშელი და თან წაუყვანია.

აჯანყებულებმა რამდენიმე გამარჯვება მოიპოვეს და ოზურგეთში ერთ-ერთ გორაზე, სწორედ იმ ძველი ციხის გასწვრივ დაბანაკდნენ, სადაც რუსის ჯარი იდგა. იქვე ყოფილან სიმონ და ქაიხოსრო თაყაიშვილებიც რუსის ჯარში მომსახურე სხვა ქართველებთან ერთად. აჯანყების ერთ-ერთ მეთაურს, გოგორიშვილს (ზოგიერთი ცნობით, გოგოლიშვილს), ედიშელისთვის ხევში ჩასვლა და წყლის ამოტანა დაუვალებია. წყალთან მისული ედიშელი რუსებს შეუნიშნავთ, უსვრიათ და დაუჭრიათ. ციხეში გამაგრებულმა სიმონმა და ქაიხოსრომ ეს დაინახეს, გოგორიშვილს გადმოსძახეს, ედიშელი როგორ არისო? ჯერ არ ვიცით, ცოცხალია თუ მკვდარიო - გასძახა იმან. ეს რომ დაჭრილმა გაიგონა, ყვირილი მორთო: ცოცხალი ვარ, მიშველეთო. ჩავარდნილა გოგორიშვილი ხევში, მოუგდია დაჭრილი ზურგზე და რუსების ტყვიების ზუზუნში უსაფრთხო ადგილას გაუყვანია. გადარჩა ედიშელი, გოგორიშვილი კი აჯანყების დამარცხების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. როდესაც ჯარისკაცებს დასახვრეტად მიჰყავდათ, უკან უამრავი ხალხი მისდევდა, პატიმარი კი ყვიროდა და მეფის მთავრობას აგინებდა. ეს ამბავი ოზურგეთში მომხდარა და მას ედიშელ თაყაიშვილიც შესწრებია. თავისი გადამრჩენელი ასეთ დღეში რომ უხილავს, ცრემლმორეული ასდევნებია. გოგორიშვილს თვალი მოუკრავს  და დაუძახია: რა გატირებს, ბიჭო! არავის შერჩება ჩვენი სისხლი, დრო მოვა და გადაუხდიანო!

ლადო გოგუაძე