გილიოტენი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი იყო?! - კვირის პალიტრა

გილიოტენი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი იყო?!

ძველ საბერძნეთში თავისუფლების მიღების სანაცვლოდ ჯალათის მოვალეობას მონები ან ტუსაღები ასრულებდნენ. შემდეგ ეს უსიამოვნო საქმიანობა ზოგიერთი ადამიანის პროფესიად იქცა.

ეშაფოტზე სიკვდილმისჯილის გვერდით მდგომი ჯალათი, თავზე ჩამოცმული წითელი ნიღბით, მწერლებისა და რეჟისორების ფანტაზიის ნაყოფია. სინამდვილეში, ჯალათებს ნიღაბი არასოდეს ჰკეთებიათ, არც მათი ვინაობა ყოფილა საზოგადოებისათვის დაფარული. ის კი იყო, რომ ამ პროფესიის ადამიანებს განსხვავებული ცხოვრების წესი ჰქონდათ. ჯალათს ან მის ვაჟს არავინ მიათხოვებდა ქალს, ამიტომ ჯალათები იძულებული ხდებოდნენ, ერთმანეთს დანათესავებოდნენ და ეს საქმიანობა საგვარეულო პროფესიად გაეხადათ. ჯალათისაგან ყველა ერიდებოდა ფულის აღებას, ამიტომ ბაზარში პროდუქტის უფასოდ აღების უფლება ჰქონდა. ჯალათს ძალიან დაბალი საზოგადოებრივი მდგომარეობა ეკავა, იგი ცენზით მეძავებსა და მსახიობებს უტოლდებოდა, ეკლესიაშიც კართან უნდა მდგარიყო და საზიარებლად ბოლოს მისულიყო. მხოლოდ საფრანგეთის რევოლუციის დროს "დაფასდა" ჯალათის პროფესია. კონვენტის ბრძანებით, მაშინდელ ჯალათს "სახალხო შურისმაძიებლის" წოდება უბოძეს და მეჯლისების გახსნის პატივიც მიანიჭეს. ამ ეპოქაში ცხოვრობდა ექიმი ჟოზეფ გილიოტენიც, რომელიც სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი იყო. ბუნებრივია, მაშინ სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა, ამიტომ ექიმმა უკვე არსებული მოწყობილობა გააუმჯობესა და დამფუძნებელ კრებას მისი, როგორც დასჯის ყველაზე უმტკივნეულო საშუალების, გამოყენება შესთავაზა.

გილიოტინით რევოლუციონერებმა 35 ათასამდე ადამიანს მოჰკვეთეს თავი, მათ შორის - საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს. ბედის ირონიით კი ხელსაწყოთი, რომელსაც ავტორის პატივსაცემად გილიოტინა დაარქვეს, კინაღამ თავად ჟოზეფ გილიოტენი გამოასალმეს სიცოცხლეს. რობესპიერის ბრძანებით იგი დააპატიმრეს და გილიოტინას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ეშაფოტზე ასვლა მას თავად რობესპიერმა დაასწრო.

ლადო გოგუაძე