ახალი წელი - ორსახოვანი იანუსის ნიშნით - კვირის პალიტრა

ახალი წელი - ორსახოვანი იანუსის ნიშნით

ახალი წელი ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია, თუმცა, ყოველთვის როდი აღნიშნავდა კაცობრიობა ახალი წლის დადგომას პირველ იანვარს.

წლის პირველ თვედ იანვარი რომის იმპერატორმა გაიუს იულიუს კეისარმა  გამოაცხადა ქრისტესშობამდე 45 წელს. მანამდე რომაელები, მსოფლიოს სხვა ხალხების მსგავსად, ახალი წლის დადგომას გაზაფხულზე, მარტის თვეში ზეიმობდნენ და მას სამიწათმოქმედო სამუშაოების დაწყებას უკავშირებდნენ. კეისარმა მიიჩნია, რომ ძველი და ახალი წლის "გაყრა" სწორედ დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში ხდებოდა. იანვარი ხომ რომაელთა ორსახოვანი ღმერთის, იანუსის თვე იყო (ამ თვის სახელწოდებაც სწორედ აქედან მოდის).

იანუსს ამქვეყნად ყველაფრის დასაწყისისა და დასასრულის ღმერთად მიიჩნევდნენ. ხშირად ერთ მხარეს - ახალგაზრდის, ხოლო მეორე მხარეს მოხუცის სახით გამოსახავდნენ. იგი, ერთდროულად, წარსულშიც იყურება და მომავალშიც. ახალი წლის ღამეს ადამიანთა ფიქრიც, ალბათ, რომაელთა ძველი ღვთაების გავლენით, განვლილი წლის ამბებს  და მომავალი წლის იმედებს დასტრიალებს - ყოველ ახალ წელსაც ხომ ისე ახალგაზრდულად აღარ გამოვიყურებით, როგორც წინა წელს.

ლადო გოგუაძე