თან - საქმე, თან - სიმღერა - კვირის პალიტრა

თან - საქმე, თან - სიმღერა

რეზო თაბუკაშვილისთვის ერთხელ უკითხავთ: ბევრს მოგზაურობთ, მრავალი ერის კულტურას, ტრადიციებს იცნობთ, თუ არის ქვეყნად ხალხი, ტოლს რომ გვიდებდესო.

- ყველა თავისას ამჯობინებს და ვერც შეედავები, ზოგიერთ სფეროში, იქნებ მართლაც სხვები გვჯობიან, მაგრამ სამზარეულოსა და ფოლკლორში არა მგონია, ვინმემ შეტოლება გაგვიბედოსო.

ფოლკლორში ბატონი რეზო ქართულ სიმღერასა და ცეკვას გულისხმობდა, რომელსაც ენობრივი ბარიერი არ გააჩნია და ნებისმიერი ეროვნების ადამიანს შეუძლია, მთელი სისრულით აღიქვას. აღიქვამენ კიდეც და მისით "გადარეულიც" არაერთი უცხოელი გვინახავს.

ანზორ ერქომაიშვილი ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, სამწუხაროდ, ჩვენი დროისთვის უჩვეულო ამბავს იხსენებს თავისი ბავშვობიდან, რომელიც მის ბაბუას, არტემ ერქომაიშვილს ეხება და მიგვანიშნებს, რომ ქართველ კაცს სიმღერა სწორედ იმ "სხვა," უპირველესი საქმის გასაკეთებლად სჭირდებოდა და ეიმედებოდა.

გამოჩენილი ლოტბარისა და შემსრულებლის, არტემ ერქომაიშვილის მიერ 1965 წელს ჩაწერილი 105 საგალობელი ინახება კონსერვატორიის საცავში. აღსანიშნავია, რომ ამ ჩანაწერებში სამივე ხმას 79 წლის არტემ ერქომაიშვილი მღერის, რადგან გალობის მცოდნეთაგან ცოცხალი აღარავინ იყო, ვინც ხმას შეუწყობდა. საერთოდ კი, გასაოცარი ნიჭის წყალობით, არტემ ერქომაიშვილმა 2000-მდე საგალობლის სამივე ხმა ზეპირად იცოდა და სიყმაწვილეში ეკლესიაშიც გალობდა.

ისევ ანზორ ერქომაიშვილის ნაამბობს დავუბრუნდეთ.

ყველას მოეხსენება, რომ დასავლეთ საქართველოში ტენიანი კლიმატის გამო იოლად ბალახდება მიწა და სასაფლაოს წლის განმავლობაში ორ-სამჯერ მაინც თუ არ მიხედე, შამბი გადაუვლის, მოუვლელი საფლავი კი მძიმე სანახავია.

არტემ ერქომაიშვილს თავის მშობლიურ მაკვანეთში ასეთი ტრადიცია დაუმკვიდრებია: შეკრებდა ხოლმე სოფლის კაცებს, წავიდოდნენ სასაფლაოზე და განურჩევლად ყველა საფლავს ასუფთავებდნენ; რაც მთავარია, ამ საქმიანობის დროს განუწყვეტლივ გაისმოდა არაჩვეულებრივი ქართული სიმღერა და საგალობლები, რომლებსაც მშვენივრად ასრულებდნენ გურული გლეხები.

ასეთი საქმის გამკეთებელი და ამისთანა სიმღერების შემსრულებელი ადამიანი სულიერადაც მაღლდებოდა. მისი ნათესავისგან მომისმენია, რომელიც ბათუმში იმ ქუჩაზე ცხოვრობდა, რომელზეც ხშირად უწევდა ბატონ არტემს გავლა. არაჩვეულებრივად დარბაისლურად გამოიყურებოდა, მოსალმებითაც, პატარა ბავშვიც რომ ყოფილიყავი, ისე მოწიწებით, პატივისცემით გესალმებოდა, რომ მასთან შეხვედრის შემდეგ შენც სხვანაირად გრძნობდი თავს და რაღაც მნიშვნელოვნის გაკეთების სურვილი გიჩნდებოდაო.

ლადო გოგუაძე