"შენ თუ ამას დალევ" ანუ ღვინოში "დაკარგული" ბარონის თავგადასავალი საქართველოში - კვირის პალიტრა

"შენ თუ ამას დალევ" ანუ ღვინოში "დაკარგული" ბარონის თავგადასავალი საქართველოში

ნახევარი საუკუნის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ გავიდოდა დრო და კადრზე აღბეჭდილი ეს ემოციური წამი სამუზეუმო ექსპონატი გახდებოდა.

ფოტო, რომელზეც ორშიმოს დაწაფებული ფრანგი ბარონია გადაღებული, თბილისის ლიტერატურის მუზეუმშია დაცული. ფოტოს ისტორია კი ამ ამბის თვითმხილველებმა შემოგვინახეს.

1962 წელს თბილისმა ღვინის მეათე საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლა (საქართველო ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი სულ ორჯერ იყო - 1962 და 2010 წლებში).

კონგრესზე ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელმა მოიყარა თავი, სადაც მეღვინეობის დიდი ტრადიცია არსებობს. მასპინძლებმა საპატიო სტუმრებს საქართველოში არსებული თითქმის ყველა ღვინის, შამპანურისა და კონიაკის ქარხანა შემოატარეს და სასმელებიც დააგემოვნებინეს.

უცხოელებისთვის ყველაზე დაუვიწყარი ყვარელში, ძველ მარანში, ქართული წითელი სამარკო ღვინის დაჭაშნიკება აღმოჩნდა. მეღვინეობისა და მევენახეობის საერთაშორისო ბიუროს თავმჯდომარეს, ფრანგ ბარონ პიერ ლე რუას, ქართული ღვინო პირდაპირ ორშიმოდან შესთავაზეს.

უცხოელმა ნეტარებით გამოცალა ღვინით სავსე სასმისი, ტუჩებზე შერჩენილი ღვთიური სითხის წვეთები შეიმშრალა და კმაყოფილმა წარმოთქვა: "ბავშვობაში კუნძულ კრეტაზე, მინოსში ვიყავი და იქაურ ლაბირინთში დავიკარგე. ვისურვებდი, რომ აქ, ყვარელში, წითელი ღვინით პირთამდე სავსე ძველი მარნის ლაბირინთში დავკარგულიყავი და მერე ნუღარავინ მომძებნის"...