XX საუკუნის უძლეველი მასონური ლოჟა პ-2 - კვირის პალიტრა

XX საუკუნის უძლეველი მასონური ლოჟა პ-2

ფანტომასი ლიჩო ჯელი და სიუჟეტი ტრილერის სტილში

არიან თუ არა საქართველოში მასონები?

იტალიისთვის გასული საუკუნის 70-80-იანი წლები ძალზე ბობოქარი იყო. მოიტაცეს და მოკლეს პრემიერი ალდო მორო. ააფეთქეს ექსპრესი "იტალიკუსი". პრესაში გაჩნდა პუბლიკაციები, რომელთა ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანაში გადატრიალება მზადდებოდა, მისი ორგანიზატორები კი მასონური ლოჟა პ-2 და მისი თავკაცი ლიჩო ჯელი იყვნენ.

"შეგნებულად იქმნება მართვადი ქაოსი!”მზადდება გადატრიალება!" - ეს იტალიელ ჟურნალისტებს მაფიის ერთ-ერთმა თავკაცმა ჯენტილემ განუცხადა. მალე ჯენტილე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა...

ავანტიურისტი

ლიჩო ჯელი 1919 წელს დაიბადა. აკადემიური ჩამორჩენილობის გამო სკოლიდან გარიცხეს. ამის შემდეგ ჯელი ფაშისტური პარტიის წევრი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიის სამხედრო დაზვერვაში მსახურობდა, 1943 წელს წინააღმდეგობის მოძრაობას დაუკავშირდა. ყოველივე ამის წყალობით ახალ დემოკრატიულ იტალიაში ღირსეული ცხოვრების საშუალება მიეცა. ჯელიც რესპექტაბელურ მრეწველად გადაიქცა. ბევრისათვის გამოცანად  დარჩა, საიდან გაუჩნდა მას მსხვილი ბიზნესის დაწყებისათვის საჭირო ფული.

"ჯელიმ ხორვატული ოქრო მიითვისა! ანტე პაველიჩის მთავრობამ ჯერ კიდევ 1944 წელს თავისი ქვეყნის ოქროს მარაგი იტალიაში გაიტანა" - წერდა "რეპუბლიკა".

იატაკქვეშა იმპერიას ჯელი წლების მანძილზე აგებდა. პ-2-ს საფუძველი 1946-47 წლებში ჩაეყარა. არსებობდა ორი ლოჟა: პირველი - ლეგალური, სადაც თავი მოიყარეს მსხვილმა ბიზნესმენებმა და ფინანსისტებმა; მეორე - იატაკქვეშა. ამ უკანასკნელს კავშირი ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვასთან, ეწეოდა იარაღით უკანონო ვაჭრობას, ნარკობიზნესს, ფინანსურ მაქინაციებს. 1972-74 წლებში პ-2-მა ამერიკის დაზვერვის ყურადღება მიიქცია. მათ იტალიის მთავრობას მიმართეს: "პ-2 სახელმწიფო საფრთხეს წარმოადგენს!".

იტალიის ხელისუფლება კი  ფეხს ითრევდა. თვით ალდო მოროს მკვლელობის შემდეგაც პ-2-ის მიმართ ქმედითი ზომები არ გატარდა. მაშინ ამერიკელებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს - ფინანსურ მაქინაციებში ამხილეს ჯელის მეგობარი ბანკირი სინდონა, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა "კოზა ნოსტრასთან".

სინდონა მართლმსაჯულებას დაემალა. ეჭვობდნენ, რომ ბანკირმა ჯელის კუთვნილ ვილა "ვანდას" შეაფარა თავი.

სენსაცია

არეცო, 1981 წლის მარტი. ფინანსურმა გვარდიამ ვილა "ვანდას" ალყა შემოარტყა. სახლი გულდასმით გაჩხრიკეს, მაგრამ ხელჩასაჭიდს ვერაფერს მიაგნეს - არც სინდონა აღმოჩნდა, არც ჯელი. გამომძიებელი ტურონე ის იყო წასვლას აპირებდა, რომ ერთმა პოლიციელმა  მიმართა:

- სენიორ, ამას შეხედეთ!

გვარდიელი სამალავზე მიუთითებდა... ტურონეს ყურადღება მსხვილმა საქაღალდეებმა და კონვერტებმა მიიპყრო. გამომძიებელმა ერთ-ერთი კონვერტი გახსნა და ელდა ეცა: გენერალი ვიტო მიჩელი, გენერალი ლუიჯი ლატონი... მის წინ მასონური ლოჟა პ-2-ის წევრთა სრული სია იდო. აქ იყვნენ მაღალჩინოსანი სამხედროები, მსხვილი მრეწველები, მთავრობის წევრები, პარლამენტის დეპუტატები. საქაღალდეებში აღმოჩნდა დოსიე წამყვან ბიზნესმენებზე, პოლიტიკოსებზე, სამხედროებზე. ასეთ დოსიეებს იტალიის კონტრდაზვერვა ადგენდა, მათი ასლები, როგორც ჩანს, ჯელისაც ჰქონდა.

იტალიის ყველა წამყვანმა გაზეთმა პირველ გვერდზე სენსაციური ცნობა დაბეჭდა: "მხილებულია იატაკქვეშა მასონური ლოჟა პ-2! იტალიას მართავს  არა ხალხის მიერ არჩეული მთავრობა და პარლამენტი, არამედ იატაკქვეშა კასტურ-კლანური სტრუქტურები". მალე იტალიის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.

არავითარი იდეოლოგია

ვერავინ გაიგო, სად გაქრა ლიჩო ჯელი, სამაგიეროდ, ლოჟის ბევრი წევრი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ოფიციალურად დადასტურდა მათი კავშირი მაფიასთან, სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან, ტერორისტებთან. მალე გამოქვეყნდა გენერალ როსეტის ინტერვიუ, რომელიც ამერიკელებზე მუშაობდა. ის ამტკიცებდა, რომ ჯელი გადატრიალებას გეგმავდა:

"ნავარაუდევი იყო ხელისუფლების დამხობა, დიქტატურის დამყარება. იტალია უნდა გამოსულიყო ნატოდან და  ნეიტრალურ სახელმწიფოდ გადაქცეულიყო. ჯელის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ყველა პარტია აიკრძალებოდა, სიტყვის თავისუფლებას ბოლო მოეღებოდა", - ამბობდა როსეტი.

ამ სიტყვებმა გამსკდარი ბომბის ეფექტი იქონია. როსეტი ხომ იტალიის დაზვერვის შეფის, მიჩელის, კონსულტანტი იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობდა და პ-2-ში ამერიკელების დავალებით დამკვიდრდა. გენერალმა შეაგროვა მტკიცებულებანი თავისი შეფის,  მიჩელის საქმიანობაზე, რომელიც პ-2-ის წევრი აღმოჩნდა. პ-2-ის წევრებს შორის იყვნენ კომუნისტები, ნეოფაშისტები, ქრისტიან-დემოკრატები. როდესაც ერთ-ერთ დაპატიმრებულს ჰკითხეს, ასეთი განსხვავებული იდეოლოგიის ხალხს რა გაერთიანებდათო, მიუგო: - იდეოლოგია? მაპატიეთ, მაგრამ დღეს ეს ანაქრონიზმია! ჩვენ ორი რამ გვაერთიანებდა: - ძალაუფლება და ფული!

ჩამოხრჩობილი ბანკირი

იტალიის პარლამენტში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც პ-2-ის საქმიანობა უნდა შეესწავლა... მალე პროკურატურა "ბანკო ამბროზიანოს" თავკაც რობერტო კალვით დაინტერესდა. ის ლიჩო ჯელის მოლარე” და  მსხვილი საერთაშორისო აფერისტი აღმოჩნდა. ბანკირი უკვალოდ გაქრა. მასზე ძებნა გამოცხადდა... კალვის კვალს ავსტრიაში მიაგნეს, მაგრამ როგორც კი იტალიელი ძალოვანები ამ ქვეყანაში ბანკირის დასაკავებლად ჩავიდნენ, კალვი გაქრა. პოლიციამ მხოლოდ ის დაადგინა, რომ ბანკირი ვერტმფრენით ერთ-ერთ ქვეყანაში გადაიყვანეს.

შემდგომში კალვის ლონდონში მიაკვლიეს. დადგინდა სასტუმროც, სადაც ის სხვისი გვარით ცხოვრობდა. იტალიელთა მოთხოვნას, კალვი გადმოგვეცითო, ინგლისი უმალ დათანხმდა. პოლიციელებიც ხსენებული სასტუმროსკენ გაემართნენ, მაგრამ... ნომერი, რომელშიც კალვი ცხოვრობდა, ცარიელი დაუხვდათ.

- გუშინ გავიდა და აღარ დაბრუნებულა! - განუცხადეს პოლიციას სასტუმროს თანამშრომლებმა.

მალე ბანკირი იპოვეს. ის თემზის ერთ-ერთ ხიდზე თოკით ეკიდა. "მოკლეს!" - ამტკიცებდნენ ჟურნალისტები, თუმცა ექსპერტიზამ თვითმკვლელობა დაასკვნა.

თრილერის სტილში

ვისაც იტალიური ტელესერიალი "რვაფეხა" უნახავს, ერთი სცენა დაამახსოვრდებოდა: დაპატიმრებულ ლაუდეოს საკანში მოწამლული საჭმელი შეუგზავნეს. ლაუდეუმ მოკბიჩა თუ არა, უმალ სული განუტევა. სცენა რეალობიდან არის აღებული...

ხელისუფლებამ პ-2-ზე დარტყმა განახორციელა. ახლა მასონური ლოჟა გადატრიალებას ვეღარ მოაწყობდა. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები ამტკიცებდნენ: - პ-2 ჯერ კიდეც ცოცხალია, არც ჯელი, არც სინდონა დაკავებული არ არიანო!

გაუჩინარებულ ბანკირს აშშ-ში მიაკვლიეს. იტალიამ სინდონას  გადმოცემა მოითხოვა, თხოვნა შეასრულეს... იტალიის ციხეში ვიღაცამ მოწამლული შოკოლადი შეუგზავნა. ბანკირმა უმალ სული განუტევა - ისევე მოკვდა, როგორც  "რვაფეხას" პერსონაჟი.

დევნა

ჯელის მთელი ევროპის პოლიცია დაეძებდა. დასავლეთის საუკეთესო კრიმინალისტები თავს იმტვრევდნენ: სად შეიძლებოდა ყოფილიყო პ-2-ის თავკაცი. ბოლოს დაასკვნეს, რომ შვეიცარიაშია, სადაც გავლენიანი მეგობრები ჰყავდა და ფულსაც იქაურ ბანკში ინახავდა. პ-2-ის თავკაცი მართლაც იქ დააპატიმრეს. ახლა ჯელის იტალიაში ექსტრადირების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. ამ დროს მსოფლიო ახალმა სენსაციამ შეძრა:

- ლიჩო ჯელი გაიქცა!

გამოცხადდა განგაში, გამოძიებამ დაადგინა, რომ გაქცევაში ჯელის ციხის ზედამხედველი ჩერეზე დაეხმარა. პ-2-ის თავკაცმა ამისათვის დიდძალი ფული გადაუხადა.

- სად უნდა იყოს ჯელი?

ჯელის გააფთრებით დაეძებდნენ. არსებობდა ინფორმაცია, რომ ჯელის საფრანგეთში სურდა გადასვლა. ფრანგულმა პოლიციამ მთელი გზები შეკრა, მიუხედავად ამისა, პ-2-ის თავკაცი გაქრა. არავინ იცოდა, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ. ზოგი ამტკიცებდა, ჯელი რუმინეთში გადავიდა და თავს ჩაუშესკუსთან აფარებსო...

დევნის დასასრული

გადიოდა წლები. ლიჩო ჯელი კვლავაც მოუხელთებელი რჩებოდა. ზოგი ჯელის ახალი დროის ფანტომასსაც”უწოდებდა... პ-2-ის თავკაცს ხან ერთ ქვეყანაში მოჰკრავდნენ თვალს, ხანაც - მეორეში... ბოლოს ჯელი სასამართლოს წინაშე მაინც წარდგა... და მხოლოდ მსხვილი ფინანსური მაქინაციები დაუმტკიცდა, მაგრამ საკადრისი მიეზღო - სასამართლო პროცესი 3 წელიწადს გრძელდებოდა. ხალხის დაჟინებული მოთხოვნისა და სასამართლოს გადაწყვეტილებით პ-2-ის თავკაცს 1991 წელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ციხეში მხოლოდ 7 წელი გაატარა - ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამუდამო პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს. ჯელი ახლაც ცოცხალია და საკუთარ ვილა "ვანდაში" ცხოვრობს, სადაც მეორედ დაქორწინდა და ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად სიცოცხლის უკანასკნელ წლებს ბედნიერად ატარებს...

პასუხგაუცემელი კითხვები

პ-2-ის ირგვლივ ვნებათაღელვა კარგა ხანს არ ჩამცხრალა. ჟურნალისტები ამტკიცებდნენ, რომ ლოჟის ბევრი წევრი ცნობილი ადამიანი იყო, მაგრამ მართლმსაჯულება მათ არ შეხებია. პ-2-თან კავშირში დაადანაშაულეს იტალიის ყოფილი პრემიერი ანდრეოტი. ბერლუსკონის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის დროსაც ფიგურირებდა პ-2.

"ბერლუსკონი პ-2-ის წევრი იყო! ბანკირ კალვისთან ერთად ფინანსურ მაქინაციებს აწარმოებდა. კალვის მკვლელობაც მან შეუკვეთა!" - ამტკიცებდნენ ჟურნალისტები.

სენიორ სილვიო, რასაკვირველია, ბრალდებას უარყოფდა. გამოძიებით დამტკიცდა, რომ ის პ-2-ის წევრი მართლაც იყო და ფინანსურ მაქინაციებშიც აქტიურად მონაწილეობდა, თუცა კალვის სიკვდილთან კავშირი არ ჰქონია.

კიდევ ვინ იყო პ-2-ის წევრი? - ამ კითხვას დღესაც სვამენ. აქტუალურია მეორე კითხვაც: ჯელის მჭიდრო კავშირი ჰქონდა ჩაუშესკუსთან, ჰონეკერთან, რუმინეთისა და იუგოსლავიის უშიშროების ბევრ მაღალჩინოსანთან, სუკის ხელმძღვანელებთან. ამ უკანასკნელთაგან კონკრეტულად ვინ იყო ჯელის პარტნიორი? კრემლის ელიტიდან ვინ იყო დაკავშირებული პ-2-თან? ეს კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია.

ეპილოგი

დეტექტიურ ლიტერატურაში ამომწურავად არის ნაჩვენები იატაკქვეშა მასონობის კრიმინალური ხასიათი. კონან დოილმა ამას ცნობილი მოთხრობა "საშინელებათა ველი" მიუძღვნა. თანამედროვე იატაკქვეშა მასონობა მხილებულია  მორის უესტის "სალამანდრასა" და   რაფ ვალეს "არამზადის სიკვდილში". ორივე რომანი თავის დროზე ტრიუმფით იქნა ეკრანიზებული, თუმცა ფილმი - ფილმია, რეალობა - რეალობა.  პ-2  ნათელი მაგალითია იმისა, რას წარმოადგენს დღევანდელი იატაკქვეშა მასონობა.

არიან თუ არა საქართველოში მასონები? ამ კითხვას ბევრი სვამს, თუმცა უპრიანი იქნებოდა საკითხი ასე დაგვესვა: არსებობს თუ არა ჩვენში პ-2-ის მსგავსი სტრუქტურა? ამას პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს.

ნიკა თევზაძე