თავზე ხელაღებული "კნიაზი" - კვირის პალიტრა

თავზე ხელაღებული "კნიაზი"

საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გერმანელების რეზიდენტი ბაგრატიონ-მუხრანსკი

"ზიგზაგი"  - ანტისაბჭოთა იატაკქვეშეთი

მეორე მსოფლიო ომი და ქართველები - ეს თემა ბოლომდე ჯერაც არ არის შესწავლილი. ქართველები საბჭოთა დროშის ქვეშ - ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ქართველები გერმანულ სპეცსამსახურებში - ამ საკითხზე კი ცოტა რამ არის ცნობილი...

იდუმალი რეზიდენტი

ლენინგრადი, 1942 წელი. ბლოკადაში მოქცეული ქალაქი შიმშილით სულს ღაფავს. Aამ დროს ლენინგრადში ანტისაბჭოთა შინაარსის ფურცლები გამოჩნდა, რასაც  დივერსიისა და საბოტაჟის აქტებიც მოჰყვა. საბჭოთა უშიშროებამ დაადგინა: ქალაქში გერმანულ დაზვერვასთან დაკავშირებული იატაკქვეშეთი მოქმედებდა. მალე შინსახკომმა დააპატიმრა ვინმე სერგეი კრუგლოვი, რომელიც პეტერბურგის ძირძველი მცხოვრები და განათლების სახალხო კომისარიატის თანამშრომელი აღმოჩნდა. კრუგლოვი თავად უშიშროების მაიორმა ანატოლი გრუშკომ დაჰკითხა:

- მისმინე, - გრუშკომ პაუზა გააკეთა, - კარგად იცი, რომ საბჭოთა უშიშროებაში ქვასაც კი აალაპარაკებენ. გაძლევ შანსს, რათა წამება აიცდინო. ილაპარაკებ თუ არა?

- სიცოცხლეს შემინარჩუნებთ?

- ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, ამას სასამართლო გადაწყვეტს. მე კი გპირდები, რომ არ გაწამებენ.

- ვილაპარაკებ, - უმწეოდ აღმოხდა კრუგლოვს.

მან მართლაც ამომწურავი ჩვენება მისცა. თურმე გერმანელებზე 1912 წლიდან მუშაობდა.

- შემდეგ იყო რევოლუცია, სამოქალაქო ომი, - კრუგლოვმა ამოიოხრა, - გერმანელებთან კავშირიც გაწყდა. მხოლოდ 1941 წლის აგვისტოში გამიხსენეს, როცა მათი რეზიდენტი მეწვია.

- ვინ? - შეაწყვეტინა მაიორმა.

- მისი მეტსახელია "კნიაზი", ნამდვილი გვარი ბაგრატიონ-მუხრანსკი. აქ სხვისი სახელით  ცხოვრობს. ლენინგრადში ომის დაწყების შემდეგ გადმოისროლეს.

- ქართველია?

- მითხრა, რომ ყოფილი ოფიცერია, ჯერ დენიკინის არმიაში იბრძოდა, 1919 წლიდან კი ქართულ არმიაში მსახურობდა. გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა.

-"კნიაზი" თქვენთან თავისით მოვიდა?

- დიახ, ერთხანს ჩემთან ცხოვრობდა. მითხრა, რომ ლენინგრადში ანტისაბჭოთა იატაკქვეშეთი მოქმედებს და მათთან კონტაქტზე გასვლა სურს. ვურჩიე, არ იჩქარო-მეთქი და მართალიც გამოვდექი.

- როგორ თუ მართალი?

- იატაკქვეშეთის ბევრი ხელმძღვანელი შინსახკომის აგენტია. ჩვენ მათ ინფორმაცია მივუგდეთ: აქაოდა ვინმე პოლიაკოვი, რომელიც კიროვის ქარხანაში მუშაობს, დივერსიას ამზადებს-თქო. მოქალაქე დააპატიმრეს. ამით დადასტურდა, რომ ეს ორგანიზაცია შინსახკომით კონტროლდება.

- ნაძირალა ხარ! - გამოცრა გრუშკომ.

- ამის შემდეგ  "კნიაზს" საიმედო ხალხი გავაცანი. ასე შეიქმნა ჩვენი ორგანიზაცია სახელწოდებით "ადოლფ ჰიტლერის ინტერესების დაცვა", შემოკლებით "ზიგზაგი". მოვაწყვეთ რამდენიმე დივერსია, გადავეცით გერმანელებს საიდუმლო სამხედრო ობიექტებისა და სასურსათო საწყობების კოორდინატები. ეს ობიექტები დაბომბეს.

- ახლა სად არის "კნიაზი"?

- არ ვიცი.

- შენ მას კარგად იცნობ, არა?

- კი, ნამდვილი გიჟია, თავზე ხელაღებული, გადარეული. რამდენჯერმე წამოსცდა: ჰიტლერი ძაღლის შვილია, მაგრამ სტალინი მასზე უარესია. თუკი გერმანელების დახმარებით რუსეთს დავანგრევთ, საქართველოც გათავისუფლდებაო...

შემდგომში კრუგლოვი გამოტყდა, "კნიაზთან" შეხვედრა ხვალ მაქვს დანიშნული, შუადღის სამ საათზე ჩემს ბინაში მოვაო.

გაქცევა

"კნიაზის" გარეგნობა კრუგლოვმა დაწვრილებით აღწერა. ჩეკისტებმაც ის შორიდანვე იცნეს. ბაგრატიონ-მუხრანსკის საბჭოთა ოფიცრის ფორმა ძალზე უხდებოდა. მაღალი, ბრგე, ლამაზი, მოძრაობდა ამაყად, მსუბუქად. აი, კრუგლოვის სახლის სადარბაზოს გაუსწორდა... უცებ კრუგლოვი წამოხტა, ფანჯრისკენ ისკუპა და რაფაზე შემოდებული ქოთანი ეზოში გადააგდო.

- შენი დედა, - შეჰყვირა კრუგლოვის გვერდით მდგომმა ჩეკისტმა და თავში რევოლვერის ტარი ჩასცხო.

კრუგლოვი დაეცა. "კნიაზი" ერთხანს ჩაფიქრებული იდგა, ყვავილებიანი ქოთანი ხომ ზედ მის ფეხებთან დაეცა. შემდეგ ზემოთ აიხედა და გზა ნელი, აუჩქარებელი ნაბიჯით განაგრძო. ამ დროს მჭექარე ხმა გაისმა:

- ხელები მაღლა!

ჩეკისტები "კნიაზს" გარს შემოერტყნენ. ის კი უძრავად იდგა და მშვიდად იღიმებოდა.

- ამხანაგებო, რაშია საქმე? - წყნარად წარმოთქვა ბაგრატიონ-მუხრანსკიმ.

- ხელები მაღლა! - გაისმა პასუხად, - ჩქარა!

"კნიაზმა" პირდაპირ ჯიბიდან გაისროლა. ტყვია ერთ-ერთ ჩეკისტს  თვალებშუა მოხვდა. დაკვნესებაც ვერ მოასწრო, ისე დაეცა. "კნიაზმა" კი რევოლვერი იძრო და კვლავ რამდენჯერმე გაისროლა.

ტყვიით განგმირული რამდენიმე ჩეკისტი მიწაზე ეგდო. "კნიაზმა"  თავი მოსახვევში დურთა.

- დაიჭირეთ! დაიჭირეთ!

გაქცეულს სეტყვასავით დააყარეს ტყვიები. "კნიაზმა" გაღწევა შეძლო. სამი  ჩეკისტი მოკლა, ორიც მძიმედ დაჭრა.

უკანასკნელი ბრძოლა

მომხდარის შემდეგ "კნიაზს" ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა: ფრონტის ხაზის გადაკვეთა  და გერმანელებთან შეერთება. გრუშკოს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ბაგრატიონ-მუხრანსკი ფინეთის ყურისკენ წავიდოდა, რადგან გერმანელი მზვერავები ლენინგრადში სწორედ აქედან შემოდიოდნენ.

- მაგ "კნიაზს" ცოცხლად შევიპყრობ, - მტკიცედ წარმოთქვა გრუშკომ, - მაშ გერმანელების დახმარებით რუსეთის დანგრევა სურს, არა? ამ ვაჟბატონს აქ, ამ სავარძელში ჩავსვამ, ჩიტივით ავაჭიკჭიკებ და ჩვრად ვაქცევ.

მაიორი ჯგუფს თავად ჩაუდგა სათავეში. "კნიაზმა" მართლაც ფინეთის ყურით სცადა გერმანელებთან გაღწევა და იქ ჩასაფრებულ ჩეკისტებს გადააწყდა.

- ხელები მაღლა! - დაიძახა გრუშკომ, -”"კნიაზ", გარშემორტყმული ხარ! დაგვნებდი!

პასუხად ხარხარი გაისმა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ გრუშკოს დაბნეულობისაგან ენა ჩაუვარდა. ამ დროს ვიღაცამ შესძახა:

- დაწექით!

"კნიაზმა" ხელყუმბარა ისროლა. გაისმა აფეთქების ხმა. ამის შემდეგ "კნიაზმა" რევოლვერიდან ცეცხლი გახსნა.

- ჩაკალით ეს წყეული! - ყვიროდა ვიღაც, - ჩაკალით, მაგის დედა...

"კნიაზი" კი  იცინოდა და სროლას განაგრძობდა. ჩეკისტებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ერთ-ერთი ტყვია "კნიაზს" ბარძაყში მოხვდა:

ჩეკისტები წაქცეულისაკენ გაიქცნენ. "კნიაზმაც" უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და რევოლვერი პირში ჩაიდო.

- ჩემი გვარის კაცი მტერს არასოდეს დანებებია! - ამ სიტყვებით სასხლეტს თითი გამოჰკრა...

ჩეკისტებს ხელთ მხოლოდ მისი უსულო გვამი შერჩათ, თუმცა "კნიაზი" იმ ქვეყნად მარტო როდი წავიდა - ხუთი ჩეკისტი სიცოცხლეს გამოასალმა. მათგან ერთ-ერთი  მაიორი გრუშკო იყო, კაცი, რომელსაც "კნიაზის" ცოცხლად შეპყრობა ასე გულით ეწადა.

ნიკა თევზაძე