მიქელანჯელოს ერთადერთი ავტოგრაფი - კვირის პალიტრა

მიქელანჯელოს ერთადერთი ავტოგრაფი

გენიალური მიქელანჯელო ბუონაროტი თავის შედევრებს არასოდეს აწერდა სახელსა და გვარს. მხოლოდ ერთ მათგანზეა შესაძლებელი ავტორის ვინაობის ამოკითხვა. ეს არის რომის წმინდა პეტრეს ტაძრის სკულპტურული კომპოზიცია -  ღვთისმშობლის მიერ იესოს დატირება, რომელიც "პიეტას" სახელითაა ცნობილი. ის მიქელანჯელომ 24 წლისამ გამოკვეთა. ახალგაზრდა ფლორენციელ ხელოვანს ჯერ კიდევ არ იცნობდა საზოგადოება, ამიტომ ტაძარში შესული ადამიანები ჯერ აღტაცებას გამოთქვამდნენ, შემდეგ კი ამ შედევრის "ავტორს", მილანელ სკულპტორ ქრისტოფორო სოლარის ასხამდნენ ხოტბას. "პიეტას" ნამდვილ ავტორს მოთმინების ფიალა აევსო, ღამით შევიდა ტაძარში და თავის ქანდაკებაზე ამოკვეთა წარწერა:

"გამოაქანდაკა ფლორენციელმა მიქელანჯელო ბუონაროტიმ." როგორც აღვნიშნეთ, ეს ერთადერთი ნაწარმოებია, რომელზეც მიქელანჯელომ თავისი ავტოგრაფი დატოვა, თუმც შემდეგ აღთქმა დადო, რომ თავის არც ერთ ქმნილებას სახელსა და და გვარს აღარ მიაწერდა, რაც შეასრულა კიდეც.

დავითის ქანდაკება სხვა სკულპტორის დაწუნებული, წლობით წვიმასა და თოვლში ნაგდები, დაბზარული მარმარილოს ლოდისგან გამოთალა. მიქელანჯელოს დღემდე შემორჩენილი, დაუსრულებელი ქანდაკებებიდან ჩანს, რომ გენიალურ ოსტატს ჯერ კიდევ დაუმუშავებელ ქვაში აბსოლუტური სიზუსტით შეეძლო დაენახა მომავალი სკულპტურა. შეიძლებოდა, ჯერ ფეხის ნაწილი გამოეკვეთა, შემდეგ - თავი, ხელი, ბოლოს კი ეს ყველაფერი ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს. დავითიც "დაინახა" და ისე გამოაქანდაკა, რომ ბზარები ფიგურას არ შეხებია. თუმცა, ფლორენციის მაშინდელი მმართველის - პიერ სოდერინის გემოვნება მაინც ვერ დააკმაყოფილა.

მას მოეჩვენა, რომ ჭაბუკს ცხვირი ზედმეტად დიდი ჰქონდა. ყველას გასაკვირად, ბუნებით ფიცხმა მიქელანჯელომ, რომელიც შენიშვნას რომის პაპისგანაც არ იღებდა და ხარაჩოებიდან ჩხუბით ისტუმრებდა, გამოთქმული პრეტენზია მშვიდად მიიღო, საჭრეთელი აიღო, ხარაჩოზე ავიდა და დავითს ცხვირის "ზედმეტი" ნაწილი ჩამოაფშვნა. მმართველი კმაყოფილი დარჩა და განაცხადა, რომ ამ შესწორების შემდეგ ქანდაკება გაცილებით უკეთესი გახდა. სინამდვილეში დავითს ისეთივე ზომის ცხვირი დარჩა, როგორიც მანამდე ჰქონდა. ხარაჩოზე ასულმა მიქელანჯელომ საჭრეთელს მოსაჩვენებლად დაჰკრა ჩაქუჩი, ხოლო ძირს მომლოდინე მმართველს წინასწარ მუჭში დაგროვილი მარმარილოს ფხვნილი დააყარა თავზე.

ლადო გოგუაძე