შესდექ, ხელმწიფევ! - კვირის პალიტრა

შესდექ, ხელმწიფევ!

"შესდექ, ხელმწიფევ!" - ეს ფრაზა, მესამე საუკუნეა, ზარივით რეკს ქართველთა გულსა და გონებაში. ის გაბრიელ ეპისკოპოსმა წარმოთქვა 1888 წელს ქუთაისის საკათედრო ტაძარში, რითაც ყველას შეახსენა, რომ ამქვეყნად არ არსებობს "ავტორიტეტი," რომელსაც შეიძლება შენთვის ძვირფასი რამ გაათელვინო.

განგებამ სრულიად ახალგაზრდას უმძიმესი განსაცდელი მოუვლინა - 32 წლის მღვდელს, გერასიმე ქიქოძეს, სენმა საყვარელი მეუღლე და 5 შვილი გამოაცალა ხელიდან. გერასიმემ ეს ღვთის ნიშნად მიიჩნია, გაბრიელი დაირქვა და ბერად აღიკვეცა. მაღალი სულიერების, ბრწყინვალე განათლებისა და მჭევრმეტყველების წყალობით მალე მოიხვეჭა მრევლის პატივისცემა და 1960 წელს ქუთაისის ეპისკოპოსად აკურთხეს.

ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა. იმერეთის ეპისკოპოსი, ფაქტობრივად, მთელი დასავლეთ საქართველოს მღვდელმთავარი იყო, სამოსით კი უბრალო დიაკვნისგან ვერ განასხვავებდით. უმეტესად სახედრით დადიოდა. ამით თავის მრევლსაც უქმნიდა "უხერხულობას," განსაკუთრებით - თავადიშვილებს: გზად შემომხვდარ მეუფეს ერთნი რომ თაყვანს სცემდნენ, სხვებს, რომლებიც იმერეთის ეპისკოპოსს ვერ ცნობდნენ, უკვირდათ, უბრალო მღვდელს ასეთი პატივით რატომ ეკიდებიანო.

თავის ქადაგებებში ყოველთვის უსამართლობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ ილაშქრებდა. ერთხელ ქუთაისის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ბატონყმობა დაგმო. ამ ამბით განაწყენებულმა თავადაზნაურობამ შუა ქადაგების დროს ეკლესია დატოვა. ისინი ტაძრის ეზოში გავიდნენ და საკმაოდ მძაფრად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას. ერთი მდიდარი აზნაური, გვარად კანდელაკი, იქამდე მივიდა, რომ ხმალი იშიშვლა, ტაძრის შესასვლელთან დადგა და გაიძახოდა: ამ ლეკურით გავათავებ ჩვენი დაღუპვის მოსურნესო. ვერა და ვერ დაამშვიდეს. უბედურება რომ აერიდებინათ, წირვის დასრულების შემდეგ გაბრიელ ეპისკოპოსთან მივიდნენ და სთხოვეს: გარეთ კანდელაკი დგას და მოკვლას გიპირებთ, იქნებ ცოტა ხნით ტაძარში შეყოვნდეთ, სანამ ბრაზი გადაუვლისო. ეპისკოპოსი წამითაც არ შეყოვნებულა, მაშინვე გასასვლელისკენ გაემართა და მშვიდად ჩაუარა ხმალამოწვდილ კანდელაკს, რომელსაც აღმართული მახვილი ხელში შეაცივდა.

გაბრიელ ეპისკოპოსი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა სასწავლებლებიდან ქართული ენის განდევნას. ამბობდა: "ქართულის უცოდინარი ქართველი რა ქართველია, ისიც, მღვდელი."

მისთვის ერთი იყო მდაბიოც და ჩინოსანიც - ორივე მათგანს, დამსახურებისამებრ, უწონებდა ან უწუნებდა საქციელს.

1888 წელს საქართველოს, უფრო ზუსტად კი, იმხანად, რუსეთის უზარმაზარი იმპერიის პროვინციებს - თბილისისა და იმერეთის გუბერნიებს - იმპერატორი ალექსანდრე მესამე ეწვია. თბილისში პომპეზური დახვედრის შემდეგ იმპერატორი ქუთაისში ჩავიდა. "პროტოკოლი" საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვაზე დასწრებასაც ითვალისწინებდა. შეაბიჯა ალექსანდრე მესამემ ტაძარში და ამბიონისკენ გაემართა. "შესდექ, ხელმწიფევ!" - მიმართა მისკენ მიმავალ იმპერატორს ამბიონზე მდგარმა გაბრიელ ეპისკოპოსმა. ხელმწიფე წამით შეყოვნდა, შემდეგ კვლავ დაიძრა, მაგრამ ეპისკოპოსის სიტყვებმა კვლავ შეაჩერა: "ეს ქვეყანა უძვირფასესი მარგალიტია შენს გვირგვინში, სხვა ყურადღებისა და ზრუნვის ღირსია და სხვა მოპყრობას იმსახურებს, ვიდრე იმას, რომელსაც ადგილი აქვს." ამ სიტყვებმა ისე გაუფუჭა გუნება ალექსანდრე მესამეს, რომ მისი ხასიათზე მოყვანა საღამოს გამართულ ნადიმზეც ვეღარ შეძლეს მოლხენის იქაურმა დიდოსტატებმა.

ლადო გოგუაძე