"შავი კატა" - კვირის პალიტრა

"შავი კატა"

წერილი ცნობილ საბჭოთა "ხმას", დიქტორ ლევიტანს: "გეყო, რაც იგრიალე! დღეს შენთან მოვალთ და მოგკლავთ!

რის მიხედვით გადაიღეს ცნობილი რუსული სერიალი

1946 წელს მოსკოვში ერთიმეორის მიყოლებით რამდენიმე ძარცვა მოხდა. ბანდიტები თავს დაესხნენ მაღაზიას, შემნახველ სალაროს. ყველა, ვინც გზაზე გადაეღობა, მოკლეს, კედელზე კი ნახშირით დახატული შავი კატა დატოვეს.

- ეს მათი საფირმო ნიშანი იყო, - იგონებს ჩეკისტი ვლადიმერ არაპოვი. ბანდა "შავი კატის" შესახებ კი პირველად მეგობრისგან შეიტყო.

- მალე გაებმებიან მახეში, - გესლიანად შენიშნა არაპოვის მეგობარმა სკორინმა, - რესტორნებში გრიალს და ფულის ფანტვას დაიწყებენ, ჩვენც ჩავავლებთ!..

"გიჟები არიან თუ რა?"

მოგეხსენებათ, სტალინის ეპოქაში ფულის ხარჯვა პრობლემა გახლდათ. მაღაზიები თითქმის ცარიელი იყო, რიგიანი ნივთის შეძენა მხოლოდ შავ ბაზარზე შეიძლებოდა: "ბარიგები" კი პარალელურად მილიციაზეც მუშაობდნენ. ჩეკისტებმა ზუსტად იცოდნენ, ვინ იყვნენ შავი ბაზრის კლიენტები. მსგავსი ვითარება იყო რესტორნებშიც - დარაჯები, ოფიციანტები, მომსახურე პერსონალი შინსახკომის კრეატურას წარმოადგენდა. საბჭოთა მოქალაქე, რომელიც რესტორანში დროს ხშირად ატარებდა, უმალ საიდუმლო პოლიციის ყურადღების ქვეშ ექცეოდა... თუმცა "შავი კატა" რესტორნებსა და შავ ბაზარსაც ცეცხლივით ერიდებოდა.

- ეშმაკმა დალახვროს, გიჟები არიან თუ რა?! - გულიანად შეიგინა სკორინმა.

გადიოდა დრო. ბანდა მოსკოვსა და მის შემოგარენში დათარეშობდა. გაზეთები კრინტს არ ძრავდნენ. აკი, ოფიციალური პროპაგანდა ამტკიცებდა: სსრ კავშირში სოციალიზმი აშენდა, აქ არავითარი ბანდიტიზმი არ არსებობს! ამასობაში "შავ კატას" მიმბაძველებიც გამოუჩნდნენ.

შეშინებული ლევიტანი

"საბჭოთა ინფორმბიურო გატყობინებთ!" - მეორე მსოფლიო ომის დროს ეს ხმა ყველა საბჭოთა მოქალაქისათვის ნაცნობი იყო, დიქტორი ლევიტანი ხალხში ფაშიზმზე გამარჯვებასთან ასოცირდებოდა... "შავი კატა" ერთხელ ამ "ხმასაც" ესტუმრა - ერთ დღეს ლევიტანმა თავის საფოსტო ყუთში კონვერტი აღმოაჩინა. იქ კი წერილი იდო:

- გეყო, რაც იგრიალე! დღეს შენთან მოვალთ და მოგკლავთ! - "შავი კატა".

გულწასული ლევიტანი იქვე ჩაიკეცა გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და მხცოვანი დიქტორი ძლივს მოასულიერეს. ის ცნობილი კაცი იყო, ამიტომ საქმეში უშიშროება ჩაერია, რომელმაც მალე დაადგინა, რომ წერილის ავტორები მეზობლად მცხოვრები მოზარდები იყვნენ...

ან ორდენი, ან ციმბირი!

"მოსკოვში მოუხელეთებელი ბანდა გამოჩნდა!" - ლევიტანის შემთხვევა გახმაურდა და სტალინის ყურამდეც მიაღწია. მან კი ჩვეულ ზომებს მიმართა - მურ-ის მთელი ხელმძღვანელობა თანამდებობიდან მოხსნეს, ზოგი დააქვეითეს, ზოგსაც თავი გულაგებში უკრეს. მიუხედავად ამისა, შედეგი არ ჩანდა... როდესაც 1952 წელს სკორინს შეატყობინეს, ბანდიტიზმთან ბრძოლის განყოფილების უფროსად დაგნიშნესო, შესძახა:

- რა დაგიშავეთ?! ჩემგან "შავი კატის" შეპყრობას მოითხოვთ, ხომ ასეა?!

- ასეა! ამაზე ბევრმა მოიმტვრია კისერი, შენ რა, წითელი კოჭი ხარ?! თუმცა შესაძლოა დაგაწინაურონ. თუკი ბანდას აიყვან, ორდენს მიიღებ, თუ ვერა - გაგაციმბირებენ!

საბედისწერო ლუდის კასრი

სკორინმა დახმარებისთვის მეგობარს მიმართა და მოადგილედ არაპოვი დანიშნა. ორივემ მომხდარი კიდევ ერთხელ გააანალიზა. დანამდვილებით მხოლოდ ორი რამის დადგენა მოხერხდა: 1) ბანდის წევრები "შავ სამყაროს" არ განეკუთვნებიან. 2) ბანდის მეთაური მაღალი, ქერა მამაკაცია. არაპოვმა ყურადღება კიდევ ერთ დეტალზე გაამახვილა: ბანდა მოსკოვსა და მის მახლობლად მძვინვარებს. კრასნოგორსკი ერთადერთი ქალაქია, სადაც "შავი კატა" არ გამოჩენილა. გამორიცხული არ არის, იქიდან იყვნენ...

მალე კრასნოგორსკიდან საინტერესო ცნობა მოვიდა: ვინმე ვიაჩესლავ ლუკინმა მთელი კასრი ლუდი იყიდა, მეგობრებთან ერთად ქუჩაში გამოაგორა და გამვლელ-გამომვლელს უფასოდ გაუმასპინძლდა. მაშინ ასეთი საქციელი გაუგონარი იყო.

- ეტყობა, რომ ფული ჩეჩქივითა აქვს. საიდან?! - სკორინი შეიშმუშნა, - საიდან?!

თავდაპირველად აპირებდა ლუკინის ბინაში ჩხრეკა მოეწყო, მაგრამ მერე თავი შეიკავა, რადგან ლუკინი კრასნოგორსკის მილიციის უფროსის ვაჟი აღმოჩნდა. ვიაჩესლავი ადგილობრივ სამხედრო ქარხანაში მუშაობდა, თან აქტიური კომკავშირელი და სპორტსმენი (ქარხნის ჰოკეის გუნდის წევრი) გახლდათ. მის მეგობრებსაც "შავ სამყაროსთან" კავშირი არ ჰქონიათ. ზოგი ქარხანაში მუშაობდა, ზოგიც სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა. ყველანი სპორტსმენები და აქტიური კომკავშირელები იყვნენ. ერთ-ერთი, ქარხნის ხარატი ივანე მიტინი, შრომის წითელი დროშის ორდენზეც კი იყო წარდგენილი.

- ჩვენი ყურადღება სწორედ მიტინმა მიიპყრო, - იგონებდა შემდგომში არაპოვი, - მაღალი და ქერა გახლდათ, მისი გარეგნული ნიშნები ბანდის მეთაურისას ემთხვეოდა!

მიტინს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ვინმე არკადი პანფილოვთან, რომელიც ასევე ქარხანაში მუშაობდა. ომში გამოჩენილი გმირობისთვის ორდენით იყო დაჯილდოებული. მას ახალგაზრდების წრეში ხშირად ხედავდნენ, თუმცა განსაკუთრებით მიტინთან, ლუკინთან და მათ ახლობლებთან ძმაკაცობდა.

- აი ბანდაც! - წამოიძახა არაპოვმა.

- ეს ჯერ უნდა დავამტკიცოთ, - მიუგო მოღუშულმა სკორინმა.

მტკიცებულება

მალე პანფილოვი რაღაცის გამო სახლმმართველობაში დაიბარეს. საუბრისას სახლმმართველი ზინოვი "ცუდად გახდა". პანფილოვმაც უმალ გრაფინიდან წყალი დაუსხა და მიაწოდა. ზინოვი ჭიქას არ გაეკარა. როგორც კი პანფილოვი გავიდა, ოთახში მურ-ის თანამშრომელი შემოვიდა და ჭიქა ცხვირსახოცით ფრთხილად აიღო. დიქტილოსკოპიურმა ექსპერტიზამ ფანტასტიკური შედეგები აჩვენა.

- პანფილოვის ნამდვილი გვარი პეტრე ბოლოტოვი ყოფილა, ის ყოფილი ოფიცერი გახლდათ. ომის დროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მართალია, პარტიზანთა რიგებში იბრძოდა, მაგრამ მაინც დააპატიმრეს და მაგადანის ბანაკში  უკრეს თავი. ბოლოტოვმა გაქცევა შეძლო. მასზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა... ყალბი საბუთებითა და ომში გამოჩენილი გმირობისთვის ყალბი ორდენით "დაჯილდოებულმა" არკადი პანფილოვმა საზოგადოებაშიც პატიოსანი მოქალაქის სახელი დაიმკვიდრა...

- ესეც ასე! - არაპოვი კმაყოფილი იყო.

იმავე დღეს "დომუშნიკი" სენკა ტუზიკი მურ-ის დავალებით ლუკინების ბინაში შეიპარა. ტუზიკის ყურადღება ლუკინის საწოლქვეშ მოთავსებულმა უზარმაზარმა ჩემოდანმა მიიპყრო. გახსნა თუ არა, გაოცებისგან დაუსტვინა - ჩემოდანი ფულით იყო სავსე. ახალგაზრდები იმავე საღამოს დააპატიმრეს.

- ახლა ბოლოტოვის ჯერია! - სკორინს სიხარულისგან ენა ებმოდა.

ბოლოტოვის დაპატიმრება ვერ მოხერხდა.

მილიციას ცეცხლი გაუხსნა, უკანასკნელი ტყვია კი შუბლში დაიხალა.

"ჩვენ ამ რწყილებზე მაღლა დავდექით"

ყველა დაკავებულს დიდი ოდენობით ფული და იარაღი ამოუღეს... თუმცა არაპოვს ერთი რამ მოსვენებას არ აძლევდა: რატომ აკეთებდნენ ამას ბიჭები? არაპოვმა მიტინი ციხეში საგანგებოდ ინახულა, რათა ეს კითხვა დაესვა.

- ეჰ, უფროსო! - ამოიოხრა მიტინმა, - აბა, როგორ აგიხსნა? ჩვენი ქვეყანა ვეებერთელა ციხეა! ადამიანი დაჩმორებულია, ყველასი ეშინია - შინსახკომის, უფროსების, სახლმმართველის, ქურდების, უფულობის... ჩვენ ამ რწყილებზე მაღლა დავდექით. იცი, ეს რა საოცარი განცდაა?! ყველანი ფეხებზე გვეკიდა - მილიციაც, ქურდებიც...

- ეს ბოლოტოვმა შთაგაგონათ?

- არა! მას შურისძიების მოტივი ამოძრავებდა. ის მართალი იყო, კაცი პატიოსნად იბრძოდა, მერე რა, რომ უნებლიეთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა? ის ხომ პარტიზანებს შეუერთდა და გერმანელებს ფერდები გვარიანად აუწვა! ბოლოტოვი ორდენს იმსახურებდა, თქვენ კი ბანაკში გამოამწყვდიეთ! ეჰ, თქვენი...

- ბანდის მეთაური შენ იყავი, თუ ბოლოტოვი?

- ოპერაციას ბოლოტოვი გეგმავდა, ბიჭები კი ამ ამბავში ჩემ გამო გაებნენ. ისინი მე გამომყვნენ, გესმის?!

ეპილოგი

ივანე მიტინს დახვრეტა მიუსაჯეს. ამბობენ, განაჩენს ვაჟკაცურად შეხვდაო. ბანდის ზოგიერთი წევრი დახვრიტეს, ზოგსაც ხანგრძლივი პატიმრობა აკმარეს. 1979 წელს ტელეეკრანებზე გამოვიდა სერიალი "შეხვედრის ადგილი უცვლელია". ამ ფილმით საზოგადოებამ ბანდა "შავი კატის" შესახებ პირველი ინფორმაცია მიიღო, თუმცა ფილმში სინამდვილე თავდაყირაა დაყენებული. ავტორებმაც მთავარ გმირებს გვარები შეუცვალეს. ფილმში არაპოვს შარაპოვი ჰქვია (მის როლს ვლადიმირ ვისოცკი ასრულებს), სკორინს კი ჟიგლოვი.

ნიკა თევზაძე