წართმეული ჩემპიონობა, ანუ "დინამო" უნდა დამარცხდეს!
18-03-2013
წართმეული ჩემპიონობა, ანუ "დინამო" უნდა დამარცხდეს!
სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთო, ნათქვამია, თუმცა ეს უფრო კეთილი სურვილია, ვიდრე რეალობა. სამწუხაროდ, პოლიტიკა ყველგანაა, მათ შორის  ფეხბურთშიც. თბილისის "დინამომ" ეს საკუთარ თავზე არაერთგზის იწვნია.

ი. ბ. სტალინი: მოსკოვი - მოსკოვია!

სტალინის ეპოქაში სსრ კავშირის ჩემპიონები ფეხბურთში ყოველ წელიწადს მოსკოვის გუნდები ხდებოდნენ. ინგლისის ელჩმა ერთხელ  სტალინს ფრთხილად ჰკითხა: - ჩემპიონატს მუდამ  დედაქალაქის კლუბები რატომ იგებენო. სტალინმა მიუგო: - მოსკოვი მოსკოვია!
ვალერი ლობანოვსკი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: - "სტალინს
ველიკოდერჟავული კურსი ჰქონდა, ამიტომ უკრაინულ კლუბებს პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალებას არ აძლევდნენ. ასევე ექცეოდნენ საქართველოსაც. იმჟამინდელი თბილისის "დინამო" ბრწყინვალე გუნდი იყო, პირველ ადგილსაც იმსახურებდა, მაგრამ... "დინამოში" სუპერვარსკვლავები თამაშობდნენ. მაშინ საქართველო რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ყოფილიყო, მისი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა."

სსრ კავშირის ჩემპიონატის მოგება კი ვერ
ხერხდებოდა. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, "დინამოც" ლიდერი გახლდათ, მაგრამ უკანასკნელ თამაშებში რაღაც ხდებოდა. ჩვენებიც მეორე ან მესამე ადგილს სჯერდებოდნენ. ეს ფეხბურთის ჭეშმარიტ მოყვარულებს გულს სწყვეტდა - თბილისელებმა ხომ ლამაზი თამაშის წყალობით საყოველთაო სიყვარული დაიმსახურეს. ბურთს დღეს ყველა აგორებს, მაგრამ დიდ ფეხბურთს მხოლოდ მოსკოვსა და თბილისში თამაშობენო, - ამბობდნენ მოსკოველი, მინსკელი, ტაშკენტელი თუ ოდესელი ფანები.

სამართლიანობა იზეიმებს?
1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ, ხელისუფლებაში მოვიდა ტრიუმვირატი: მალენკოვი-ხრუშჩოვი-ბერია. სსრკ-ში "გალღობა" დაიწყო. ბევრს ეგონა, რომ ეს ფეხბურთზეც აისახებოდა.
იზეიმებს თუ არა სამართლიანობა? დასრულდება მოსკოვური კლუბების დომინირება? - კითხულობდა ყველა, ვინც კი სსრ კავშირში განვითარებულ პროცესებს ადევნებდა თვალს. "დინამო" საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა - მხოლოდ ამ გუნდს შეეძლო მოსკოველთა დამარცხება.

- შეძლებენ თუ არა თბილისელები ჩემპიონობის მოპოვებას? - დასავლური პრესა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა 1953 წლის ჩემპიონატს.
- ის, რაც დღეს საბჭოთა ფეხბურთში ხდება, რუსული შოვინიზმისა და ქართული პატრიოტიზმის ჭიდილია, - ასეთი გახლდათ ევროპელი ჟურნალისტების შეფასება.
"დინამოს" შეფერხებას ნებისმიერი ხერხით ცდილობდნენ. მსაჯები ქართველების მიმართ გამორჩეულად მკაცრები იყვნენ. ასე არ იყო ბერიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს. მისი დაპატიმრების შემდეგ კი თავხედურად უტევდნენ ქართულ გუნდს. "დინამო" უკან არ იხევდა!

1953 წლის სეზონის დასასრულს ჩემპიონობის პრეტენდენტი ორი გუნდი იყო, თბილისის "დინამო" და მოსკოვის "სპარტაკი". მოსკოველებს ბოლო მატჩი ლენინგრადში უნდა ეთამაშათ. ჩვენი გუნდი კი მოსკოვში ადგილობრივ "ტორპედოს" უპირისპირდებოდა. 

კიდევაც დაიზრდებიან...

"დინამომ" არ უნდა მოიგოს! - ეს მსაჯებმაც კარგად იცოდნენ და მაყურებელმაც. მოსკოველი გულშემატკივრის აგრესიულობას საზღვარი არ ჰქონდა. როგორც კი "დინამოელები" მოედანზე გამოჩნდნენ, გაისმა შეძახილები: - თაღლითებო!.. სპეკულანტებო!..
მსაჯი ხომ ფაქტობრივად "ტორპედოს" მეთორმეტე მოთამაშე იყო... მიუხედავად ამისა, ჩვენებმა მაინც აჯობეს მეტოქეს. 

თამაშის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე რადიოდიქტორმა გამოაცხადა, - მოსკოვის "სპარტაკი" ლენინგრადში დამარცხდაო. სტადიონზე ღრიალი ატყდა...
- კავკასიელებო, თქვენი დედა!..

მოსკოვის "ტორპედოს" ფეხბურთელები შეცბუნებული იყვნენ. მათ ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ თბილისის "დინამო" მათზე ძლიერი გამოდგა. მსაჯს  სიმწრის ოფლი სდიოდა. თითქოს ყველაფერი იღონა, მაგრამ  თბილისელთა შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა. გაისმა საფინალო სასტვენის ხმა:
- "დინამო" ჩემპიონია!
ტრიბუნებიდან სეტყვასავით წამოვიდა ბოთლები, ისმოდა ლანძღვა-გინება. რამდენიმე გულშემატკივარმა მინდორზე შეჭრაც სცადა. ჩვენებმა ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს და მოედანი ამაყად თავაწეულებმა დატოვეს.

შემდეგ "დინამო" რესტორან "არაგვს" ეწვია. რესტორანში შეკრებილი სტუმრები ჩვენი ფეხბურთელების დანახვაზე ფეხზე წამოდგნენ. დირექტორმა "დინამოელებს" თვალი მოჰკრა თუ არა, შესძახა: - ბიჭებს კაპიკიც არ გადაახდევინოთო!
ქართველებმა თავისი გაიტანეს და ყველას ჯიბრზე მოიგეს მატჩი! სუფრაზეც გაისმა: - "კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი!"

გააფთრებული ხრუშჩოვი


ხრუშჩოვის გააფთრებას საზღვარი არ ჰქონდა. სსრ კავშირის ჩემპიონატში მოსკოვური კლუბების ჰეგემონია დასრულდა და ეს თბილისის "დინამომ" მოახერხა! ნიკიტა სერგეევიჩი ამას როგორ შეეგუებოდა. ის "დინამოს" ბერიას გუნდად მიიჩნევდა! "დინამოელთა" გამარჯვებაც მის თვალში ბერიას გამარჯვება იყო.

ხრუშჩოვმა სპორტკომიტეტის ხელმძღვანელობა დაიბარა და განუცხადა: - რაც გინდათ ქენით, მაგრამ "დინამოს" ჩემპიონობა არ უნდა შერჩესო!

შემდგომი მოვლენებიც შესაბამისად განვითარდა. დაიწერა საჩივარი, - მსაჯმა უხეში შეცდომები დაუშვა, რამაც მატჩის შედეგზე იმოქმედაო. დაინიშნა ხელმეორე მატჩი, თუმცა შედეგი წინასწარ იყო ცნობილი. მთავარი მსაჯი მატჩის წინ "დინამოს" მწვრთნელ ბორის პაიჭაძესთან საგანგებოდ მივიდა და უთხრა: - ბორია, მინდორზე საშინელება მოხდება, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის! პაიჭაძე ყველაფერს მიხვდა...

რას შვრები, ბიჭო, ციმბირი მოგენატრა?!


მინდორზე მართლაც საშინელება ხდებოდა. საკმარისი იყო, თბილისელი ფეხბურთელი "ტორპედოს" საჯარიმო მოედანს მიახლოებოდა, რომ სასტვენის ხმა ისმოდა. მსაჯი ან თამაშგარე მდგომარეობას აფიქსირებდა, ან "დინამოელს" უხეში თამაშის გამო აჯარიმებდა.

მსაჯის საქციელს ვერანაირ სახელს ვერ დაარქმევდი. "დინამოელებმაც" გადაწყვიტეს მსაჯისთვის ეპასუხათ და შეგნებულად თამაშის არევა დაიწყეს - მაყურებლისთვის უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ თამაში გაყიდული იყო... ანაზდად ვოვა ელოშვილი მოედნის ცენტრში ბურთს დაეუფლა  და საკუთარი კარისაკენ დაიძრა. თანაგუნდელები საგანგებოდ ჩამოეცალნენ. ელოშვილი საჯარიმო მოედანზე დინჯად შევიდა, ბურთი გაისწორა და შემდეგ ძლიერი დარტყმით ცხრიანში გაგზავნა. მეკარემ საოცარი ნახტომი გააკეთა, მართლაც მკვდარი ბურთი აიღო. წამოხტა თუ არა, ელოშვილს დაუყვირა:- რას შვრები, ბიჭო... ციმბირი მოგენატრა?!

ამის შემდეგ "დინამოელები" ბურთს მიიღებდნენ თუ არა, აუტში ისროდნენ. ტრიბუნებიდან  ისმოდა ქართველი გულშემატკივრების ხმაშეწყობილი ძახილი:- "დინამო" "დინამო"!..

ბორის პაიჭაძე გონს ყველაზე ადრე მოეგო და ფეხბურთელებს ანიშნა: - არ გინდათო! ბიჭებმაც ობსტრუქცია შეწყვიტეს. მატჩი ხრუშჩოვისათვის სასურველი შედეგით დამთავრდა. სსრ კავშირის ჩემპიონი მოსკოვის "სპარტაკი" გახდა. თუმცა  ყველა შემცბარი იყო... მოსკოვის "ტორპედოს" ფეხბურთელები თბილისელებს გასახდელში ესტუმრნენ: - ბიჭებო, გვაპატიეთ!.. ასეთი გამარჯვება ხომ წაგებაზე უარესია.

ეპილოგი

მატჩი მთელი მსოფლიოს პრესამ გააშუქა, "ბი-ბი-სიმ" კი საგანგებო გადაცემა მიუძღვნა - მომხდარი ე.წ. ხალხთა მეგობრობის საუკეთესო ილუსტრაციააო!
ამ ამბებიდან მრავალი წელი გავიდა. მატჩის ბევრი მონაწილე ცოცხალი აღარ არის. დაინგრა ბოროტების იმპერია. თუმცა 1953 წლის შორეულ მოვლენებს აქტუალურობა კვლავაც არ დაუკარგავს - საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება...

ნიკა თევზაძე
ადამიანი
10 იანვარი 2016 13:19
დინამოს 84 წლამდე, დადებითი ბალანსი ჰქონდა ყველა საბჭოთა გუნდთან გარდა მოსკოვის დინამოსი, მხოლოდ მასთან და ისიც კატასტროფული... აქმუღამისტი წერს და ვერ აუხსნია ეს ფაქტი... რა ახსნა უნდა, როცა ორივე შინსახკომის გუნდები იყო და წარმოგიდგენიათ მასინ ტბილისის პოლიციის შეფი მოსკოვის პოლიციის შეფის წინააღმდეგ წასულიყო. ეგ მუდმივი დამარცხება დინამო მოსკოვთან მარტივი ასახსნელია
ზურა ჯაფარიძე
10 იანვარი 2016 12:27
ფაქტია რომ გადათამაშების შანსიც კი წაგვართვეს და ვინ რა სადღეგრძელო დალია ეგ ახლა უკვე ძნელი დასადგენია.
ჭინჭარაული
06 ივნისი 2015 22:29
ეს სტატია არის სრული მარაზმი, დინამო ჩემპიონი არ გამხდარა და არავის წაურთმევია, ეს ყველაფერი იმ დროინელი ფეხბურთელებისა და პრესის ზღაპარი ისევე როგორც სხვა არაერთი, ავტორს კი მეტი მოეთხოვება ელემენტარული გადაამოწმოს ინფორმაცია როცა ასეთ სისულელეს წერს

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები