"ბერია, როგორც პროფესიონალი ჩეკისტი, ინტრიგების დიდოსტატი გახლდათ" - როგორ გააშიშვლა ბერიამ სტალინის ქვისლი - კვირის პალიტრა

"ბერია, როგორც პროფესიონალი ჩეკისტი, ინტრიგების დიდოსტატი გახლდათ" - როგორ გააშიშვლა ბერიამ სტალინის ქვისლი

გპუ-ს გალეშილი შეფი ქუჩაში დედიშობილა მიბანცალებდა...

საიდუმლო პოლიცია და ინტრიგები განუყოფელია. ბერია, როგორც პროფესიონალი ჩეკისტი, ინტრიგების დიდოსტატი გახლდათ, რაც კარგად ჩანს მისი და სტანისლავ რედენსის ურთიერთობაში.

ჯერ მოწინააღმდეგე უნდა შეისწავლო

"ჩვენთან მარტივი კანონია: შემოსვლა მანეთი ღირს, გასვლა ორი. პრინციპში გასვლა მხოლოდ კრემატორიუმის მილით შეიძლება", - ასე ახასიათებს გრუ-ს მისი ყოფილი თანამშრომელი ვიქტორ სუვოროვი. ეს განსაზღვრა საბჭოთა უშიშროებასაც მიესადაგება. ბერია ამას უკვე 1921-24 წლებში მიხვდა, როცა საქართველოში ოკუპანტების წინააღმდეგ პარტიზანული ომი გაჩაღდა. ბერიას, როგორც ჩეკისტს, თავისიანების სისხლი უნდა დაეღვარა, რაც თვით ლავრენტისთვისაც იოლი არ იყო, თუმცა, ურჩობის შემთხვევაში, უშიშროებიდან წასვლა კრემატორიუმის მილით მოუწევდა. ბერიაც ჩეკაში დარჩა და ბეჯითად ცდილობდა წინ წაწეულიყო. მალე ამიერკავკასიის გპუ-ს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. მისი უფროსი კი სტანისლავ რედენსი გახლდათ. თუმცა ლავრენტი მიღწეულით არ კმაყოფილდებოდა - ახლა ის ამიერკავკასიის გპუ-ს შეფის სავარძლის დაუფლებას შეეცადა.

რედენსი...

ბერია მას დიდხანს აკვირდებოდა. სტანისლავ ფრანცევიჩი ხომ, არც მეტი, არც ნაკლები, სტალინის ნათესავი ბრძანდებოდა (მისი ცოლი სტალინის მეუღლის, ნადეჟდა ალილუევას ღვიძლი და იყო). ასეთი კონკურენტის დამარცხება იოლი როდი გახლდათ. ბერიაც გულდასმით  სწავლობდა მის სუსტ მხარეებს.

რედენსს ქეიფი და ქალები ზომაზე მეტად უყვარდა. სიმთვრალე კი პათოლოგიური ჰქონდა. ლავრენტიმაც გადაწყვიტა ამით ესარგებლა, თუმცა გამარჯვებისთვის მხოლოდ ეს არ კმაროდა. ძლიერი მოკავშირის გარეშე სტალინის ნათესავს ვერაფერს დააკლებდა. ასეთი მოკავშირე კი გპუ-ს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჰენრიხ იაგოდა გახდა...

რედენსმა აფრები აუშვა

თუკი გსურს კონკურენტის ყურადღება მოადუნო, სუფრა უნდა გაუშალო. ბერიამაც რედენსი შინ მიიპატიჟა. გპუ-ს შეფმა მოილხინა. მალე სიმღერაც დასცხეს.  ნასვამმა რედენსმა აფრები აუშვა. ჯერ ჭიქების სროლა დაიწყო, შემდეგ თეფშები დაამსხვრია. მერე უწმაწურ ანეკდოტს მოჰყვა და მაგარი რუსული გინებაც მიაყოლა.

- ხა! ხა! ხა! - იცინოდა ბერია...

ძმაკაცები

გათვლამ გაამართლა - ბერია და რედენსი ერთმანეთს დაუახლოვდნენ. ბერიამ შეფი კიდევ რამდენჯერმე დაპატიჟა. ერთხელ, როდესაც რედენსი კვლავ გაილეშა, ფრიად საინტერესო აზრი დაებადა:

- მოდი, ვიჭიდაოთ, - მიმართა ბერიას.

- მომერევით, სტანისლავ ფრანცევიჩ! - გაიცინა ბერიამ და ხელები ასწია.

- მართალია! - დაეთანხმა რედენსი, - ცალი ხელით მოგერევი, გინდა, ხელებზეც დავდგები!

- მჯერა! - მიუგო ბერიამ, - ამას ბავშვიც გააკეთებს. აი, ასფალტზე ხელებით სიარული კი შეუძლებელია.

- ასე გგონია?

რედენსი წამოდგა, გარეთ გავიდა და კიბეზე ბანცალ-ბანცალით ჩავიდა. ბერია მიჰყვა...

- აბა, მიყურე!

ამ სიტყვებზე გპუ-ს შეფი ხელებზე დადგა. ნასვამმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და იქვე წუმპეში გაიშხლართა. ბერია მივარდა და წამოაყენა.

- ხელი გასწიე! - დაიყვირა რედენსმა.

ბერიას აგენტებმა, რომლებიც მახლობლად იყვნენ დადარაჯებული, ყველაფერი ფირზე დააფიქსირეს. რედენსი კი არაფრის აზრზე არ იყო - გალეშილი ბერიას ლოშნიდა:

- ლავრეტი, ძმა ხარ! ძმა!

ამის შემდეგ გალეშილი რედენსი ხან ხელებზე დგებოდა, ხანაც დუქანში შევარდებოდა და ღრიალებდა: - მე გპუ-ს თავმჯდომარე ვარ! ყველანი ფეხზე წამოდექით, თორემ...

ლავრენტის მსტოვრები კი ყველაფერს აფიქსირებდნენ. ბერია ინფორმაციას მოსკოვში გზავნიდა. იაგოდა კი სტალინს ყველაფერს დეტალურად მოახსენებდა. ჰენრიხ გრიგორიევიჩი ხაზს უსვამდა იმას, რომ რედენსის გამოხდომებს სკანდალები მოჰყვებოდა და მათი ჩაქრობა მხოლოდ ლავრენტი ბერიას წყალობით ხერხდებოდა.

- ბერია? ჰო, ვიცი, ვიცი.

სტალინს კარგად ახსოვდა ლავრენტი, რომელმაც 1922 წელს საჯაროდ განაცხადა, საქართველოს გადავხნავო. მაშინ სტალინი თბილისში ჩამოვიდა და ელმავალმშენის მუშებს სიტყვით მიმართა. მუშებმა დაუსტვინეს, რადგანაც სტალინი რუსულად დაელაპარაკა. გაბრაზებულმა უკვე სუფრაზე, რომელიც ქართველმა ბოლშევიკებმა გაუშალეს, წარმოთქვა:

- საქართველოს სარეველა მოსდებია! უნდა გადაიხნას!

ამის გაგონებაზე ყველას ენა ჩაუვარდა. მხოლოდ ბერიამ თქვა,  - სარეველასაც აღმოვფხვრით და საქართველოსაც გადავხნავთო.

ამის შემდეგ სტალინს ახალგაზრდა ჩეკისტი სამუდამოდ დაამახსოვრდა. ამიერკავკასიის გპუ-ს თავმჯდომარის მოადგილეც   სტალინის წყალობით გახდა...

გადამწყვეტი დარტყმა

ბერია გადამწყვეტ დარტყმას გულდასმით ამზადებდა. მან რედენსი ჩვეულებისამებრ შინ დაპატიჟა და მეფური სუფრა გაუშალა. რედენსი ტრადიციულად გამოიბრუჟა და მორიგი იდეა დაებადა: მტკვარს გადავცურავო. ბერია თითქოს მის შეჩერებას შეეცადა...

- ხელი გამიშვი!

- სტანისლავ ფრანცევიჩ, გთხოვთ, არ გინდათ!

- შენი სახლიდან მტკვარი ახლოა, ჰოდა, აქვე გავიხდი.

გპუ-ს შეფმა ტანსაცმელი გაიხადა. ბერიას წინ  ტრუსების ამარა რედენსი იდგა. რომ არ წაქცეულიყო, ხელით მაგიდის კიდეს ჩასჭიდებოდა.

- ჩვენში ახალი მოდაა, - ჩაილაპარაკა ბერიამ, - ახალგაზრდობა უტრუსებოდ ბანაობს.

რედენსმა პასუხად დაიქშუტუნა და ტრუსებს ეცა. რამდენიმე წუთში სადარბაზოსთან დადარაჯებულმა მსტოვრებმა უნიკალური ფოტოები გადაიღეს: გპუ-ს გალეშილი შეფი ქუჩაში დედიშობილა მიბანცალებდა. ბერიამ ფოტოები სასწრაფოდ "მოსკოვს აფრინა". იაგოდამ ისინი სტალინს ჩააბარა.

- წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ვინმეს ამიერკავკასიის გპუ-ს თავმჯდომარე შიშველი რომ ეხილა. ბერია რომ არა...

იაგოდა გაჩუმდა, სტალინიც დუმდა. თვალები უელავდა.

ეპილოგი

სტალინი გადაწყვეტილებას ემოციების გარეშე იღებდა - რედენსის დასჯა მისთვის ხელსაყრელი არ იყო, ამავდროულად, მისი არც ამიერკავკასიაში დატოვება შეიძლებოდა. სტალინმაც რედენსი უკრაინაში გადაიყვანა. ამიერკავკასიის გპუ-ს კი სათავეში ბერია ჩაუდგა.

რედენსის რეპრესირების ჯერი 1938 წელს დადგა. სტალინის ბრძანებით ის დააპატიმრეს. ბერია ამ დროს მოსკოვში მუშაობდა, შინსახკომის თავკაცის, ეჟოვის მოადგილე გახლდათ. სტალინმა ლავრენტი საგანგებოდ გამოიძახა და ჰკითხა:

- რედენსი ხომ გახსოვს? თურმე ტროცკისტი და გერმანიის ჯაშუში ყოფილა!

- გასაგებია, - ჩუმად წარმოთქვა ლავრენტიმ.

- კაგანოვიჩი, მიქოიანი, სხვები რედენსის დახვრეტას მოითხოვენ. შენ რას იტყვი?

- მოღალატე უნდა დაიხვრიტოს! - წარმოთქვა ბერიამ.

თავისი პოზიცია მან წერილობითაც დაადასტურა.

1940 წელს რედენსი დახვრიტეს.

ნიკა თევზაძე