ვისი ნამუშევარია "გერნიკა"?! - კვირის პალიტრა

ვისი ნამუშევარია "გერნიკა"?!

1937 წელს პაბლო პიკასომ ესპანეთის რესპუბლიკის შეკვეთით შექმნა თავისი ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მასშტაბური ტილო - "გერნიკა". ნამუშევარი კუბიზმის სტილით იყო შესრულებული და გენერალ ფრანკოს მოკავშირე ფაშისტური გერმანიის ავიაციის (ლუფტვაფეს) მიერ ბასკური ქალაქის - გერნიკის სასტიკ დაბომბვას ასახავდა. დაბომბვის შედეგად ქალაქი, რომელიც ესპანეთში გაჩაღებულ სამოქალაქო ომში რესპუბლიკელთა ერთ-ერთი ბასტიონი იყო, მთლიანად განადგურდა. ათასობით ადამიანი შენობების ნანგრევებში ჩაიმარხა.

იმავე წელს ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, "გერნიკა" პარიზში გამართულ მსოფლიო ექსპოზიციაზე ესპანეთის პავილიონში გამოფინეს, რამაც ამ ბარბაროსული ფაქტის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების პროტესტი კიდევ უფრო გაამძაფრა.

გამოფენაზე მე-3 რაიხის სტილის ფაშისტური გერმანიის პავილიონიც იყო მოწყობილი,  თუმცა, ჰიტლერელები ჯერ კიდევ ერიდებოდნენ თავიანთი აგრესიული მიზნების საჯარო დემონსტრირებას, ამიტომ ესპანელების მიერ "გერნიკის" გამოფენის გამო უკმაყოფილებას არ მალავდნენ. ერთ-ერთი გერმანელი ოფიცერი ესპანეთის პავილიონშიც კი შევიდა და ტილოს ჩამოხსნა მოითხოვა, თანაც  ისტერიკულად გაჰყვიროდა: "ვისი ნამუშევარია ეს? ვისი ნამუშევარია?!"

ამ სცენას თავად პიკასოც შეესწრო, რომელიც მიუახლოვდა გაანჩხლებულ ოფიცერს და მშვიდად უპასუხა:

- თქვენი.

შედევრი ათწლეულების მანძილზე "მოგზაურობდა" მსოფლიოს სხვადასხვა საგამოფენო დარბაზში, ვინაიდან პაბლო პიკასომ ანდერძად დაიბარა, რომ ნამუშევარი მხოლოდ ფრანკოს რეჟიმის დამხობის შემდეგ ჩაეტანათ ესპანეთში.

ამ დღეს მხატვარი ვერ მოესწრო, იგი 1973 წელს გარდაიცვალა საფრანგეთში, თუმცა, რეჟიმი მაინც დაემხო და 1981 წელს "გერნიკა" ესპანეთში ჩაიტანეს.

ამჟამად ტილო მადრიდში, დედოფალ სოფიას სახელობის მუზეუმშია გამოფენილი.

ლადო გოგუაძე