"სტალინმა თვალი ჩამიკრა" - კვირის პალიტრა

"სტალინმა თვალი ჩამიკრა"

"რაც მთელი ცხოვრება მიკეთებია, ისევ იმას გავაკეთებ, "ჩემი ეზოდან" ფეხს ვეღარ მოვიცვლი"

დიდი ქართველი კინორეჟისორის, მიხეილ ჭიაურელის მრავალი წლის წინ გადაღებულ ბრწყინვალე ფილმებს დღესაც სიამოვნებით უყურებს ქართველი მაყურებელი, თუმცა სახალისო ფილმებთან ერთად იგი ე.წ. "საბჭოთა რეალიზმის" ამსახველ ფილმებსაც შესაშური ოსტატობით ქმნიდა და იოსებ სტალინის ფავორიტიც გახლდათ.

მსოფლიო პროლეტარიატის ბელადი იმდენად ენდობოდა მის ოსტატობას, რომ კრემლში გამართული განსაკუთრებული მიღებების გადაღების ხელმძღვანელობას ხშირად ქართველ რეჟისორს ანდობდნენ. ასე მოხდა 1948 წელსაც, როდესაც მთელი საბჭოთა კავშირი დიდი ბელადის 70 წლის იუბილეს ზეიმობდა. კრემლში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებას სხვა სოციალისტური ქვეყნების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, მათ შორის - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი მაო ძედუნი. მიხეილ ჭიაურელი ამ ორი ბელადის შეხვედრასაც ესწრებოდა.

"კრემლის უზარმაზარ სადღესასწაულო დარბაზში ჩამწკრივებული პოლიტბიუროს წევრების წინ დგას სტალინი და სტუმრებს ხვდება. იღება დარბაზის უზარმაზარი კარი და შემოდის ჩინეთის დელეგაცია, რომელსაც მაო ძედუნი მოუძღვის. იგი უახლოვდება სტალინს, უეცრად მუხლებზე ეცემა და ფეხებზე ეხვევა.

სწორედ ამ მომენტში, იქ შეგროვილ უამრავ სტუმარსა და კინოოპერატორებს შორის სტალინმა მე მომძებნა და, ნამდვილად არ მომჩვენებია, თვალნათლივ დავინახე, რომ თვალი ჩამიკრა. იმ წუთს მას ნამდვილი თბილისელი კინტოს გამომეტყველება ჰქონდა," - ასე იხსენებდა ამ შემთხვევას მიხეილ ჭიაურელი.

საბჭოთა იმპერიაში მოღვაწე რეჟისორს, სადაც შემოქმედებით თავისუფლებაზე ლაპარაკიც კი აკრძალული იყო, ერთხელ ჰკითხეს: სრული თავისუფლება რომ მოგცენ, თქვენი ნება რომ იყოს, რას გადაიღებდითო. მან მოულოდნელი პასუხი გასცა - ისევ იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვიღებდიო და თავისი განწყობა ასეთი ცხოვრებისეული მაგალითით დაასაბუთა:

"მამაჩემს ერთი ცხენი ჰყავდა. ყოველ დილას მოკრეფდა თავის ბაღში მოწეულ ბოსტნეულს, დაუდებდა და მიჰქონდა დუქანში, სადაც დაბნელებამდე ვაჭრობდა. ცხენი მთელი დღის განმავლობაში უქმად იყო და ბალახს წიწკნიდა. საღამოს ისევ მოიყვანდა პატრონს სახლამდე და სულ ეს იყო მისი სამუშაო. ერთხელ ჩვენთან მღვდელი მოვიდა და მამაჩემს სთხოვა, ეს ცხენი მთელი დღე უქმად რომ გიდგას, მომაქირავეო. იმასაც ჭკუაში დაუჯდა და მიაქირავა. მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც მამაჩემი დუქანში მიიყვანა, ცხენი მღვდელმა წაიყვანა და ბალდახინში შეაბა. დაუდეს მიცვალებული და გაემართნენ სასაფლაოსკენ. გზად ჩვენს სახლთან უნდა გაევლოთ. როგორც კი მოახლოვდნენ, ცხენმა დაადო თავი და ბალდახინი თავის მიცვალებულიანად ჩვენს ეზოში შემოაჩიქჩიქა. როგორ არ ეცადნენ, რა არ უქნეს, მაგრამ ეზოდან ფეხი ვერ მოაცვლევინეს. რაღას იზამდნენ, გაიდეს მხარზე კუბო და ასე გააგრძელეს გზა.

ასე ვარ მეც, რაც მთელი ცხოვრება მიკეთებია, ისევ იმას გავაკეთებ, "ჩემი ეზოდან" ფეხს ვეღარ მოვიცვლი".

ლადო გოგუაძე